სოსო მჭედლიშვილი: რ. დ. გ. (მოკლემეტრაჟიანი 40-წუთიანი კომედია-იგავის სცენარი)


Soso Mchedlishvili

სოსო მჭედლიშვილი

რ. დ. გ.
(მოკლემეტრაჟიანი 40-წუთიანი კომედია-იგავის სცენარი)
17.11.10 მე-2 ვარიანტი

© სოსო მჭედლიშვილი, 2005- 2007.
თბილისი

1
ინტ / დილა. ჩიხელიძეების ოთახი
ჩიხელიძეების სასტუმრო ოთახში მთავარი ადგილი ქათქათა თეთრზეწარგადაფარებულ
დიდ მაგიდას უკავია, რომლის ორსავე მხარეს დაწყობილია ბავშვის გარეცხილ-გაუთოვებული
თეთრეული და ტანსაცმელი – სახვევები, პაწაწინა მაისურები, პერანგები, შარვლები
და ქურთუკები. აქვე, გვერდზე დაწყობილია “პამპერსების” შეკვრაც. ნაირფეროვანი
ფეხსაცმელი კი, რომელსაც ათი თვის ბიჭი დანიშნულებისამებრ ჯერ-ჯერობით
ვერც კი იყენებს, კედელში ჩასობილ ლურსმნებზე ჰკიდია.
სამოცდაათს გადაცილებული დიდი ბებია შურა ათიოდე თვის შვილთაშვილს, ხვიჩას
ეთამაშება, ცდილობს ტანსაცმელი ჩააცვას, მაგრამ პატარა უძალიანდება, ჭინჭყლობს.
შურა
ქიცი, ქიცი, ქიცი, ჩემი ოქრო ბიჭი! ჩუ, ჩუ, დამშვიდდი!…
ჩემი თმახუჭუჭა ხვიჩა ვინ არის? ქიცი, ქიცი! ეს ვისი
კულულებია? ვისი ჭიპუკებია? ვისი კუტუკებია? ვისი
ჭუჭულებია?
შურა-ბებია ამაოდ ცდილობს შვილთაშვილის ყურადღება რაიმე სხვა საგანზე გადაიტანოს
– ხან სათამაშოებს ააჟღარუნებს, ხან ტანზე ეამბორება ხანაც ტაკოზე, ან კიდევ
ბიჭს სქესის მიმანიშნებელ ასოზე აკოცებს.
ქალის ზურგს უკან კარი გაიღება და წარმოშობით აზერბაიჯანელი მეზობლის ბიჭი
თავს შემოყოფს.
აიაზი
შურა დეიდა, შეიძლება სკამები წავიღო?
შურა
წაიღე, შვილო!
ბიჭი ხელს ორ მძიმე სკამს დაავლებს, ქალი კი მეზობელ ოთახში მყოფ რძალს, ნათიას
გადასძახებს
შურა
ნათია, მგონი შია, აჭამე, სანამ წახვალ!
(ხვიჩას)
ჩემი ვაჟკაცი ბიჭი ვინ არის? ჩემი მშიერი ანგელოზი ვინ
არის?! აბა შემახედეთ, ვინ უნდა შევჭამო?!… ვინ უნდა
შევსანსლო?! ვინ უნდა შევახრამუნო?! ჩემი სიცოცხლე!…
ჩემი იმედი!
ქალის ყოველი მცდელობა დაამშვიდოს შვილთაშვილი ამაოა, ამას კი გარედან შემოსული
ძახილი დაემატება.
ჯამილას ხმა
შურა, ჰაი, შურა!
შურა ბავშვს ხელში აიყვანს და გასასვლელ კართან მივა, გარეთ გაიხედავს
შურა
მოვდივარ, ჯამილა! ბავშვს ჩავაცმევ და ჩამოვალ!
ქალი უკან შებრუნდება. ამასობაში კი ოთახში სამსახურში წასასვლელად გამზადებული
ნათია შემოვა და შურას ბავშვს გამოართმევს.
2
ნათია
ახლახან ვაჭამე!… სად ჩასდის, ნეტავი ამდენი საჭმელი?!
შურა
რა ქნას, ეჩქარება ჩვენს ხვიჩას გაზრდა! უნდა
მოღონიერება, დავაჟკაცება!
ნათია
(ხვიჩას ჩაიხუტავს)
ჩემი სიცოცხლე! გეჩქარება ერის სამსახურში ჩადგომა?
ხვიჩა საწადელის ახდენის სიახლოვეს იგრძნობს და დამშვიდდება. ნათია გაიხსნის
პერანგის ღილებს და ბიჭიც დედის მკერდს დანატრებულივით დაეძგერება.
ფ ი ლ მ ი ს ტ ი ტ რ ე ბ ი
10-12 წლის ხვიჩას ხმა (კადრს მიღმა)
ძნელი სათქმელია, ეს ამბავი როდის დაიწყო. დღევანდელ
დღეს? გუშინ? მაშინ, როცა დავიბადე, თუ ხუთიოდე
საუკუნის წინათ?… ამ ქვეყნად მიზეზებს და მათ შედეგებს
რა გამოლევს, მაგრამ მიზეზთა მიზეზს ოდესმე ხომ უნდა
მივაკვლიოთ?… კაცობრიობა უზარმაზარ ხომალდს წააგავს,
რომელიც დროის დინებას მიუყვება, ნებისმიერი ამბის
თხრობა სათავიდან, ადამ და ევას, ან, გნებავთ, პირველი
ევროპელი ზეზვასა და მზიას დროიდან შეიძლება დაიწყოს…
შეიძლება, მაგრამ ჩვენ ამ შესაძლებლობას დროის
დაზოგვის მიზნით გავურბივართ ხოლმე.
მას შემდეგ, რაც ხვიჩა დანაყრდება, ნათია პერანგზე ღილებს შეიკრავს და შვილს
ბებიას გადასცემს, თვითონ კი გასასვლელისკენ გაემართება.
ხვიჩას ხმა (კადრს მიღმა)
(აგრძელებს)
მეც ამავე მიზეზს ამოვეფარები და თხრობას პირდაპირ იმ
დილის ამბით დავიწყებ, როცა ჩვენმა კარის მეზობელმა,
ლონდონიდან ტიუმენში მიმავალმა ბიძია ჰუსეინმა,
როგორც იქნა, დიდი ხნის შინ არყოფნის შემდეგ მოახერხა
გზად მშობლიურ სახლს სწვეოდა.
დანაყრებული ბიჭი აღარ ჭინჭყლობს, პირიქით, იღიმება, ასე რომ მისთვის ტანსაცმლის
ჩაცმა მოალერსე ბებიას აღარ გაუჭირდება.
ხვიჩას ხმა
(აგრძელებს)
დედაჩEმს იმ დილას, ჩვეულებისამებრ, სამსახურში
ეჩქარებოდა. ჩემი დიდი ბებია კი ჩვენს მეზობელს,
ჯამილა-დეიდას შეჰპირდა, რომ მისი ვაჟის პატივსაცემად
მის საყვარელ კერძს, საცივს შეკაზმავდა.
შურა Gაწყობილ-გამზადებულ ხვიჩას თმებზე ხელს გადაუსვამს, ხელში აიყვანს და
ოთახიდან გადის
2. Eქსტ / დილა. ჩიხელიძეების სახლი
შურას ხვიჩა ხელში უჭირავს და ორსართულიანი კოტეჯის მეორე სართულიდან კიბეებს
დაბლა ჩაუყვება
3
ხვიჩას ხმა
(აგრძელებს)
იცით, შურა-ბებია რა გემრიელ საცივს აკეთებს? ამის
აღწერას ცალკე ამბავი შეიძლება მიეძღვნას! მართალია,
იმხანად ბებიაჩემის საცივი არც მე მქონდა გასინჯული,
მისი გემო მოგვიანებითღა შEვიტყე. და დავრწმუნდი –
შურა-ბებიას რომ დალოცვილი ხელი აქვს, კაცობრიობად
წოდებულ ხომალდზე ცოტა ვინმეს თუ მოეძებნება!
ეზოში ჩასული შურა გარეთ, მზეში გამოტანილ მანეჟს მიუახლოვდება, რომელშიც მათი
მეზობლის ბიჭი, ხვიჩას კბილა ნეჯათი თამაშობს.
შურა
როგორ ხარ, ნეჯათ? ბიძაშენი ჯერაც არ ჩამოვიდა?
პასუხად ნეჯათი მხოლოდ გაუღეიმებს. შურა თავის შვილისშვილსაც მანეჟში ჩასვამს,
ძირს დაგდებულ სათამაშოს გაუწვდის
შურა
(აგრძელებს)
აბა თქვენ იცით, არ იჩხუბოთ! რამე თუ გაგიჭირდათ,
სამზარეულოში ვიქნები.
ერთ მანეჟში აღმოჩენილ ბავშვებს გარშემო ნაირ-ნაირი სათამაშოები არტყიათ,
გასაყოფი ცოტა რამე აქვთ, ასე რომ ბიჭები მშვიდად, გააგრძელებენ თამაშს.
ცოტა ხანში ბიჭების ყურადღებას ცხვრის ბღავილი მიიპყრობს და ისინიც ეზოში
შემოსასვლელ ჭიშკრის მიმართულებით შემოტრიალდებიან.
ოჯახის ერთ-ერთი ახლობელი ეზოში ცხვარს შემოიყვანს და გვერდით, ბაღის მიმარ-
თულებით გარეკავს. მაგრამ ამით საინტერესო და ღირსშEსანიშნავი მოვლენები არ
დასრულებულან – გარედან გაისმის მანქანის დამუხრუჭების ხმა, ჭიშკარი კიდევ
ერთხელ გაიღება და ეზოში ბაზრიდან ჩანთებით დატვირთული ორი სახლიკაცი შემოვა,
სამზარეულოსკენ გაემართება.
3. ინტ / დილა. ალიევების სამზარეულო
ალიევების ოჯახის სამზარეულოში, ჩართული ტელევიზორის ფონზე რამდენიმე ქალი
ფუსფუსებს, ნაირ-ნაირ კერძებს ამზადებენ. მათ შორის შურაცაა, თავის მეზობელს,
ჯამილას ესაუბრება.
შურა
ნეჯათის მამა რატომ არ ჩამოდის?
ჯამილა
საქმე-მაქმე ბევრი არის! აგერ, ჰუსეინიც ლონდონიდან
მოდის, ორ დღეში ტიუმენში გაფრინავს!
შურა
კარგია, კაცს საქმე და სამსახური როცა გაქვს! ჯამილა,
მიხაკს სად ინახავ?
ჯამილა ბროწეულის გარჩევას შეწყვეტს ხელს თაროსკენ გაიშვერს და ტელევიზორის
ეკრანის შემყურე გაშეშდება.
შურა (გააგრძელებს)
ჯამილა!
4
ჯამილა
ჰუსეინი!
შურა
ჯამილა, მიხაკი სად გაქვს?
ჯამილა თითს ტელევიზორის ეკრანს ატაკებს, რომელზეც თბილისის აერორტში
ჩამოსული სამი ტიბეტელი ბერი კორესპონდენტს ინტერვიუს აძლევს.
ტელეკორესპონდენტი
…შორეული ტიბეტიდან ჩამოსული ბერები საქართველოს
იშვიათად სტუმრობენ, მით უმეტეს, ერთბაშად სამი კაცი
ჩამობრძანდით…
ჯამილა
აქ იყო! ჩემი ჰუსეინი! გეფიცები! აი, აქ ჩამოიარა! ვერც
ვიცანი, ისე უცნაურად ეცვა!
შურა
ალბათ მოგეჩვენა.
ჯამილა კარადიდან მომცრო ქილას ამოიღებს და შურას გაუწვდის. ტელევიზორის
ეკრანზე კი ტიბეტელი ბერი დასმულ შეკითხვაზე პასუხობს.
ტიბეტელი ბერი
…მოგეხსენებათ, ბუდას მიმდევრები ერთადერთ ჭეშმარიტ
რეალობად ყოველ ჩვენგანში ჩაბუდებულ სულს აღვიქვამთ.
უკვდავი მხოლოდ ის არის და კარმას კანონს დაქვემდებარებული,
სამყაროში ერთი სხეულიდან მეორეში გადადის.
ჩვენმა დიადმა მასწავლებელმა ეს სამყარო თითქმის ორი
წლის წინ მიატოვა; მას შემდეგ ჩვენ მედიტაციებს
ვატარებთ, მის მორიგ გარდასახვას დავეძებთ…
გარედან მანქანის საყვირის ხმა გაისმის და სამზარეულოში შეკრებილი ქალები შეფუცხუნდებიან,
სარკმელს მისცვივდებიან, ჯამილა კი წინსაფარზე ხელებს შეიწმენდს და
გარეთ გავარდება.
ექსტ / დღე. ეზო კოტეჯის წინ.
ეზოში გამოსული ჯამილა მანეჟს მიუახლოვდება, თავის შვილისშვილს, ნეჯათს ხელში
აიყვანს და ეზოში შემოსულ ვაჟს, ჰუსეინს შეეგებება.
ძვირფას კოსტუმში გამოწყობილ ჰუსეინს მიხვრა-მოხვრაში, ეზოში შეკრებილ მეზობლებსა
და ნათესავებთან მისალმებაზე ეტყობა, რომ შეძლებული კაცი უნდა იყოს. ამ შთაბეჭდილებას
კი მისი თანმხლები, ბუღას მგვანი გარეგნობის ბეხლეწი რუსი მცველი
ამაგრებს. მცველს ხელთ უფროსის ბარგი – ჩემოდანი, ჩანთა და მგზავრობისას კოსტუმების
შესანახად ტყავისგან დამზადებული რამდენიმე კონტეინერი მოუმარჯვებია.
გაისმის მობილური ტელეფონის ზარის ხმა და ჰუსეინიც ჯიბეზე გაიკრავს ხელს. ჯერ
ერთ მობილურს ამოიღებს, შემდეგ მეორეს, მაგრამ ზარის ხმა არ წყდება. უფროსს მისი
მცველი, დიმა მიუახლოვდება და მარცხენა ჯიბეზე მიუთითებს. როგორც იქნა, ჰუსეინი
საჭირო ტელეფონს მიაკვლევს და გვერდზე გაიწევა, უპასუხებს
ჰუსეინი
Да, дорогой, я только-только зашел в дом… (გაოგნებული)
Что? Как это – поймали? А где Энвер?… А Толик где?… Э-э,
5
как можно!… Толик ведь русский?!
ჰუსეინი ტელეფონს გათიშავს და დაფიქრდება, მის ხელის გულზე დადებულ მობილურებს
დააკვირდება, ბოლოს ოთხივეს ჯიბეებში გადაანაწილებს და ადგილობრივ ნათესავებს
მიუბრუნდება
ჰუსეინი
ერთი ტელეფონზე დამარეკინეთ, თუ ხალხი ხართ!
ერთ-ერთი ნათესავი ჯიბიდან ტელეფონს ამოიღებს, ჰუსეინისკენ გაემართება, მაგრამ
მას გულაჩუყებული ჯამილა დაასწრებს და შვილს გულში ჩაიკრავს, თვალები ცრემლით
აევსება. ჰუსეინი, ცდილობს არაფერი შეიმჩნიოს, დედას ეამბორება და მის ხელში
აყვანილ ბავშვს შეხედავს
ჰუსეინი
კარგი, კარგი! დამშვიდდი!… ეს… ნეჯათია?
ჯამილა
ჰო, ეგ არის. რამ შეგაწუხა, შვილო, ხომ მშვიდობაა?
ჰუსეინი
ჰო, აბა?!… (ნეჯათზე მიუთითებს) კაი ვაჟკაცი ჩანს! ემინს
მაგრად გაუხარდება!
ჯამილა ბავშვს ჰუსეინს ხელში შეაჩეჩებს და ისიც იძულებულია გამოართვას, მცველს
შემოუტრიალდება.
ჰუსეინი
Дима, сними нас!
დიმაც ბარგს იქვე დადებს, ქამარზე მიმაგრებული ბუდიდან ციფრულ კამერას ამოიღებს
და მის ობიექტივს ახლადშეხვედრილ ნათესავებს მიუშვერს.
მაგრამ ეკრანზე ჰუსეინის დამანჭული სახე გამოჩნდება. დიმა ახლადგადაღებულ სურათს
დააკვირდება, ჰუსეინი კი ნეჯათს ჯერ ჯამილას მიაწვდის, შემდეგ კი დისშვილის მიერ
დასველებული პიჯაკის გაწმენდას შეუდგება. ბოლოს იგი პიჯაკსაც გაიხდის და მცველს
მიაწვდის.
ჰუსეინი
На, возьми!
ამასობაში ჯამილა პატარა ნეჯათს შარვალს ჩაუწევს და სახვევს გამოუცვლის.
ჯამილა
არა გრცხვენია?! ბიძაშენი პირველი შეხვედრისთანავე
დაასველე?
ჰუსეინი დისშვილს დახედავს და გაოგნდება
ჰუსეინი
ეგ რა არის?
ჯამილა
რა არ მოგეწონა?
ჰისინი
წინა ამისთვის ჯერაც არ დაგიცვეთიათ?
ჯამილა
6
არა!
ჰუსეინი
მერე? რას უცდით?
ჯამილა
რა დროის ამის “სუნდათია”? შენ ოთხი წლის იყავი, როცა
დაგიცვითე!
ჰუსეინი
მერე კარგია?
ჰუსეინი ერთ ხანს დაფიქრდება, ბოლოს გადაწყვეტილებას მიიღებს.
ჰუსეინი
ბატკანი ხომ დაკალით? ხალხი ხომ მოდის?
ჯამილა
აბა?! შენთვის შურა საცივსაც აკეთებს!
ჰუსეინი
ჰოდა, ჩირვა მოიყვანეთ, სანამ აქა ვარ, დაუცვითოს!
ჯამილა გაბედავს შვილს სიტყვა შეუბრუნოს
ჯამილა
ჩვენი ჩირვა ორი კვირის წინ დავასაფლავეთ!
(ნეჯათზე მიუთითებს)
ესეც პატარაა! არც მამამისია აქ!
ჰუსეინი
რა გითხარი, დედა? მე ხომ აქ ვარ ჯერ-ჯერობით!
(ეზოში შეკრებილ ნათესავებს მიუბრუნდება)
ამ დაწყევლილ ტელეფონზე არავინ დამარეკინებს? ჩირვა
კი რუსთავიდან ჩამოიყვანეთ! ჩქარა!
(მცველს მიმაზრთავს)
Димыч, поезжай с ними, чирву-мирву привези! Из парня
мужчину надо сделать!
ერთ-ერთი სახლიკაცთაგანი ჰუსეინს თავის მობილურს მიაწვდის და ეს უკანასკნელი
ბაღისკენ გაემართება, მის ზურგს უკან შეკრებილი ნათესავები კი ბრძანების შესრულებას
შEუდგებიან
5. ინტ / დღე ბაღი ალიევ-ჩიხელიძეების კოტეჯის უკან
ოდნავ მოგვიანებით, ბაღში, ხის ტოტზე პირდაღმა, კაუჭზე, დაკლული ცხვარი ჰკიდია
და მას მამაკაცი დასტრიალებს, ატყავებს.
შორიახლოს ბაღში, ხეებს შორის მოჩანს ტელეფონზე მოსაუბრე ჰუსეინი – აღელვებული
რეკავს, მობილურის გათიშვის შემდეგ კი ახალ ნომერს კრეფს.
სახლის წინ კი პატარა ნეჯათი და ხვიჩა მანეჟში სხედან და თავს თამაშით იქცევენ.
უფროსებიდან მათთვის არავის სცხელა, თუმცა ბიჭები ზედამხედველების გარეშEც თავს
კარგად გრძნობენ.
6. ინტ / დღე. მანქანის სალონი
7
მანქანის სალონში მძღოლის გვერდით ჰუსეინის მცველი დიმა ზის, უკან სავარძელზე კი
მაჰმადიან აზერბაიჯანელთა წინას დამცვეთი ჩირვა მოკალათებულა. მუხლებზე მას
თავსახურახდილი კეისი უდევს, საოპერაციო იარაღს ამოწმებს.
მძღოლი
შინ ხომ არაფერი დაგრჩა? იცოდე, ჰუსეინი მაგარი
ავარდნილია, ჩქარობს! ეს რუსიც ამიტომ გამოგვაყოლა.
ჩირვა
ჩემი იარაღი რაა – კანს გამოწევ და ჩამოათლი! მთავარია
კარგად გალესო!
მძღოლი
მერე იაღლიში არასდროს მოგსვლია?
ჩირვა
ქემალს ასე იცნობ? დღეს ქიტანი შვიდას ორმოცდამეერთე
კაცს უნდა ჩავუტარო!
7. Eქსტ / დღე. ეზო სახლის წინ
სახლის წინ მანეჟში მოთამაშე ნეჯათი ატირდება. შორიახლოს, ონკანთან შურა
მწვანილის რეცხვას მოათავებს და სამზარეულოსკენ გაემართება. გზად იგი მანეჟთან
გაჩერდება, ნეჯათს საცვალს შეუმოწმებს, იგრძნობს რა უსიამო სუნს, ბიჭს ხელში
აიყვანს და გაიყოლებს, თან ბებიამისს ეძახის.
შურა
ჯამილა, მოდი, ბავშვს მიხედე, გამოსაცვლელი აქვს!
სამზარეულოდან ჯამილა გამოვა, შვილისშვილს ხელში აიყვანს და მეორე სართულზე
ამავალ კიბისკენ გაემართება.
8. Eქსტ / დღე. ბაღი სახლის უკან
სახლის უკან, ბაღში ჰუსეინი სატელეფონო მოლაპარაკებებს აგრძEლებს.
ბაღის შესასვლელში დიმა და ჩირვა გამოჩნდებიან, ჰუსეინისკენ გამოემართებიან, უკან
მომავალი მძღოლი კი ცხვრის გამტყავებელ მეგობართან მივა, საუბარს გაუმართავს.
ჰუსეინი მცველს შორიდანვე შეამჩნევს, საუბარს ერთი წამით შეწტვეტს, მიკროფონს
ხელს დააფარებს და შესძახებს.
ჰუსეინი
Ну как, привез?
დიმა
Я даже заставил его помыть руки!
ჰუსეინი
Тогда неси ребенка, нам надо поторопится!
ჰუსეინი ჩირვას ხელით ანიშნებს იარაღები შორიახლოს, ბაღის ტალავერში, მაგიდაზე
გააწყოს, თვითონ კი ტელეფონით საუბარს გააგრძელებს.
ჩირვაც მაგიდასთან მივა, კეისს სახურავს ახდის და იარაღების გაწყობას შეუდგება.
ჰუსეინი ტელეფონს გათიშავს და ჩირვასთან მივა, ხელს ჩამოართმევს.
8
ჰუსეინი
სალამი, შენი!
ჩირვა
გაგიმარჯოს!
ჰუსეინი
რუსთავიდან ჩამოგიყვანეს?
ჩირვა
ქემალას ქიტანი მარნეულშიც, თბილისშიც და დმანისშიც
გაუკეთებია!
ჰუსეინი
ჰო, გავიგე მაგარიაო!
ჩირვა
Ти што, ერთხელ კრასნოდარშიც წამიყვანეს!
ჰუსეინი
ყველაფერი მზად არის? იცოდე, ძალიან მეჩქარება!
ბაღის შესასვლელში დიმა გამოჩნდება ბავშვით ხელში.
ჩირვა
ქემალამ თავის საქმე ასიანზე იცის! ისე მოვათლი – ხმას
არ ამოიღებს!
ჩირვა ერთჯერად შპრიცს გააწყობს და ნოვოკაინის ამპულას თავს წაატეხს. მათ დიმა
მიუახლოვდება ბიჭით ხელში
დიმა
Может мне уйти?
ჩირვა
Нет, дорогой! Просто сними с него штаны.
დიმა
Ничего что я, христианин присутствую при этом?
ჩირვა შპრიცს ამპულიდან ამოწოვილი ნოვოკაინით შეავსებს, ზედმეტ ჰაერს გამოდევნის
და ბიჭის ასოსკენ დაიხრება.
ჩირვა
Наоборот! Ты присутствуешь на очень большом празднике
чистоты! По-àрабски “китан” называется.
ქემალი თავისი მოუხეშავი თითებით ბიჭის ასოს თავზე კანს შეამოწმებს, დარწმუნდება
რა, რომ ანესთეზიამ იმოქმედა, კანს კიდევ უფრო გამოწევს, მეორე ხელს კი კეისში
ჩაყოფს და იქედან მეწაღის დანის მგვან ბასრ იარაღს ამოიღებს…
9. Eქსტ / დღე. ეზო კოტეჯის წინ
წინადაცვეთილი ბიჭი ჰუსეინს გულში ჩაუხუტებია, ყურში რაღაცას ეჩურჩულება,
ამშვიდებს და ბაღიდან გამოდის, სახლისკენ მოემართება, დედას ეძახის.
ჰუსეინი
9
დედა! მოდი, ბავშვი გამომართვი!
კოტეჯის მეორე სართულის ბინიდან ჯამილა გამოდის ნეჯათით ხელში, კარს გამოიკეტავს
და სახლის კიბეებს ჩამოუყვება, ასე რომ დაბლა ჩამოსული, იგი საკუთარ ვაჟს
ეზოს შუაგულში შეეჩEხება.
უხმო სცენა.
სამზარეულოდან შურა გამოდის დიდი ქვაბით ხელში და თავიდან ვერც კი მიხვდება,
ხელებში ბავშვებაყვანილი ჯამილა და ჰუსეინი უხმოდ რატომ მისჩერებიან ერთმანეთს.
ბოლოს შურას ქვაბი ხელიდან გაუვარდება და მზა საცივი მიწაზე დაიღვრება.
მსუყე კერძს ეზოში მოფუსფუსე ქათმები და იხვები შეესევიან, კენკვას დაუწყებენ.
10. ინტ / დღე. სასწრაფო დახმარების სადგურის სადისპეტჩერო
სასწრაფო დახმარების რაიონული სადგურის სადისპეტჩეროში ორი თანამშრომელი ქალი
ზის, იღებენ შეტყობინებებს – გულნაზის მოვალეობაა შემომავალ ზარებს უპასუხოს,
მისამართი ჩაწეროს, ნათია კი დანიშნულებებს ბრიგადებს შორის ანაწილებს. გულნაზი
ტელეფონის ყურმილს აიღებს და საწერ კალამს მოიმარჯვებს
გულნაზი
სასწრაფო დახმარება ნოლ-სამი გისმენთ, გვარი და
სახელი… დამშვიდდით, ქალბატონო, ამას სასწრაფო
რად უნდა? ნახევარი რაიონის მამაკაცებს მანდ კანი
აკლიათ… – უი, ქართველია? მაშინ ჩასვით მანქანაში
და მიიყვანეთ საავადმყოფოში… ჰო, თბილისში… ჰო-ო,
ბებიას სასწრაფო ნამდვილად უნდა. რა გვარია?
მისამართი… ჰო, ახლავე გადავცემ.
გულნაზი დადებს ყურმილს და გამოწერილ ქვითარს გვერდზე მჯდომ ნათიას მიაწვდის
გულნაზი
რა ხართ ეს ქართველები! ყველაფერზე ალიაქოთს სტეხთ!
ნათია
რა ხდება?
გულნაზი
რა და სუნდათი შეცდომით ქართველს გაუკეთეს!
ნათიას ჩაეცინება, ქვითარს გამოართმევს, ქაღალდზე დაწერილი მისამართის გაცნობის
შემდეგ კი ფერი ეცვლება
ნათია
სხვას ჩაუტარეს?
გულნაზი
კანი მანდ არც ერთ მუსლიმანს არ აქვს! არც მამაჩემს
ჰქონდა, არც ჩემს ქმარსა აქვს და არც სამივე ბიჭს! მარა
შეხედე, რა ვაჟკაცებია!
ნათია გაფითრდება და ბოლოს გონება წაუვა
გულნაზი
ნათი! ნათი?… ეჰ, რანაირი სუსტები ხართ, ეს ქართველები!…
(ფეხზე წამოხტება) სასრაფოს გამოუძახეთ, სასწრაფოს!
10
11. Eქსტ / დღე. ბაღი კოტეჯის უკან
ალიევების სახლში შეკრებილი სტუმრები ბაღს შესევიან და ჩამოთლილი კანის ნარჩენებს
ბალახში ეძებენ. ჩირვა თავს იმართლებს, ხის ტოტზე მიუთითებს, მოწმედ ჰუსეინს
მოიხმობს
ჩირვა
სად გაქრა, ის დალოცვილი? აგერ, ამ ტოტზე არ
ჩამოვკიდე?! – “ალალი იყოს-მეთქი”, ვთქვი! ისიც კი
გავიფიქრე, მარა შენთვის არ მითქვამს – ჩიტი-გვრიტები
თუ შEჭამენ, მაგრად გაუსწორდებათ! მადლია!
ჰუსეინი
აღარ მოკეტავ? გვრიტები გვინდა ახლა?
ჩირვა
მე რა შუაში ვარ? – ბიჭი მომიყვანეს და პატივიც დავდე!
ხალხი-მალხი იმას რომ იძახის – ქერიმას ოქროს ხელები
აქვსო – ხალხს პატივს არა სცემ?
(დიმას მიუბრუნდება)
Ты зачем грузина от азербайджанца не отличаешь?!
დიმა მიწაზე დაფოფხავს, ისიც კანის ნარჩენს ეძებს.
დიმა
Оба черные, оба маленькие! Как их различить?!
ჰუსეინი
Э-э, Димыч! Большой всегда из маленького вырастает!
ჰუსეინის აფორიზმების ფრქვევას ჩირვას შეძახილი შეაწყვეტინებს, რომელიც
შორიახლოს მოფუსფუსე ქათამს ეძგერება
ჩირვა
აგერ არის, დაიჭირეთ! დაიჭირეთ!
შეკრებილები წითური ქათმის მიმართულებით შეტრიალდებიან და ჩირვას აჰყვებიან,
დამფრთხალი ფრინველის დაჭერას შეეცდებიან, რომელმაც მიწიდან რაღაც მოკენკა და
მამაკაცის შეძახილით დამფრთხალმა, იქედან “თავქუდმოგლეჯილმა” მოკურცხლა.
12. Eქსტ / დღე. მტვრიანი ქუჩა რაიონულ ცენტრში
რაიონული ცენტრის მტვრიან ქუჩაზე სასწრაფო დახმარების მანქანა მოდის და საყვირის
აუტანელი ხმით და ანთებული გამნათებლებით შუა ქუჩაში წამოწოლილ საქონელსა და
ძაღლებს აფრთხობს. თუმცა, ყველა ძაღლი ზარმაცი გორისა არ გამოდგება, ერთი
მათგანი მანქანას გამოეკიდება, უკანა ბორბალს უყეფს. მისდა სამწუხაროდ, გამარჯვება
მაინც პროგრესულ ტექნოლოგიებს ერგება და დამარცხებული ცხოველი თავის ძველ
ადგილს კუნტრუშით დაუბრუნდება.
13. ინტ / დღე. სასწრაფო დახმარების მანქანის ინტერიერი
სასწრაფო დახმარების მანქანის საკაცეზე ნათია წევს და მას თავზე ექიმი და ექთანი
დასტრიალებენ, ახალგაზრდა ქალს ასულიერებენ. როგორც იქნა, ნათია თვალებს
გაახელს. ექთანი მას ბოთლით წყალს შესთავაზებს:
ექთანი
11
წყალი დალიე, გესიამოვნება…
ნათია
ასე როგორ უნდა იაროს ჩემმა ანგელოზმა?! სირცხვილით
თავი სად გამოვყო?!
ექთანი
ეჰ, ყველაფერს ღმერთი განაგებს!
ექიმი
ნათია, ნურაფრის გეშინია! ერთ საათში მიუკერავენ და
ვერავინ ვერასდროს ვერც ვერაფერს მიხვდება!
ექთანი
ზოგს უარესიც მოსვლია! აგერ, ჩემმა მეზომელმა…
ექიმი ექთანს სიტყვას გააწყვეტინებს
ექიმი
კარგი ახლა, მაზონა! (ნათიას) ყველაფერი კარგად იქნება!
ნათია
ბიჭი რომც გადარჩეს, მამამისს რა ვუთხრა?! მამამისს!
14. Eქსტ / დღე. ტყე
სამხედრო საკამუფლაჟო ფორმაში გამოწყობილი იარაღასხმული გოჩა, რომელსაც სახეზეც
გრიმი აქვს წასმული, ჩაცუცქულა და ბუჩქებს შორის მალვით მიიპარება, უცებ
გაჩერდება, გაირინდება. ტყეში ჩამი-ჩუმი არ ისმის. მამაკაცი შორიახლოს გარინდებულ
მეგობარს მიუტრიალდება, რომელსაც მასავით კამუფლაჟი აცვია, ხელით გადაადგილების
მიმართულებას ანიშნებს და გზას გააგრძელებს.
მეორე კამუფლაჟიანი მეომარი იარაღს შეამოწმებს და მითითებული მიმართულებით
გაემართება.
15. Eქსტ / დღე. ქუჩა კოტეჯის წინ
კოტეჯის წინ ქუჩაში უამრავი ქართველი მოსახლე შეკრებილა. აღელვებულები ბჭობენ
მიხო
გაუგონარი ამბავია!
სანდრო
დაგვარბიეს!
ვალოდია
მერამდენედ!
მიხო
ჯალადედინმა თავის დროზე ხალხს არჩევანი მაინც
გააკეთებინა – გინდა მაჰმადიანობა – იცოცხლე, არ გინდა
– კარგად იყავი!…
სანდრო
მერე, ექვსი თვის ბალღს რა გინდა ჰკითხო?!
12
ვალოდია
ათისაა!
სანდრო
მით უმეტეს!… ასე პირში ჩალაგამოვლებულები უნდა
ვიდგეთ? ტელევიზიაში მაინც დავრეკოთ!
მიხო
ჰო! შალვას მამიდაშვილის მძახალის დის ბიძაშვილი
“რუსთავზე” მუშაობს.
სანდრო
(გონებაში ნათEსაურ ურთიერთობას
დაალაგებს)
შალვას მამიდაშვილის… მძახალის… დის… ბიძაშვილი…
შალვა სადღა ვნახოთ?
ვალოდია
სად და, ეგერაა ჩვენი შალვა!
მოსაუბრეები შალვას მიმართულებით გაემართებიან, რომელიც თავის გარშემო
შეკრებილებს ასევე ცხარედ ეკამათება.
საპირისპირო მხრიდან სახლს სასწრაფოს მანქანა მიუახლოვდება და შეკრებილები ნელნელა
გაიწევიან, გზას დაუთმობენ.
მანქანიდან ნათია გადმოვა ექიმისა და ექთნის თანხლებით და სამივე ქალი ეზოში
გაუჩინარდება.
შორიახლოს, მცირე მოლაპარაკების შემდეგ შალვა მობილურს მოიმარჯვებს და ნომერს
აკრეფს.
16. Eქსტ / დღე. ეზო კოტეჯის წინ
კოტეჯის წინ ეზოში ნათია თავის ვაჟკაცს გულში იხუტებს, ეფერება, მის ზურგს უკან
კი ექიმი და ექთანი ბავშვის დიდ ბებიას, შურას ნელ-ნელა ფეხზე წამოაყენებენ.
ნათია
რა გიყვეს, ჩემო ანგელოზო, რას დაგამსგავსეს?! როგორ
დაგასახიჩრეს, ჩემო ერის იმედო? “ზედმეტი ხორციაო”!…
ძუძუს განა იმისთვის გაწოვებ, ამ ურჯულოებს ეგ
“ზედმეტი ხორცი” რომ ჩამოეთალათ?!
ნათიას ჯამილა მიუახლოვდება.
ჯამილა
ნათია!
ნათია
არ მომიახლოვდე, ჯამილა დეიდა!… არაფერი მითხრა!
გაფრთხილების მიუხედავად ჯამილა ნელ-ნელა უახლოვდება ნათიას.
ჯამილა
მოვალ, რა!… დაგელაპარაკები!
ნათია
არა!
13
ჯამილა
ნათია, რაღაცას გეტყვი!
ნათია
ახლა რით გინდა გამახარო?
ჯამილა
ჩემი ბიჭი ყველაფერს იზამს! შეიძლება დაგელაპაროკოს?
ნათია
არა, არ მინდა! არ დამანახოთ!
ჯამილა
როგორც იტყვი! ეს ხომ მაინც უნდა გამომართვა!
ჯამილა პოლიეთილენის პარკით კანის ნარჩენებს გაუწვდის
ნათია
ეს რა არის?
ჯამილა
რაც მოაჭრეს… რამე-რუმე, ცოტა დაშავდა…
მას შემდეგ, რაც ნათია მიხვდება, მეზობელმა რა გაუწოდა, იგი კვლავ აქვითინდება.
ნათია
ხედავ, ხვიჩა, ეს შენი ნაწილია! ამ დილას ჩემს ვაჟკაცს
რომ გამშვენებდა!
ნათიას სასწრაფო დახმარების ექიმი მიუახლოვდება და პოლიეთილენის პარკს
გამოართმევს, სინათლეზე გახედავს.
ექიმი
ეს რა არის? (დააკვირდება) რა სჭირს?
ჯამილა
არაფერი
ექიმი
რა დღეშია! ამას კანს ეძახი?
ჯამილა
ცოტა რამე… ქათამმა უკბინა
ნათია
ვაიმე, დედიკო, რა გიყვეს შვილო!
ექიმი გადაწყვეტს საკითხი აღარ გაამწვავოს და ნათიას დააჩქარებს
ექიმი
წავედით! დრო ცოტა გვაქვს!
ნათიას კვლავ ჯამილა შეაჩერებს და ხელში დაკეცილ ფულს გაუწვდის.
ჯამილა
ესეც გამომართვი!
ნათია
რა არის?… (მიხვდება) არა, რა დროს ფულია!
14
ჯამილა
გამომართვი! პრობლემა-მრობლემა რომ არ იყოს, რა!
ჯამილა ფულს ძალად შეაჩეჩებს და ნათიაც ექიმს უკან გამოჰყვება, თან ფულს
გადაითვლის, ქვითინებს.
ნათია
ხედავ, ხვიჩა, შენი კაცური ღირსება უკვე ფულიც ღირს!
ექიმი შემოუტრიალდება.
ექიმი
რამდენია?
ნათია
ათასი
ექიმი
ათასიო?…
ნათია
ჰო, ათასი. დოლარი!
ექიმი
მერე ოპერაცია რა ფულით გინდა გააკეთო?
ნათია
არ ეყოფა?
ექიმი
ამ ფულად ექიმი არც დაგელაპარაკება! თანაც კომპენსაცია
ხომ უნდა დაგრჩეს! აბა, ამ ქალს დაუძახე!
ნათია
როგორ ვუთხრა?
ექიმი
როგორ და პირდაპირ! ქართულად!
ნათია
ჯამილა დეიდა!
ჯამილა ნათიას და ექიმს მიუახლოვდება
ექიმი
ქალო, ეს ფული არ ეყოფა!
ჯამილა
ათასი? როგორ არა! ეგ დოლარია!
ექიმი
ცოტაა, გეუბნები! მეტი უნდა!
ჯამილა
მეტი სად ავიღო?
ექიმი
საიდანაც გინდა, მოიტანე!
15
სამზარეულოდან გამოსული ჰუსეინი გაბედავს მოკამათე ქალებს მიუახლოვდეს. მას უკან
მცველი მოჰყვება.
ჰუსეინი
გამარჯობა, ნათი-ხანუმ! რაშია პრობლემა?
ექიმი
ამ საქმეს ეგ ათასი დოლარი არ ეყოფა!
ჰუსეინი
ათასი?
ჰუსეინი დედამისს გაკვირვებული შეხედავს და ჯამილაც დამორცხვებული თავს ჩახრის
ექიმი
ჰო, ამას ერთი ხუთი ათასი მაინც უნდა!
ჰუსეინი
ხუმრობ? (დედამისის მხრიდან მოტყუების ფაქტი
გადაავიწყდება) ერთი კანის ნაჭერი?
ექიმი
კანის ნაჭერი დაუძახე და მამამისის ყურამდე თუ მივიდა
ამბავი, მერე ნახე! უფრო ძვირიც შეიძლება დაგიჯდეს!
17. Eქსტ / დღე. რუსთავის გზატკეცილი
რუსთავის გზატკეცილზე მსუბუქი მანქანა მოქრის. საქარე შუშაზე მას დამახასიათებელი
წარწერა “პრესა-ტელევიზია” აქვს მიმაგრებული
18 Eქსტ / დღე. ეზო კოტეჯის წინ
ატეხილ ალიაქოთზე ჭიშკარი გაიღება და გარეთ, ქუჩაში შეკრებილი ხალხი ჯერ ეზოში
შემოიხედავს, შემდეგ კი ნელ-ნელა დაიწყებს შემოსვლას, მოკამათეებს გარს
შემოერტყმევა.
დიმა
Что делать, шеф?
ჰუსეინი
Все под контролем!
მიხო
რა ხდება? რა ამბავია?
ექიმი
გაგვატარეთ, საავადმყოფოში გვეჩქარება!
სანდრო
საავადმყოფოში რა გინდათ?
ექიმი
გაიწიეთ! შეხედეთ, საიმპლანტაციო ქსოვილი რა დღეშია!
ოპერაცია სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს!
სანდრო
16
ოპერაცია კარგია, მაგრამ სულს რას უშვრებით?
ვალოდია
მართალია, სულს უნდა მივხედოთ!
სანდრო
ბავშვი უსათუოდ უნდა მოინათლოს!
ნათია
მონათლულია, რას ერჩით?!!
მიხო
ბიჭი გაგითათრეს და იძახი, მონათლულიაო?
ვალოდია
ბავშვი ახლავე უნდა მოინათლოს!
სანდრო
გაგვატარეთ, ხალხო! გაგვატარეთ! ეკლესიაში მივდივართ!
ყველანი ეკლესიაში!
მიხო
მამა იოანესთან გაიქცეს ვინმე, დაუძახოს!
სანდრო
მთავარია, ადამიანის სული ცხონდეს!
ეზოში შეკრებილი ხალხი პატარა ხვიჩას, ნათიას, ექიმსა და ექთანს, ჯამილასა და
შურას აიტაცებს და გარეთ გამოვა, ეკლესიის მიმართულებით დაიძვრება.
ხვიჩას ხმა (კადრს მიღმა)
ეკლესიაში ხელმეორედ მოსანათლავად სწორედ ამგვარ
ვითარებაში გამაქანეს. მაგრამ ამით საქმე, რასაკვირველია,
არ დასრულებულა!
19. ინტ / დღე. ჩვენს დროში აღდგენილი პატარა სალოცავი
პატარა კოხტა სალოცავის კანკელის წინ მამა იოანე დგას, წირვის შემდეგ მის წინ
შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართავს.
მამა იოანე
და ბრძანა უფალმა ჩვენმა, იესომ, მიმართა მის წინაშე
შეკრებილ ხალხს: “იფრთხილეთ, მოერიდეთ ფარისეველთა
და სადუკეველთა საფუარს. ისინი კი გულში ფიქრობდნენ
და ამბობდნენ: პური არ წამოგვიღიაო… (მათე 16, 6-12)
გარედან მოისმის ხმაური და ეკლესიას მოზღვავებული ხალხი მოაწყდება. მათი
წინამძღვრები ეკლესიაში შეკრებილ მლოცველებს გაწევ-გამოწევენ და მამა იოანეს
მიუახლოვდებიან. მიხო ნათიას ხელიდან შვილს გამოსტაცებს და მოძღვარს დაანახებს
მიხო
“აჰა, მამაო, კრავი უმანკო, ურჯულოთაგან შერყვნილ-
შელახული”!
მოძღვარი შემოსულებს თვალს გადაავლებს და სიტყვას გააგრძელებს
მამა იოანე
დაუკვირდით, რომ უფალი ჩვენი, იესო ქრისტე მოვლენების
17
არსს სწვდება, საგნებისა და მოვლენების პირველწყაროზე
მიუთითებს, ადამიანები კი, მათთვის ჩვეულად, ყველაფერს
ზედაპირულად, პირდაპირი გაგებით აღიქვამენ.
სანდრო მოძღვარს ცხვირწინ პოლიეთილენის პარკს აუფრიალებს კანის ნარჩEნით.
სანდრო
შეხედე, მამაო, რა დღეში ჩაგვაგდეს! დრო არ ითმენს!
მამა იოანე
დამშვიდდით, ხალხო, ქადაგება დამასრულებინეთ!…
დაუკვირდით, როგორ აგრძელებს თხრობას მათეწინასწარმახარობელი…
ამასობაში ახლადშემოსულები ეკლესიაში შეკრებილ მრევლს გადაუჩურჩულებენ, საქმის
ვითარებას გააცნობენ. ტაძარში ხმაური მატულობს
ექიმი
(სანდროს)
შემახედე, შემახედე! (პარკში ჩაიხედავს) კანი სად არის?!
სანდრო
მანდ იდო!
ექიმი
(პარკს გადმოატრიალებს)
აგერ! შEხედე! ცარიელია!
სანდრო
რას მიყურებ! ხომ არ შევჭამდი!
მამა იოანე
“იცოდა ეს იესომ და უთხრა მათ: “რას ფიქრობთ გულში,
მცირედ მორწმუნენო, პური რომ არ წამოგიღიათ?…
მიხო
კანი დაიკარგა?
ნათია
დავიღუპე!… დავიღუპე!
სანდრო
დამშვიდდი!
ნათია
რა ვუყო ჩემ ანგელოზს?
სანდრო
რამეს მოვიფიქრებთ! დონორს ვიშოვნით!
მამა იოანე
ბრძანა: “რატომ ვერ გაგიგიათ, რომ პურის გამო არ
მითქვამს, ერიდეთ-მეთქი ფარისეველთა და სადუკეველთა
საფუარს?
მიხო
მამაო, არ გვინდა ახლა ეგ ზღაპრები! ბავშვი უნდა
მოგვინათლო!… სასწრაფოდ!
18
მოძღვარი შეწყვეეტს ქადაგებას
მამა იოანე
ეგ ბიჭი ნათიასი არ არის?
ნათია
დიახ!
მამა იოანე
ჰოდა, ღვთის წყალობით, ეგ ბალღი მონათლულია!
“…ბრძანა: “რატომ ვერ გაგიგიათ, რომ პურის გამო არ
მითქვამს, ერიდეთ-მეთქი ფარისეველთა და სადუკეველთა
საფუარს?
სანდრო
შეგვირყვნეს, მამაო, ურჯულოებმა ნათლობის წმინდა
საიდუმლოება, შენ კი ლათაიებით გვაბოლებ!
ერთ-ერთი ახლადმოსულთაგანი მღვდელს ყურში გადაუჩურჩულებს, საქმის ვითარებას
გააცნობს.
მამა იოანე
დამშვიდდით, წმინდა საიდუმლოების შებღალვა ასე
მარტივი რომ იყოს, ჩვენ ახლა აქ არ ვიდგებოდით!
ვალოდია
მართალს ბრძანებ, მამაო, მონათვლა ბიჭს კი არა,
ურჯულოებს უნდათ!
შეძახილები
მერე მოვნათლოთ!… მოვნათლოთ! გაგვიძეხი, მამაო!
მამა იოანე
დამშვიდდით, ხალხო! ნათლობა დიადი საიდუმლოებაა!
ძალად კაცი როგორ უნდა მონათლოთ?
მიხო
კარგი იყო, ჯალალედინმა და შაჰ აბასმა ჩვენს პაპებს
თავები და სხვა რამეები რომ დააყრევინეს?! უნდა
მოინათლონ!
მამა იოანე
დავმშვიდდეთ!
ვალოდია
წავედით! ამ წვერებცანცარას რას უსმენთ?!
მიხო
ძალა ჩვენს მხარესაა!
სანდრო
უმრავლესობა ჩვენ ვართ! ჩვენ რაც გვინდა, ყველას იმას
გავაკეთებინებთ!
შეძახილები
უნდა მოვნათლოთ! ახლავე უნდა მოვნათლოთ!
მოძღვარი ხმას მოუმატებს
19
მამა იოანე
ხმა გაიკმინდეთ! (წამიერად სიჩუმე ჩამოწვება) “შვილნო
ჩემნო, მაშინღა მიხვდნენ შეკრებილები, რომ იგი
ეუბნებოდა, მორიდებოდნენ არა პურის საფუარს, არამედ
ფარისეველთა და სადუკეველთა მოძღვრებას”…
მაგრამ ბრბოდ ქცეული ხალხი ხელში მამა იოანესაც აიტაცებს და ეკლესიიდან გაიტანს.
20. Eქსტ / დღე. ტყე
კამუფლაჟის სამხედრო ფორმაში გამოწყობილი გოჩა ფრთხილად ამზადებს თავის “კაბინეტს”,
რომელიც ხევის აყოლებაზე ბუჩქებშია განთავსებული, მეზობელ “კაბინეტში”, მასავით
სამხედრო ფორმაში გამოწყობილ მეგობარს ხელით რაღაცას ანიშნებს.
მეგობარი გოჩას შემოთავაზებას უხმოდ დაეთანხმება, თავს დაუკრავს და პოზიციას
დაიკავებს; გოჩაც გაასწორებს იარაღს და კაბინეტში ჩაწვება.
21. ინტ / დღე. პოლიციის განყოფილება
პოლიციის განყოფილების უფროსი გისოსებიან ფანჯარასთან დგას, ქუჩაში მიმავალ
პროცესიას აკვირდება, თანაშემწეს მიუბრუნდება
უფროსი
რა ხდება, ახლა საითღა მიდიან?
მოადგილე ხელში უფროსის მაგიდიდან აღებულ საქართველოს დროშას ატრიალებს
მოადგილე
უკან ბრუნდებიან, თათრები გვინდა გავაქრისტიანოთო!
უფროსი
კაი აზრია, მე და ჩემმა ღმერთმა!
მოადგილე
ეჰ, ვასილიჩ, ეგრე სად არის?
უფროსი მოადგილეს საქართველოს დროშას ხელიდან გამოსტაცებს
უფროსი
რამდენჯერ გითხრა, ამას ხელში ნუ ათამაშებ-მეთქი!… ჰო,
რას ვლაპარაკობდი?
მოადგილე
კარგი იქნებოდაო, თათრები რომ…
უფროსი
ჰო… რამე რომ დაშავდეს, ხომ იცი, თავებს წაგვაძრობენ!
იქნებ…
მოადგილე
მე მგონი, ზედმეტი გამწვავება არ ღირს, ვასილიჩ! “ტამ
ვსიო პად კონტროლემ”!
უფროსი საწერ კალმებს შორის დაგდებულ კამათელს აიღებს და რამდენჯერმე
გააგორებს
20
უფროსი
იქნებ სპეცნაზს მაინც გამოვუძახო?… არ უყურე,
საფრანგეთში რა ამბავი აგორდა?
მოადგილე
ე-ე, ფრანგებს რომ ვუყუროთ… აქაურობას ჩვენ
ჩვენებურად მივხედავთ
უფროსი
ბიჭის მამას, გოჩას თუ გააგებინა ვინმემ?
მოადგილე
ამაში კი, ვასილიჩ, ნაღდად იაღლიში მომივიდა!
უფროსი
მერე რაღას უცდი? სად დაწანწალებს, ოჯახს მიხედოს!
მოადგილე ჯიბიდან მობილურს ამოიღებს, საჭირო ნომერს მოძებნის და დარეკავს.
მოადგილე
(მობილურში)
ჰო, მე ვარ! გოჩას ტელეფონი მინდა… რომლის და
ჩიხელიძესი!… სასწრაფოდ გამაგებინე!
მოადგილე მობილურს გათიშავს და მაგიდაზე დადებს.
მოადგილე
გამიგებენ და დამირეკავენ.
უფროსი და მოადგილე ფანჯარასთან მივლენ და ქუჩაში ჩავლილ დემონსტრანტებს
თვალს გააყოლებენ. უფროსი ხელში საქართველოს დროშას ათამაშებს.
22. Eქსტ / დღე. პოლიციის განყოფილების შენობა
პოლიციის განყოფილების უფროსი და მისი მოადგილე პოლიციის განყოფილებაში
გისოსებით დაცულ ფანჯარასთან დგანან და გარეთ იხედებიან.
23 Eქსტ / დღე. ქუჩა რაიონულ ცენტრში
მანქანა საქარე მინაზე წარწერით: “პრესა; ტელევიზია” რაიცენტრის ქუჩაში დიდი სიჩქარით
მოძრაობს, მის წინ ხალხის დემონსტრაციას წამოეწევა. მას შემდეგ, რაც მძღოლი
ფეხით მოსიარულეთა გასწრებას ვერ შეძლებს, იგი უკან სვლით შემოსავლელ ქუჩამდე
მივა, გადაუხვევს და მაღალი სიჩქარით გააგრძელებს სვლას, მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებში
მოძრაობს.
როგორც იქნა, მანქანა მთავარ ქუჩაზე გამოღწევას მოახერხებს, თანაც დემონსტრანტებს
გაასწრებს. მანქანიდან ახალგაზრდა ტელეჟურნალისტი და ტელეოპერატორი გადმოვლენ
და აპარატურის გაწყობას შეუდგებიან.
გოგონა ოპერატორს ეხმარება, შტატივს აწყობს
ჟურნალისტი
ჩქარა, ჩქარა, ერთი ორი საერთო ხედი გვინდა.
ოპერატორი
დამშვიდდი, ჯობია მიკროფონი შეამოწმე, კამერას მე
21
მივხედავ!
ჟურნალისტი მიკროფონს ჩართავს და ამოწმებს
ჟურნალისტი
რაზ, რაზ, რაზ!… (ოპერატორს) გადაიღე?
ამასობაში პრესის წარმომადგენლებს დემონსტრანტები წამოეწევიან და ჟურნალისტი
ოპერატორს მიაძახებს.
ჟურნალისტი
მოდი, ახლა ინტერვიუ და მსხვილები ავიღოთ, საერთოს
მერე ავკრეფთ!
ოპერატორიც შტატივიან კამერას ხელს დაავლებს და ჟურნალისტს აედევნება. ეს
უკანასკნელი კი დემონსტრანტებს მიუახლოვდება და მსვლელობის ერთ-ერთ მონაწილეს
გააჩერებს, მიკროფონს პირში შეაჩრის.
ჟურნალისტი
ხომ არ გვეტყოდით, რას ითხოვთ? ამდენი ხალხი რამ
შეაწუხა?
რესპოდენტი
რამ და საშველი აღარ არის! დაგვარბიეს და გაგვაჩანაგეს!
მეტის მოთმენა აღარ შეიძლება!
ჟურნალისტი
თქვენი პროტესტი კონკრეტულად რას შეეხება?
რესპოდენტი
გაგვითათრეს მთელი მოსახლეობა! დღეს დილას ჩვენს
პატარა ბიჭებს ამხელა დანებით დაადგნენ,… იმის მოჭრას
არც არაფერი დააკლდა!
ჟურნალისტი
რის მოჭრას?
რესპოდენტი
რის და… იმისი, ჩვენ რომ ვიცით!
ჟურნალისტი
დაასაჭურისეს?!
რესპოდენტი
ჰო, თითქმის! თანაც ყველას, ერთიანად!
ჟურნალისტი
თქვენც დაგაზარალეს?
რესპოდენტი
მე? არა! მაგრამ პატარებს! სულ თოთო ბავშვებს
დაერივნენ!
ჟურნალისტი
მერე რას აპირებთ?
რესპოდენტი ჟურნალისტს თვალს თვალში გაუყრის, ბოლოს გაბრაზებული ხელს
ჩაიქნევს და გააგრძელებს გზას. ჟურნალისტი ოპერატორს ანიშნებს გადაღება
22
გააგრძელოს და ბოლოს დაასკვნის.
ჟურნალისტი
Yეს! კარგია! გაიგე, ქართველი ბიჭები დაუსაჭურისებიათ?
მაგარი რეპორტაჟი გამოვა! ახლა გავასწროთ, მსხვილებზე
ვიმუშაოთ.
24. Eქსტ / დღე. ტყე.
ხეობაში, სადაც გოჩას სანადირო “კაბინეტი” გაუმართავს, სულის შემძვრავი ხმაური მატულობს
და ბოლოს, ხეების კენწეროებს შორის სამხედრო ვერტმფრენი “ამოყვინთავს”,
ხევს ქვევიდან ამოუყვება. ვერტმფრენის გახსნილ კარებში შეიარაღებული მამაკაცები
სხედან, იარაღი მოუმარჯვებიათ და დაბლა უმიზნებენ.
თავის “კაბინეტში” ჩასაფრებული გოჩა კარაბინს გადატენის და სასროლად მოემზადება.
ხევში დამფრთხალი შველი გამოჩნდება, რომელიც ზევით ამორბის, წამიერად შEჩერდება.
გოჩა იარაღის ლულას მისი მიმართულებით შეატრიალებს და სწორედ ამ დროს გაისმის
მისი მობილურის ხმა, რომელიც მას სამხედრო ქურთუკის სახელოში აქვს შენახული.
ტელეფონის მოულოდნეად ატეხილი ვიბრაცია მონადირეს სამიზნეს ააცდენინებს და
გასროლილი ტყვია სადღაც ხეებს შორის გაუჩინარდება, შველი კი ადგილს მოსწყდება.
გამწარებული გოჩა “კაბინეტში” წამოჯდება
გოჩა
ფუი, შენი!… (სახელოს ჯიბიდან მობილურს ამოიღებს და
უპასუხებს) სად ვარ და საშხაპეში! კონცერტს ვუსმენ!…
რრაო?… რა ქნეს?
მიღებული შეტყობინების დასრულების შემდეგაც პაუზა საკმაოდ დიდ ხანს გასტანს,
ბოლოს გოჩა მოულოდნელად ფეხზე წამოხტება და მის თავზე მიმაფრენ შვეულმფრენს
ხელის ქნევას დაუწყებს, ბოლოს შედეგს რომ ვერ მიაღწევს, რაციას დაავლებს ხელს და
აპარატს პირთან მიიტანს.
საკმაოდ დაბალ სიმაღლეზე მოძრავი შვეულმფრენის ღია კართან ჩამომჯდარი, გარეთ
ფეხებგადმოკიდებული ერთი მონადირეთაგანი ჯიბიდან თავის აპარატს ამოიღებს და
უპასუხებს…
მონადირე შვეულმფრენიდან
Hო, გოჩა…
25. Eქსტ / დღე. ქუჩა კოტეჯის წინ.
ჩიხელიძE-ალიევების კოტეჯის წინ, ქუჩაში უამრავი ხალხი ირევა, მამაკაცები ერთმანეთს
ეპაექრებიან. ხალხს შორის ჟურნალისტი და ოპერატორიც მოძრაობენ, მოვლენებს
აფიქსირებენ. სანდრო ჩირვას მიმართავს
სანდრო
საით, ძმაო? საით გაგვიწევია?
ჩირვა
მე რა?! მე რუსთავში მივდივარ!
სანდრო
მოგვიანებით წახვალ! ახლა ნათლობის დროა!
ჩირვა
23
შარია, კაცო? რუსთავიდან ერთი მაჰმადიანი კაცი
ჩამოვედი!
სანდრო
შინ კი ქრისტიანი დაგვიბრუნდები! მადლია! მადლი!
ჩირვა
ეგრე სად გაგონილა? რაც მე სუნდათი გამიკეთებია!
ყველგან! რუსთავში, მარნეულში! თბილისში! ერთხელ
კრასნოდარშიც კი წამიყვანეს!
სანდრო
დღეს კი ყველაფერს ერთიანად მოინანიებ!
ვალოდია
მონათვლა ყველას მოგიწევთ! ამას წყალი არ გაუვა!
ჩირვა
კარგი რა, თავი დამანებე! აი, ფული რაც ავიღე, ალალი
იყოს!
ჩირვა ჯიბიდან გასამრჯელოდ მიღებულ ფულს ამოიღებს და მეორე ქართველს
გაუწვდის. სანდრო მიღებულ ფულს ჰაერში ააფრიალებს
სანდრო
ხალხო, ამათ ჩვენი მოქრთამვა უნდათ! ვერ მოგართვით,
ნათლისღEბა დღეს არავის ასცდება!
(ფულს ჯიბეში ჩაიდებს, თავს
გაიმართლებს)
ამას ეკლესიას შევწირავ!
შორიახლოს ჰუსეინი დგას, ზურგს მას, ჩვეულებისამებრ, მცველი დიმა უმაგრებს.
დიმა
Шеф, чего они там?
ჰუსეინი
Спокойно, Димыч! Пока все под контролем!
დიდ აქტივობას მამა იოანე იჩEნს, ქართველების დამშვიდებას ცდილობს
მამა იოანე
მომეცით ეგ ბავშვი! ხომ გინდოდათ მოგენათლათ!
მიხო
რა დროს ბავშვია, მამაო? ახლა უკვე სულ სხვაგან ვართ!
დიდების დრო დადგა! დიდების!
მამა იოანე
დავბრუნდეთ ეკლესიაში და იქ მოვილაპარაკოთ!
მიხო
არა, ეკლესიაში თათრებთან ერთად დავბრუნდებით! პურმარილიც
გაშლილი აქვთ!
ვალოდია
მადლია, მამაო! ბატკანიც დაკლეს!
24
მიხო ქუჩაში გამვლელ ნაცნობს დაინახავს, რომელიც ბაზრიდან ბრუნდება და ხელში
გამჭვირვალე პარკი უჭირავს. პარკში ღორის დიდი თავი დევს.
მიხო
ზენონ! მოდი აქ!
ზენონი ნაცნობ სახეებს დაინახავს და გადმოუხვევს, მოუახლოვდება
ზენონი
გამარჯობათ, რა ხდება?!
მიხო
რა გვერდი-გვერდ დადიხარ, ხალადეცი მარტო უნდა ჭამო?
ზენონი
თუ გინდა, დაგპატიჟებ!
მიხო
მინდა, ზენონ, მინდა! დღეს ამ ღორის თავს ყველას
შEვაჭმევთ!
ზენონი
რა ამბავია?
სანდრო
რა და დიდი ზეიმია! მთელი თათრობა ინათლება!
ზენონი
ე-ე, ხუმრობ?
მიხო
რომელი ვგავართ მასხარას? შურა დეიდა, აგერ ზენონმა
მოგიტანა!
მიხო პარკს ჯერ მაღლა ასწევს, ყველას დაანახებს, შემდეგ კი მოხუცს გადასცემს
შურა
რა არის, შვილო?
მეოთხე ქართველი
ერთი შენებური ხალადეცი გააკეთე, ნათლობის შემდეგ
ამათ გარციციანად გავასინჯებთ!
მამა იოანე
გავიდეთ, შვილნო ჩემნო, გავეცალოთ აქაურობას! ნუ
დაიტეხთ თავზე ღვთის რისხვას!
მამა იოანეს ჰუსეინი მიუახლოვდება
ჰუსეინი
მე მოგყვებით! წავედით!
მამა იოანე ჰუსეინს თვალით აზომ-ჩაზომავს
მამა იოანე
შენ?…
ჰუსეინი
ჰო! გავედით!
25
მამა იოანე
რატომ მეუბნები ამას?
ჰუსეინი
ერთი რომ ჩემი ბრალია ყველაფერი. და არც ის მინდა,
დღეს აქ ზედმეტი სისხლი დაიღვაროს.
მამა იოანე წამიერად შეყოვნდება და მოულოდნელად ხმას მოუმატებს
მამა იოანე
მომისმინეთ!
აყალ-მაყალი გრძელდება და მამა იოანე სახლის წინ მომცრო ხის სკამზე შEძვრება და
შეკრებილებს გადახედავს
მამა იოანე
მომისმინეთ! არ მაიძულოთ საუკუნოდ შეგაჩვენოთ!
მოედანზე სიჩუმე ჩამოვარდება.
მამა იოანე
ძალად მონათვლა არსად გაგონილა! მაგრამ გამოჩნდა პატიოსანი
ადამიანი, რომელიც თანახმაა მოინათლოს. ამიტომაც
ჩვენ ახლა გავეცლებით აქაურობას, დავბრუნდებით
ეკლესიაში და იქ ბავშვსაც მოვნათლავთ და ამ ღვთისმოსავ
კაცსაც! ზუსტად ისე, თქვენ როგორც გინდოდათ!
შეძახილები
ვინ არის? ვინ ინათლება?
ჰუსეინი სკამზე შეძვრება და მღვდელს გვერდზე დაუდგება
ჰუსეინი
მე ვარ! ახლა კი ყველანი ეკლესიაში წავიდეთ!
სკამს ჯამილა მიუახლოვდება და შვილს მიმართავს
ჯამილა
ჩამოდი ქვევით!
ჰუსეინი
ხალხო, დავიშალოთ! (ჯამილას) რა იყო დედა?
ჯამილა
ჩამოდი!
ჰუსეინი დაბლა ჩამოვა. ჯამილა შვილს მიაჩერდება
ჯამილა
(გააგრძEლებს)
შენ გინდა მოინათლო? ალაჰის რჯულს გინდა უღალატო?
ჰუსეინი
ჰო. ეს ხალხი უნდა დაიშალოს! თორემ აქ ახლა უარესი
შეიძლება მოხდეს.
ჯამილა შვილს მწარე სილას გააწვნის.
ჯამილა
26
წაეთრიე შენს რუსეთში! და თვალით აღარ დამენახო!
ჯამილა შეტრიალდება და საკუთარი სახლისკენ გაემართება. ჭიშკარი ჭრაჭუნით გაიღება
და მოხუცის ზურგს უკან ხმაურით დაიკეტება. სკამზე კი მიხო შეძვრება
მიხო
მომიტანოს, ბოლოს და ბოლოს ვინმემ მეგაფონი! არავინ
არსად დაიშალოს! ჩვენი შვილების ძალად გათათრებას
ჩვენ არ დავუშვებთ! დაცვეთვას ჩვენ ნათლობით
ვუპასუხებთ!
სახლის ჭიშკარი კვლავ გაიღება და ჯამილა სახლიდან შვილის ბარგს გამოყრის.
ხალხს შერეული ჩირვა ჯიბიდან მობილურს ამოიღებს და ნომერს აკრეფს.
ჩირვა
ფარიდ, მე ვარ.
26. ინტ / დღე. აზერბაიჯანული სამხედრო ნაწილის უფროსის კაბინეტი
აზერბაიჯანული სამხედრო ნაწილის უფროსის კაბინეტში საწერ მაგიდაზე ამ ქვეყნის
პატარა დროშაა აღმართული, დიდი დროშა და მამა-შვილ, ჰეიდარ და ილჰამ ალიევების
სურათი კი მის ზურგს უკან კედელზე ჰკიდია. თავად ნაწილის უფროსი მობილურით
საუბრობს, ყურმილი ყურთან აქვს მიდებული. ოფიცერი ხმას არ იღებს, მხოლოდ თავს
უკრავს, თუმცა ძარღვები კისერზე მას სულ უფრო და უფრო ეჭიმება. ნერვების დასაწყნარებლად
იგი ფეხზე წამოდგება, მაგიდაზე დადებულ აზერბაიჯანის პატარა დროშას
აიღებს და ხელში შეათამაშებს, ფანჯრისკენ გაემართება.
უფროსი ხმის ამოუღებლად დაასრულებს საუბარს, მობილურს მაგიდაზე დააგდეებს, კაბინეტის
ერთი კუთხიდან მეორემდე გადასერავს, ბოლოს მომცრო მაგიდაზე სელექტორის
პულტს მიუბრუნდება და წამიერი დადუმების შემდეგ დიდ წითელ ღილაკს თითს
დააჭერს. სამხედრო ნაწილში განგაშის ზარი აღმუილდება.
ნაწილის უფროსის ფანჯრიდან კარგად ჩანს, თუ როგორ გარბიან სამხედრო ნაწილის
ეზოში სამხედროები, თავ-თავიანთ დანიშნულების ადგილებისკენ მიემართებიან.
უზარმაზარ მოედანზე განთავსებული ბოქსების კარები გაიხსნება და სამზეუროზე
ერთდროულად ჯერ ტანკის ლულები გამოჩნდებიან, შემდეგ კი თავად საბრძოლო
მანქანები გამობობღდებიან და ერთ მწკრივად დაეწყობიან, გაზს მოუმატებენ, ბოლოს კი
ადგილებს მოსწყდებიან.
27. Eქსტ / დღე. რუსთავის გზატკეცილი
გზატკეცილზე ტაქსი მოძრაობს, მაღალი სიჩქარით მოჰქრის.
28. Eქსტ / დღე. სასაუზმის დარბაზი
სასაუზმის ცალკე კაბინეტში სუფრას ამჟამად უკვე დამჭკნარი რუსი მიმტანი ქალი,
ვალია, აწყობს, თეფშებს, ჭიქებსა და დანა-ჩანგალს ალაგებს. პოლიციის უფროსი და
მისი მოადგილე სუფრას შემოსხდომიან.
მოადგილე
ვასილიჩ, ერთი პირადი რამე რომ გკითხო, ხომ არ
გეწყინება?
27
უფროსი
გააჩნია!
მოადგილე
გეკადრება,?! ეგეთი რამე როგორ გაიფიქრე?!
უფროსი
აბა, რატომ მისვამ უხერხულ შეკითხვებს?
მოადგილე
მე? კითხვა როდის დაგისვი?
უფროსი
აბა, მე დავსვი?
მოადგილე
პროსტა მე ის მაინტერესებდა, ამ ქვეყნად ყველაზე მეტად
რა გინდა? რაზე ოცნებობ?
უფროსი მოადგილეს თითს დაუქნევს
უფროსი
ე-ე-ე! ეგ როგორ გაიფიქრე?
მოადგილე
მე, ვასილიჩ?
უფროსის მობილური დარეკავს, იგი ტელეფონს აიღებს, ნომერს დახედავს და ფეხზე
წამოხტება
უფროსი
დიახ!… (სუფრას გადახედავს) ჩემს გარშEმო?… სიმშვიდე
და სიწყნარეა!… რაო?
უფროსი ტელეფონს გათიშავს და ერთ ხანს მოადგილეს მიაჩერდება
უფროსი
გგონია გაგივიდა?!… ვერ მოგართვი! ჩემი გადაგდება არც
ისე ადვილია!
უფროსი შეტრიალდება და სასაუზმის კაბინეტიდან გავარდება. გაოგნებული მოადგილე
მას დაედევნება.
მოადგილე
ვასილიჩ, რა ხდება?! ვასილიჩ!
29. Eქსტ / დღე. ქუჩა სასაუზმის წინ
სასაუზმიდან თავქუდმოგლეჯილი უფროსი გამორბის, მიმოიხედავს, გადაწყვეტილებას
მიიღებს და რაც ძალი და ღონე აქვს, გაიქცევა. უკან მას მისი მოადგილე მოსდევს.
უფროსი და მისი მოადგილე ქუჩაში გარბიან, უკან კი მათ გზაზე წამოწოლილი ძაღლები
ყეფით აედევნებიან. უფროსი წამიერად შეყოვნდება, ყურშას შეუბღვერს
უფროსი
წადი! დამეკარგე!
ყურშა რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხევს, უფროსი და მას წამოწეული მოადგილე კი
28
სირბილს გააგრძEლებენ. აქოშინებული უფროსი მოადგილეს მიუბრუნდება
უფროსი
დამეკარგე თვალიდან!
30. Eქსტ / დღე. ქალაქის შემოგარენი
ქალაქის შემოგარენში, ცაში სამხედრო შვეულმფრენების მწყობრად მოძრავი ესკადრილია
გამოჩნედება. სამხედრო მანქანების გუგუნი სულ უფრო და უფრო მატულობს, ისინი
დასახლებულ პუნქტს უახლოვდებიან.
31. Eქსტ / დღე. ქუჩა კოტეჯის წინ.
აქოშინებული უფროსი და მისი მოადგილე ქუჩაში შეკრებილ ხალხს უახლოვდებიან.
მორბენალ მამაკაცებს შსს-ს კუთვნილი რამდენიმე ავტობუსი წამოეწევა. ავტობუსები
გზის პირას გაჩერდებიან და იქედან ნიღბებსა და ჯავშანჟილეტებში გამოწყობილი,
ხელკეტებითა და ფარებით შეიარაღებული სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლები
გადმოვლენ და ორ რიგად დაწყობას შეუდგებიან.
უფროსი წამიერად შEჩერდება, სუნთქვის აღდგენას შეეცდება, შემდეგ კი ისევ გააგრძEლებს
სირბილს. მის ზურგს უკან სპეცდანიშნუმლების რაზმის წევრები ამოძრავდებიან.
ცაში შვეულმფრენების ესკადრილია გამოჩნდება – იგი საბრძოლო წყობას შეცვლის და
ერთიან ფრონტად მოძრაობის ნაცვლად საბრძოლო მანქანები ერთი მეორის მიმდევრობით
გადაეწყობიან, ჰაერში დიდ წრეზე დაიწყებენ მოძრაობას, რომლის დიამეტრი და
ფრენის სიმაღლე სულ უფრო და უფრო მცირდება.
უფროსი ქუჩაში შეკრეებილ ხალხში შეიჭრება, უყვირის
უფროსი
დაიშალეთ! დაიშალეთ!
ზემოდან, შვეულმფრენის დინამიკიდან კი მოისმის გამწარებული გოჩას ხმა
გოჩას ხმა ვერტმფრენიდან
რომელმა გამითათრა შვილი? ოჯახი ვინ დამიწიოკა?!
დამენახოს, სანამ დაბლა ჩამოვსულვარ!
საპირისპირო მხრიდან კი ქუჩაში შეკრებილ ხალხს თბილისიდან წამოსული ტაქსი
მიუახლოვდება. დაპირისპირებული ქართველები და აზერბაიჯანელები ზლაზვნით
გვერდზე გაიწევიან, მანქანა ნელ-ნელა წინ მიიწევს და ბოლოს ჩიხელიძE-ალიევების
ჭიშკართან გაჩEრდება.
ამავდროულად ამ ადგილას პოლიციის უფროსი და მისი მოადგილე გაჩნდებიან.
ტაქსის კარი გაიღEბა და სალონიდან საქართველოსთვის უჩვეულო, ნარინჯისა და შინდის
ფერებში გამოწყობილი სამი თავგადაპარსული ბუდისტი ბერი გადმოვა. უცხოელებს
თარჯიმანი გოგონა გადმოჰყვება. ბერები გარშემო შეკრებილებს თავაზიანად უღიმიან,
კიდევ ერთხელ გადაამოწმებენ მისამართს, მიანიშნებენ ჭიშკარზე მითითებულ ნომერზე
და სახლლისკენ დაიძვრებიან.
უცნობების ხილვით გაოგნებული პოლიციის უფროსი მათ ეკვეთება
უფროსი
თქვენ ვინღა ხართ? აქ რა გინდათ?
29
თარჯიმანი
ეს ბატონები ტიბეტელი ბერები არიან, ჩინეთიდან
ჩამობრძანდნენ…
უფროსი
ჩინეთიდან?
თარჯიმანი
დიახ, ჩინეთიდან
თარჯიმანი ბერებს გადაელაპარაკება და ისინიც უფროსს პასუხად გაუღიმებენ, თავ-
თავიანთ პასპორტებს გაუწვდიან. გაოგნებული პოლიციის უფროსი ხელში მათ
პასპორტებს ატრიალებს.
უფროსი
მაშ, საქმეს აქ ახლა ჩინეთიც მირევს?
შვეულმფრენები საკმაოდ დაბლა დაეშვნენ, ქუჩაში შეკრებილი ხალხის თავზე ჰაერში
დაეკიდებიან. საბრძოლო მანქანებიდან სადესანტო ტროსებს გადმოუშვებენ და კბილებამდე
შეიარაღებული მებრძოლები ერთი მეორის მიყოლებით დაბლა დაშვებას შეუდგებიან.
პირველი ბერი ჭიშკართან მივა და ზარს დარეკავს. უკნიდან მათ ბავშვით ხელში ნათია
მიუახლოვდება, თარჯიმანს მიმართავს
ნათია
ვინ გნებავთ?
ბერები შემოტრიალდებან და ნათიას ხელში აყვანილი ხვიჩას დანახვაზე ერთმანეთს
გადაელაპარაკებიან.
ხვიჩა სტუმრებს გაუღიმებს და ხელს ერთ-ერთი მათგანის კისერზე დაკიდებული კრიალოსნისკენ
გაიშვერს. ბერი კმაყოფილი იერით თანამოძმეებს თავს დაუკრავს, კისერზე
დაკიდებულ რამდენიმე კრიალოსანს მოიხსნის და ხვიჩას დაანახებს. ხვიჩას მაინც და
მაინც ერთი მათგანი ამოუჩემებია, ხელს სწორედ მისი მიმართულებით იშვერს. ბერი
კრიალოსანს ხელიდან მოიხსნის, ბიჭს მიაწვდის, თვითონ კი ორიოდე ნაბიჯით უკან
დაიხევს და მისალმების ნიშნად სამჯერად დაჩოქვებს დაიწყებს. დანარჩენი ორი ბერიც
მეგობარს მიბაძავს.
პოლიციის უფროსი ამ სანახაობას ვეღარ აიტანს, რევოლვერს ამოიღებს და ჰაერში
რამდენჯერმე გაისვრის
უფროსი
შეწყვიტეთ ეს საგიჟეთი! გამაგებინეთ, აქ რა
ხდება?!
შეკრებილებს კამუფლაჟში გამოწყობილი, კბილებამდე შეიარაღებული გოჩა და მისი
თანამებრძოლები შემოერტყმევიან, ბუდისტ ბერებს მიაჩერდებიან
გოჩა
რა ხდება?! რა ამბავია?
თარჯიმანი
მე მგონი, ჩვენმა სტუმრებმა ორი წლის წინ გარდაცვლილი
მასწავლებლის კვალს მიაკვლიეს! საქართველოში ეგენი
სწორედ მის მასაძებნად ჩამოვიდნენ. ეტყობა, ეს ბიჭი
სწორედ მისი მორიგი გარდასახვა უნდა იყოს!
უფროსი
30
ვინ მასწავლებელი? რა გარდასახვა?
ხვიჩას ხმა (კადრს მიღმა)
ძნელი სათქმელია, ეს ამბავი როდის დაიწყო. დღევანდელ
დღეს? გუშინ? მაშინ, როცა დავიბადე, ორი წლის თუ
ხუთიოდე საუკუნის წინათ?… ამ ქვეყნად მიზეზებს და მათ
შედეგებს რა გამოლევს, მაგრამ მიზეზთა მიზეზს და
შედეგთა შედეგს ოდესმე ხომ უნდა ჩავწვდეთ?…
კაცობრიობას მე უზარმაზარ ხომალდად აღვიქვამ, თავისი
უშველებელი გემბანებითა და სალონებით, რომელიც
დროის დინებას მიუყვება…
32. ექსტ/ დღე ეზო კოტეჯის წინ
კოტეჯის წინ ეზოში გრძელი სუფრაა გაშლილი, რომლის გარშEმო ყველა მონაწილე
შემომსხდარა. თამადის ადგილი პოლიციის უფროსს დაუკავებია, სადღEგრძელოებს
უზარმაზარი ყანწებით ამბობს.
სუფრიდან შორიახლოს, მანეჟში კი პატარა ხვიჩა და ნეჯათი თამაშობენ, სათამაშოებს
ერთმანეთს ეცილებიან.
ხვიჩას ხმა (კადრს მიღმა)
(აგრძელებს)
აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ამბის თხრობაც სათავიდან,
ადამ და ევას, ან, გნებავთ, პირველი ევროპელი ზეზვასა
და მზიას დროიდან შეიძლება დაიწყოს, მისი დასრულება
კი… დღევანდელი ამბავი ჭEშმარიტად ალბათ მაშინ
დასრულდება, როცა ეს გემი დროის მდინარის შესართავს
მიაღწევს და უსასრულო ოკეანეში გავა. მაგრამ ამგვარი,
კოსმიური მასშტაბებით აზროვნებას ადამიანები გაურბიან
ხოლმე, ასე რომ თხრობას მეც იმავე დღის მოვლენებით
დავასრულებ. თავისთავად გასაგებია, რომ საქართველოს-
თვის ჩვეულად ყველაფერი დიდ სუფრასთან გაგრძელდა,
სუფრასთან, რომელსაც იმ გემის დარად არ აქვს არც დასაწყისი
და არც დასასრული… თამადამ ჩინეთიდან ჩამოსული
სტუმრების დათრობაც კი მოახერხა, რომლებიც, საზოგადოდ,
სასმელს პირთან არ იკარებენ. მართალი გითხრათ,
ის კრიალოსანიც და სხვა ნივთებიც, მე რომ გამოცდის
სახით დამანახეს, ბუნდოვნად რაღაცას მაგონებენ,
მათი ხელში დაჭერა უდიდეს სიამოვნებას მგვრის, მაგრამ
ჯერ-ჯერობით დანამდვილებით ნამდვილად ვერ გეტყვით,
ჩემი წინა თუ წინის წინა ცხოვრებიდან რამე გამეხსენებინოს.
დღEვანდელ დღეს კი ჩემი საქმე ჯერ-ჯერობით მანეჟში
ნეჯათასთან და სხვა ჩემს კბილა გოგო-ბიჭებთან
თამაშია. ჭკუის სწავლა და გაკვეთილები მოგვიანებით უნდა
დაიწყოს, თუმცა იმ დღეს ჩემი კრიალოსანი ნეჯათს
იმდენად მოეწონა, იმდენად დაჟინებით შემეცილა, რომ ბოლოს
გახია და მარცვლების ნახევარი გადაყლაპა. ამან კი
ჩვენი სტუმრები დააეჭვა კიდევაც, მათი მასწავლებლის
ნამდვილი გარდასახვა ჩემი მეზობელი, ნეჯათ ალიევი ხომ
არ არის? ვნახოთ, მომავალი ყველაფერს აჩვენებს.

დასასრული
31

თბილისი, 14.11.2005

წყარო – აქ ნახავთ სცენარს ამერიკულ ფორმატში, სადაც ერთი გვერდი ფილმის ერთი წუთია, დაახლოებით.

About Mimos Finn

Mimos Finn is invisible
This entry was posted in კინოსცენარი. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s