ბაჩო კვირტია: შებინდებიდან გათენებამდე


Bacho Kvirtia

ამ პიესის მიხედვით 2008 წელს “რადიო–106″–ში დაიდგა რადიოსპექტაკლი.

 

ბაჩო კვირტია

შებინდებიდან გათენებამდე
(ერთაქტიანი პიესა ორ ნაწილად)

მოქმედი გმირები:

იბო _ 52 წლის

ანი _ 48 წლის

მოქმედება ხდება იბოს ბინაში.

პირველი ნაწილი

(ღამეა. ქარი ქუჩაში ყველაფერს ანგრევს. იღება კარი.)

იბო (ჩურჩულით) _ ჩქარა შემოდი, ორპირია.

ანი _ ფანჯარა ღია დაგრჩენია.

იბო _ ცოტა ხმადაბლა.

ანი _ როდის ვყვირი?

იბო _ არ ყვირი, მაგრამ მაინც. მამა გააღებდა…

ანი _ მამა?..

(პაუზა)

იბო _ სანთელი იდო სადღაც. მანდ მონახე.

ანი _ ასანთი აანთე.

იბო _ იპოვე? (ასანთს გაკრავს) ესეც ასე. მოდი ერთი, შეგხედო.

(პაუზა)

ანი _ რას მიყურებ?

იბო _ გტკივა ფეხი?

ანი _ ოდნავ.

იბო _ რამდენი ვირბინეთ, არა? ძლივს გამოვასწარით. რამდენნი იყვნენ ის დამპლები!

ანი _ გაივსო ქალაქი მაწანწალებით.

იბო _ ზოგჯერ მგონია, რომ მათსავით ცხოვრება ჯობს. არასდროს გაგჩენია სურვილი, რომ არ გაიქცე, შეჩერდე და ადამიანურად დაელაპარაკო?

ანი _ რა გულუბრყვილო ხარ.

იბო _ მართალია. ისე, ცოტა გულუბრყვილობა საჭიროა. სულ ცოტა.

ანი _ ხო. არც უმაგისობა ვარგა.

იბო _ წელიწადი ხომ იქნება, რაც ასე დავრბივართ?

ანი _ წელიწადი? ხანდახან მგონია, რომ სულ ასე ვცხოვრობდით. მერე ღამით, ლოგინში ვხვდები, რომ სინამდვილე სულ სხვაა. მალე ალბათ, ქალის სახესაც დავკარგავ.

იბო _ რა მოგივიდა, ტირი?

ანი (იცინის) _ ბოლოს როდის ვიტირე, გახსოვს? მგონი ტირილიც დამავიწყდა.

იბო _ კიდევ კარგი, ქარი ზურგში გვცემდა…

ანი _ კიდევ კარგი, ფეხი სადარბაზოსთან გადამიბრუნდა…

იბო _ ფეხი დამისველდა. გუბეში ჩავტოპე.

ანი _ წინდებს მოგიტან, არ გაცივდე.

იბო _ სუუ…

ანი _ რა მოხდა?

იბო _ მგონი ადგა… მამა ადგა. არ გესმის?

ანი _ ქარია და გეჩვენება.

იბო _ კარგი. წადი, ფანჯარა მიხურე, თორემ გავითოშე. არა, ჯერ მშრალი წინდები მომიტანე.

(პაუზა)

ანი _ ესენი ჩაიცვი, თბილია.

იბო _ გმადლობ. სანთელი სად მიგაქვს?

ანი _ ფანჯარა არ მივხურო?

იბო _ გაგიჟდი?! მამას გააღვიძებ!

ანი _ როგორ გავაღვიძებ?

იბო _ ოთახს ხომ უნდა ჩაუარო? გააღვიძებ, ანი.

ანი _ მაპატიე. დავიბენი.

იბო _ არ უნდა დაიბნე.

ანი _ ბოლო დროს შიში გერევა.

იბო _ შიში გონივრულობის ნიშანია.

ანი _ ყოველთვის?

იბო _ ხშირ შემთხვევაში. შიში ახლა ყველას ერევა. მთელ ქალაქს, მთელ პლანეტას. შიშით ცახცახებს ყველა. და ასე ცხოვრობენ, ცახცახით. დაცახცახებენ. შიში თოფივით მხარზე გადაგვიკიდია და ისე დავდივართ, ანი. ოღონდ თოფისგან იმით განსხვავდება, რომ ჩვენს დაუკითხავად ისვრის და გვაყრუებს.

(პაუზა. ქარი ქუჩაში თუნუქის ქილას მიახოხებს)

ანი _ რა დაგემართა?

იბო _ დავიღალე.

ანი _ წავალ, ფანჯარას მივხურავ.

იბო _ მამას ოთახთან მიაყურადე.

(ანი ფანჯარას კეტავს)

ანი _ წინდები ჩაიცვი?

იბო _ მიაყურადე?

ანი _ მივაყურადე. ახლა რა ვქნათ?

იბო _ გაიხადე. მე სანთლებს ავანთებ…

ანი _ არა. არ მინდა.

იბო _ რა მოგივიდა?

ანი _ არ მინდა, მაპატიე. დაღლილი ვარ და არაფერი

გამოგვივა.

იბო _ კარგი, ერთი. გაპატიო, არა… მოდი ჩემთან…

ანი _ არა.

იბო _ ავად ხარ?

ანი _ არ შემეშვები?

იბო _ მაპატიე.

ანი _ კარგი, ერთი.

იბო _ ფეხი გტკივა?

ანი _ მამაშენი მეცოდება…

იბო _ რაო?

ანი _ მამაშენი მეცოდება. ეგერ, ოთახში რომ წევს…

იბო _ აღარ გეშინია?

ანი _ მე არც არასდროს მეშინოდა. მოდი, მოვწიოთ. (ასანთს გაკრავს) იცი, სარკეში რომ ვიხედები, მებრალები.

იბო _ ეს ერთხელ უკვე მითხარი და საკმარისია.

ანი _ მოდი, გულახდილები ვიყოთ.

იბო _ ანი, გუნებაზე არ ვარ.

ანი _ მე უკვე ქალის სახე დავკარგე. ეს ჩემზე უკეთ არავინ იცის და შენც ამჩნევ. მეთანხმები?

იბო _ ანი, რა გინდა?

ანი _ ნეტავ ტირილი შემეძლოს…

იბო _ ჩვენ დაღლილები ვართ.

ანი (აწყვეტინებს) _ მაგას თავი გაანებე და შეკითხვაზე მიპასუხე.

იბო _ მე მადანაშაულებ?

ანი _ ესე იგი, მეთანხმები.

იბო _ არ გეთანხმები.

ანი _ თვალს ნუ მარიდებ, შემომხედე.

იბო _ თითქმის მთელი ცხოვრებაა, რაც ერთად ვართ. განა ეს სიყვარული არ არის? რა უძიროა ქალის გული… ვიცი, რომ გეშინია, მაგრამ არაფერს გეტყვი. არადა, წეღან მე დამცინოდი.

ანი _ ცოდო ხარ, იბო.

იბო _ რა დავაშავე?

ანი _ გულუბრყვილოვ! არაფერი. არაფერი დაგიშავებია და იმიტომ ხარ ცოდო.

იბო _ გავჩუმდები და ილაპარაკე. ილაპარაკე რაზეც გინდა და რამდენიც გინდა. გათენებამდე ილაპარაკე.

ანი _ გათენებამდე?

იბო _ ხო. მერე ავდგეთ, ხელ-პირი დავიბანოთ _ ვითომ გვეძინა. მერე ვისაუზმოთ და წავიდეთ სამსახურში. მიდი, დაიწყე…

ანი _ იბო…

იბო _ ხო, გისმენ. დაიწყე!

ანი _ არაფერი გეწყინოს…

იბო _ არაუშავს. ცივ წყალს დავლევ.

ანი _ ბავშვიც კი ვერ გაგიჩინე…

(პაუზა)

იბო _ იცი, ჩემი ქორწილის დღეს, ძალიან დიდი ხნის წინ, გამახსენდი და შემეცოდე. ყველაზე უცნაური და არასასიამოვნო, რაც ცხოვრებაში განმიცდია. (იხსენებს) იმ დღეს ქორწილი იყო. ჩემი და მარიკას ქორწილი. მე მანქანაში ვიჯექი და ჩემს ყველაზე დიდ საქორწინო საჩუქარს _ პატარძლის კაბაში გამოწყობილ მარიკას ვუყურებდი. იგი ვერავის და ვერაფერს ხედავდა. ბავშვივით ტიტინებდა და კისკისებდა. დროდადრო მუხლზე მკიდებდა ხელს, თითქოს მამოწმებდა _ ადგილზე ვიყავი თუ არა. მერე ჯვრისწერა იყო. მღვდელი _ მაღალი, ბრგე კაცი _ რიხიანად დუდუნებდა. შუბლზე მუწუკებივით ეყარა ოფლი. წვეთები საფეთქლებიდან უცებ ჩაქანდებოდნენ და ჭაღარაშერეულ წვერში იკარგებოდნენ. ყველა სულგანაბული იყო. ტაძარი საკმევლის სუნით იყო დატკბარი.

ანი _ მერე მარიკა მოკვდა. უცებ გახდა ავად და სამიოდე თვეში სული დალია.

იბო _ რატომ თქვი ასე?

ანი _ როგორ?

იბო _ `სული დალია”.

ანი _ მაპატიე. მარიკა სამიოდე თვეში გარდაიცვალა. (პაუზა) ვეღარ ვაგრძელებ. რატომ შემაწყვეტინე?

იბო _ ვინ გთხოვა, დაიწყეო?

ანი _ შენ არ მთხოვე წეღან?

იბო _ კარგი, გააგრძელე.

ანი _ როგორი ვიყავი ოცდარვა წლის წინ, გახსოვს? გამხდარი, გაკნაჭული გოგო. ჩხირივით ფეხებზე ვიდექი და ახლომხედველის სათვალეს ვატარებდი. სათვალიდან დიდი, შტერი თვალები მიჩანდა. დედას პურზე ვეგზავნებოდი. დედა გახსნიდა საფულეს, სადაც წამლები მეტი იყო, ვიდრე ფული. დედა ავად იყო. საშინელი სუნი სდიოდა პირიდან. ამიტომ მე უფრო შტერი თვალებით ვიყურებოდი, რადგან ვერ ვტიროდი. ანი, რატომ იყურები ლენჩივით? _ მეკითხებოდნენ მეგობრები და იცინოდნენ. იმიტომ, რომ დედას ცუდი სუნი სდის პირიდან _ ვპასუხობდი მე, ოღონდ _ გულში.

იბო _ ჩვენ შოკში ვართ, ანი. დავლიოთ რამე, გული გადავაყოლოთ.

ანი _ შენ დალიე, თუ გინდა.

იბო _ რა ცივი ხარ.

ანი _ როგორი?

იბო _ შენ ვერ ატყობ, არადა…

ანი _ მარიკა როგორი იყო ?

იბო _ შენ მარიკას ვერ შეედრები.

ანი _ ვიცი, ჩემო კარგო.

იბო _ გაბრაზდი?

ანი _ სულაც არა. მანდ ჩემი ხელჩანთაა…

იბო _ რად გინდა? მაპატიე, ანი, თუ გაწყენინე. ვიხუმრე. ახლა ხუმრობა თუ გვიშველის.

ანი _ ხელჩანთაში წამალი მიდევს, დალევის დროა.

იბო _ მე მეგონა, გაბრაზდი და მიდიოდი. გამომართვი ჩანთა.

ანი _ სად?

იბო _ რა ვიცი. გულნატკენ ქალს გასაქცევი ყოველთვის აქვს. კაცმა რა ქნას?

ანი _ აივანზე ორი ბოთლი ღვინო დგას. წადი და შემოიტანე.

იბო _ შენც დალევ?

ანი _ არა. მე წამალს დავლევ.

იბო _ ღვინოც დალიე, ანი.

ანი _ არ შეიძლება.

იბო _ ეჰ, ღვინის დალევა თუ არ შეიძლება…

(ორივენი გადიან. გარეთ ისევ ქარია და სადღაც ძაღლი ყეფს)

იბო _ აივანზე ერთი ბოთლი იდგა.

ანი _ ერთი? საოცარია. ჩემი ხელით გავიტანე ორი ბოთლი.

იბო _ არადა, მარიკა ყველას ჯობდა. მსოფლიოში ყველაზე კარგი გოგო იყო. მაგრამ ბოლოს კი შესცოდა…

ანი _ რა დააშავა?

იბო _ მოკვდა…

(პაუზა)

ანი _ არ გშია?

იბო _ ჰა? არ გისმენდი.

ანი _ ამოგიღამდა თვალები, ამდენი ფიქრისგან.

იბო _ ყინულივით ცივია ღვინო.

ანი _ არ გშია მეთქი?

იბო _ არა, არ მშია. შენთვის ნამცხვარი მაქვს შენახული. ახლავე მოგართმევ. (პაუზის შემდეგ) აი, ორი დიდი ნაჭერია.

ანი _ მადლობელი ვარ.

იბო _ შენ ორი ბოთლი, მე ორი ნაჭერი. თურმე ვზრუნავთ ერთმანეთზე და არ ვიცით.

ანი _ აკი ერთი ბოთლიო?

იბო _ ორი ბოთლი იქნებოდა, რაკი ასე გახსოვს. მეორე ალბათ, ქარმა წააქცია და გარეთ გადავარდა.

ანი _ რა კარგია ნამცხვარი.

იბო _ გესიამოვნა? ეს ღვინო კი ყინულივითაა და ძალიან კარგია.

ანი _ ყელი გაგიცივდება.

იბო _ ყელი არა… არ მათქმევინო ახლა… (იცინის)

ანი _ რა გაცინებს? (პაუზის შემდეგ) რა სულელივით იყურები ზევით?

იბო _ რა კარგია სიმთვრალე…

ანი _ დათვერი? ერთი ბოთლით?

იბო _ დაღლილობამ იცის.

ანი _ ხოო?..

იბო _ ახლა რა ვქნათ?

ანი _ მეორე ნაჭერს ვეღარ მოვერევი. არ გინდა?

იბო _ მინდა-მეთქი. რა ვქნათ ახლა, ანი?

ანი _ დავიძინოთ. გვიანია უკვე.

იბო _ მაგას არ გეკითხები. საერთოდ რა ვქნათ? (პაუზის შემდეგ) ახლა ზუსტად ისე იყურები _ ლენჩივით, როგორც ბავშვობაში. თან სათვალეც ცხვირს გიმშვენებს. რატომ იყურები, ანი, ლენჩივით? არ იცი, რა ვქნათ? (იცინის)

ანი _ ნეტავ მეც დამელია ღვინო. ახლა მომინდა.

იბო _ ღვინო?! ღვინო მოგინდა?! აუ, ბოთლი დამიცლია!

ანი _ სანთელი ილევა, დავიძინოთ.

იბო _ ღვინო არა, ის არ გინდა? (თითქოს ვიღაცას მიმართავსო) ეს ისე თქვა, ყურადღების გასაფანტავად. არ მოეწონა ჩემი დაცინვა. დიდი ვირეშმაკა ხარ, ვინც არ გიცნობს.

ანი _ გმადლობ…

იბო _ გაიზარდე. (იცინის) შენ რომ კიდევ გაიზარდო… ზედგამოჭრილი პაპუასების კერპი იქნები! მე მოგიტან ჯამით სისხლს და ღაწვებზე, შუბლზე თითით წაგისვამ. (უცებ შეწყვეტს სიცილს. ასანთს გაკრავს) მაპატიე…

ანი _ მეც მომაწევინე.

იბო _ გითხრა, რატომ გიყურებ? მე უკვე მაშინებს შენი გამომეტყველება. არა, არა, თავი ნუ დამიქნიე. მე არ ვხუმრობ, მართლა მაშინებს. შენ ალბათ, სულ ასეთი იყავი. ალბათ კი არა, იყავი. ოღონდ მე ვერ ვხვდებოდი. ეს ამბავი რომ არ მოგეყოლა, მე რომ ეს გაყინული ღვინო არ დამელია, ვერც მივხვდებოდი ჩემს დღეში. ოცდარვა წლის წინ… როგორ არ მახსოვხარ? ასეთი იყავი მაშინაც, ოღონდ ჭაღარა არ გქონდა, ნაოჭები არ გემჩნეოდა სახეზე. მაშინ ჩვეულებრივი გოგო იყავი. გამხდარი, ანკესივით გრძელი. დედაშენს ჩემს არსებობას უმალავდი. საკუთარ თავსაც კი. მე ახლა მივხვდი ამას, ოცდარვა წლის მერე. (პაუზა) გიხაროდა ჩემი არსებობა, ჩემთან ყოფნა. საბნის ქვეშ სიამოვნებისგან კვნესოდი. ოღონდ ჩუმად, ძალიან ჩუმად. ღამურასავით _ მარტო შენ გესმოდა საკუთარი ხმა. ასე იმიტომ იქცეოდი, რომ გეშინოდა, არ დაგკარგვოდი. მარიკამ თითქოს ზედმეტად იგრძნო თავი და მოკვდა. ხოდა, შენც ისევ გამოჩნდი. გაუბედავი ნაბიჯებით და გაუბედავი ღიმილით. ძველი, მოდიდან გადასული პალტო გეცვა და ჯიბეში, დაჭმუჭნული ცხვირსახოცივით, თავმოყვარეობას მუჭით მალავდი. მე

კი ქორწილის დღეს მახსენდები და გულ-მუცელი მეწვის, ნამუსი მახრჩობს. და თურმე არ ვცდები. რა დააშავე? არაფერი, და ამიტომ მებრალები. (პაუზის შემდეგ) ნეტავ არ დამელია ღვინო…

ანი _ შენ კი ასეთ ადამიანთან ცხოვრობ. გახსოვს, წეღან რა გითხარი?

იბო _ წეღან უამრავი რამ მითხარი.

ანი _ სარკეში რომ ვიხედები-მეთქი…

იბო _ შენ ძალიან სასტიკი ხარ, ანი. მშიშარა ხარ და იმიტომ. ხმამაღლა ვერ კი ამბობ თორემ, ქალი ხარ, აბა ვინ ხარ? რატომ მოიხსენი სათვალე? გამწარდი, ქალი რომ გიწოდე?

(პაუზა)

ანი _ ამდენი სათქმელი თუ გექნებოდა, რას ვიფიქრებდი? შენ ალბათ მარიკას სიკვდილსაც მე მაბრალებ.

იბო _ რა სისულელეა! იდიოტი ხარ, ანი! მარიკას თვალითაც არ უნახიხარ. არც კი იცოდა შენი არსებობა.

ანი _ ყოველ ნაბიჯზე მლანძღავ. რა საწყენია… ამდენი ბოღმა რამ დაგიგროვა? ჩემმა არსებობამ?

იბო _ როგორ ვბრაზობ, ქორწილის დღეს რომ გამახსენდი. არადა, ყველაფერი შემთხვევით მოხდა. შეცდომით, მარიკას ნაცვლად შენ შემეცოდე. ასეთია ადამიანის გული _ დღევანდელი დღით ფეთქავს. უბედური გვებრალება, ბედნიერის _ გვშურს. რა დააშავა ან ერთმა ან მეორემ? არაფერი და სწორედ ამიტომ… სწორედ ამიტომ…

ანი _ საბრალო მარიკა. ისე მოკვდა, ჩემი არსებობა არც კი გაუგია. ნეტავ სცოდნოდა…

იბო _ მართალი ხარ. ისეთი საბრალო აღარ იქნებოდა.

ანი _ მარიკას რომ ჩემი არსებობა გაეგო, აღარ მოკვდებოდა. მერე შენ მიხვიდოდი, ჩაუვარდებოდი მუხლებში პატიების სათხოვნელად… რაღა მოკლავდა ამის მერე? ადამიანს სიძულვილი უფრო ასულდგმულებს, ვიდრე სიყვარული. ასეა მოწყობილი და რას იზამ? მარიკა სიყვარულმა შეიწირა, ჩაყლაპა, ჩანთქა.

იბო _ საერთოდ თუ იცი, რა არის სიყვარული?

ანი _ ეგ რომ არ მცოდნოდა, თავმოყვარეობასაც არ დავმალავდი დაჭმუჭნული ცხვირსახოცივით.

იბო _ მერედა, სიყვარული რა შუაშია? შენ აქ შიშმა მოგიყვანა. შენ ხომ პლანეტის მშიშარა ხარ!

ანი _ `შიში შეიქმს სიყვარულსაო”…

იბო _ ანი, დაგახრჩობ.

ანი _ მაგაზეც მიფიქრია. ჩემს მოკვლას რა უნდა? კაციშვილი ჩემი გამკითხავი არ იქნება. მომიკიდებ ზურგზე და კრემატორიუმში წამათრევ. წაიღებ იქიდან ჩემს ფერფლს და დამარხავ. საფლავზე

ალვის ხე გაიზრდება. მაღალი, უაზროდ მაღალი და უნაყოფო. (იცინის)

იბო _ ანი, მართლა დაგახრჩობ…

ანი _ ჰოდა, ალვის ხეც გაიზრდება…

იბო (უცებ) _ რა მოხდა?!

ანი _ სანთელი ჩაქრა.

იბო _ ნეტავ რომელი საათია?

ანი _ სამის ნახევარია.

იბო _ შუქს ალბათ აღარც მოგვცემენ.

ანი _ შუქი არა, ის არ გინდა?

იბო _ სანთელი აღარ გვაქვს?

ანი _ აღარ. ახლა რა ვქნათ?

იბო _ შენ გაიხადე, მე კიდევ სანთლებს მოვძებნი და ავანთებ…

ანი _ სანთელი აღარ გვაქვს, თორემ სიამოვნებით…

იბო _ მაშინ დაგახრჩობ…

ანი _ მიდი, დაიწყე.

იბო (პაუზის შემდეგ) _ იცი, აივანზე ორი ბოთლი ღვინო იდგა. ერთი ბოთლი იქვე, სულმოუთქმელად გამოვცალე.

ანი _ რას მეუბნები?

იბო _ იმ ბოთლით შენი სადღეგრძელო დავლიე. ანის გაუმარჯოს-მეთქი. ამ დინჯ, ჭკვიან და მშიშარა ქალს-მეთქი. რას ჰგავს, როგორ მეზიზღება, მაგისი ან ქალობა ვინ თქვა, ან დედობა-მეთქი. რამდენჯერ დამინახავს ქუჩაში. მაღალი, ძალიან გამხდარი და სათვალიანი. როგორ მძულს ის სათვალე-მეთქი. ჩუმად, მორიდებით დადის და სულ ქვევით იყურება. ხანდახან თუ ასწევს თავს. ტერფის ზომა დიდი აქვს, ქალისთვის შეუფერებელი. გამომეტყველება უაზრო, ყოველ შემთხვევაში, სათვალიდან ასე ჩანს. ტუჩები თხელი, მკრთალი ვარდისფერი და სევდიანი. ყველაზე სევდიანი _ ზურგი აქვს. ანი ქუჩაში მიაბიჯებს. თხელი, საშემოდგომო ქურთუკი აცვია. ხელები ქურთუკის ჯიბეებში ჩაუწყვია და მუჭით დაჭმუჭნულ ცხვირსახოცს მალავს… ამას ვფიქრობდი, ღვინოს რომ ვსვამდი.

(ასანთს გაჰკრავს)

ანი _ მე მგონი, ღვინო არ უნდა დაგელია…

(ხანგრძლივი პაუზა)

იბო _ ღვინო მართლა არ უნდა დამელია. მშვენიერი იყო, მაგრამ მომწამლა. საბოლოოდ მომწამლა. ანი, მოდი, გაიხადე, მე კიდევ სანთლებს მოვნახავ. სადმე უსათუოდ მოვნახავ! როგორ მიყვარს სანთლის შუქზე სექსი. უცხოურ ფილმებში მინახავს. ვგიჟდები ამ ფილმებზე! არადა, ვიცი _ ბოლოს მომიღებს. მთელი ქვეყანა ისე დადის, ისე ჭამს, ისე იცვამს და ისე ცხოვრობს, როგორც ამ ფილმებშია! შენც ასე არა ხარ? არა, არა. შენ სულ სხვა ხარ, სხვა ჯიშის. სახელიც ისეთი გქვია _ მოკლე და ცივი.

ანი _ სანთელი აღარ გვაქვს.

იბო _ ხო, ვიცი. არცაა საჭირო…

ანი _ როგორც გინდა…

იბო _ არა, მე აღარ მინდა. შენ ალბათ… მაპატიე… თან არ მინდა, მამამ გაიღვიძოს…

ანი _ მამა ვერ გაიღვიძებს…

იბო _ რაო?

ანი _ მამაშენი მოკვდა. შენი თანხმობით მისი ცხედარი კრემატორიუმში დაწვეს. ეს გუშინ იყო…

იბო (თავისთვის) _ მამა მოკვდა… გაუმარჯოს მამას… ეს რა მითხარი, ანი?

ანი _ შენ წარმოიდგინე, ასეა.

იბო _ ანი, ანი. შენ არ იცნობდი მამაჩემს…

ანი _ შენზე კარგად არა, მაგრამ…

იბო _ არა, არა. ნუ შემედავები. შენ საერთოდ არ იცნობდი მამას.

ანი _ ქარი ჩადგა. არ გეძინება?

იბო _ არც ისე. (თავისთვის) მამა მოკვდა… კრემატორიუმი… ფერფლი… ქელეხი… მამა…

ანი _ მამა გიყვარდა, იბო?

იბო _ მამა არასდროს არ მიყვარდა. მეშინოდა _ ბავშვობიდან დღემდე. მამა უკვე აღარ არის და მე უფრო მეშინია, ბავშვივით.

ცხოვრება სპრინტივითაა _ სტარტიდან ფინიშამდე უსწრაფესი გარბენა. (პაუზის შემდეგ) სპრინტი _ უსწრაფესი გარბენა სტარტიდან ფინიშამდე… (ანი იცინის) რა გაცინებს?

ანი _ რაღაც სისულელე გავიფიქრე.

იბო _ მითხარი. მეც მიყვარს სისულელეებზე ფიქრი.

ანი _ ნამდვილი სირბილის დროს მორბენლები რომ იღუპებოდნენ, ოღონდ ფინიშთან მისვლისას. წარმოიდგინე, რა იქნებოდა?

იბო _ რა იქნებოდა?

ანი (იცინის) _ არ გაიქცეოდა არავინ.

იბო _ რომ სცოდნოდათ, კი.

ანი _ ჩვენც ასე არა ვართ?

იბო _ მე მეგონა, მართლა სისულელეს იტყოდი.

ანი (იცინის) _ მაპატიე. კარგად ვერ მოვიფიქრე. სად მიდიხარ?

იბო _ აივანზე. იქნებ კიდევ იყოს ღვინო…

მეორე ნაწილი

(ქუჩაში ძაღლი ყეფს. საიდანღაც კარზე ბრახუნი მოისმის.)

იბო _ ქარი ჩადგა და სიჩუმეა.

ანი _ საწყალი კაცი. კარს არ უღებენ.

იბო _ ვინ გითხრა, რომ კაცია?

ანი _ ბრახუნზე ვხვდები…

იბო _ როგორ არ მსიამოვნებს ეს ხმა. სულ მგონია, რომ უბედურება მოხდა.

ანი _ რა საშინელი იქნებოდა, წინასწარმეტყველი რომ დადიოდეს კარდაკარ და იმ ოჯახის კარზე აბრახუნებდეს, სადაც უბედურებაა მოსალოდნელი…

იბო _ ბავშვივით ლაპარაკობ.

ანი _ არ შეგეშინდა?

იბო _ მართლა რამდენს აბრახუნებს…

ანი _ ვინ იცის, იქნებ მაწანწალებმა სცემეს…

იბო _ რა თბილი გაქვს ფეხები…

ანი _ აჰ! ფრთხილად!

იბო _ ნატკენ ფეხზე მომიხვდა? მაპატიე.

ანი _ რა სუსტად ანათებს კანდელი.

იბო _ არ უნდა გამოგეტანა, სირცხვილია.

ანი _ ბნელში ხომ არ ვიქნებოდით?

იბო _ როგორ დუმს მისი ოთახი…

ანი _ ვისი გრცხვენია?..

იბო _ საწოლი, სავარძელი, კედლები… ყველაფერი დუმს. სავარძელი იდგა? სავარძელში ხომ არ იჯდა?

ანი _ ვინ?

იბო _ მამაჩემი…

ანი _ არადა, როგორ მინდოდა ყოფილიყო… იქნებ ახლა მაინც ეთქვა რამე.

იბო _ რომ დაგხვედროდა, უსათუოდ გეტყოდა…

ანი _ რას, რას მეტყოდა?

იბო _ არ ვიცი…

ანი _ ნეტავ ვიცოდე, ღმერთო!..

იბო _ შეიძლება არც არაფერი ეთქვა. ვინ იცის? (იხსენებს) მე და მამა ერთმანეთისგან შორს ვცხოვრობდით…

ანი _ შორს?

იბო _ ხო, ასე იყო. ჩვენს ოთახებს ხუთი მეტრი აშორებდა. ეს, იცი, რა დიდი მანძილია? ზოგჯერ სამი-ოთხი დღე ისე გავიდოდა, ერთმანეთს არც ვნახულობდით. ერთხელ ღამით ავდექი. სამზარეულოში დამხვდა, სადილობდა. გასვლისას რაღაც მომაძახა. ვერ გავიგე და გამიმეორა: `რამდენიმე დღეში დავმუნჯდები და არ შეგეშინდესო”. მხრები ავიჩეჩე და გამოვედი. დღემდე არ ვიცი, მართლა დამუნჯდა თუ არა _ ხმა არ გაუცია მას მერე…

ანი _ საწყალი კაცი…

იბო _ ზოგჯერ მავიწყდებოდა მისი არსებობა. სავარძელი ისევ შუა ოთახში დგას?..

ანი _ არ ვიცი. არ დავკვირვებივარ.

იბო _ როგორ მძულს ის სავარძელი! სულ იქ იჯდა. (იხსენებს) ერთხელ საშინლად მთვრალი მოვედი. მივეგდე საწოლზე და გმინვაში ჩამეძინა. მოგვიანებით რაღაც ხმა ჩამძახოდა ძილში: `რა სწრაფად გიცემს გულიო”. უეცრად გამეღვიძა და მაშინვე გამოფხიზლდი _ მამა სასთუმალთან დახრილიყო და მაჯას მისინჯავდა. მერე ადგა და წავიდა, გამეცალა. მიხვდა, რომ უკვე ფხიზელი ვიყავი… (პაუზის შემდეგ) მამაჩემი მოკვდა, ანი. რა იყო ჩემი ცხოვრება?

ანი _ შენი თუ მისი?

იბო _ ჩემი, ანი, ჩემი. ჩემი ცხოვრება რა იყო მეთქი, სანამ ის მოკვდებოდა. (იხსენებს) იმ დღეს დედაჩემის დაკრძალვა იყო. მამას შავი პერანგი ეცვა. საფლავთან დასვენებულ დედას შუბლზე ისე ეფერებოდა, თითქოს მიცვალებულის კანი ხელს სწვავსო. მერე მუჭით მიწას აყრიდა კუბოს. მე მძულდა მამა, პირველად ცხოვრებაში. ვიდექი ათი წლის ჭირისუფალი და ვნატრობდი, მამაც მომკვდარიყო. (პაუზა) მერე შინ დავბრუნდით. იმ ღამით მამამ დამიძახა… სავარძელში იჯდა და იმ თევზის ფერი ედო, რომელიც ქელეხისთვის შეიძინეს. უცებ მკითხა: გინდა, მამაც მოკვდესო? (იცინის) იცი, რა დამემართა? გულისთქმას მიმიხვდა-მეთქი, გავიფიქრე და ავზლუქუნდი. მამამ ჩამიხუტა. ნუ გეშინია, არაფერი მომივაო. სულ, ყოველთვის კარგად ვიქნებიო. (იცინის) საწყალი მამა. ტიროდა. მეც ვტიროდი სიხარულისაგან და სირცხვილისაგან. (პაუზა) სახე მიხურს. ალბათ ღვინის ბრალია.

ანი _ სად მიდიხარ?

იბო _ იფ! რა ცივია კარი!..

ანი _ მამაშენი მოკვდა, იბო. იქნებ ყველაფერი თავიდან დაგვეწყო ? ყველაფერი, სულ ყველაფერი, იბო…

იბო _ რა კარგია სიცივე! მთელი სახე მეწვის!

ანი _ ყველაფერი რიგზე იქნება, იბო. რამდენიმე დღეში ყველაფერი გაივლის და დავმშვიდდებით. მამაშენის ოთახს დავალაგებ, დავასუფთავებ. სავარძელი, თუ გინდა, გადავაგდოთ. იცი, მამაშენი იმ სავარძელში მოკვდა… (იბო კარზე აბრახუნებს) რა ხდება, შენ აბრახუნებ?

იბო _ სახე მეწვის, ანი!

ანი _ ყველაფერი გაივლის, იბო, სულ ყველაფერი… შემთხვევით შევიხედე და რას ვხედავ: ჩამჯდარა სავარძელში და კვდება. რა აღარ ვეცადე _ ხან აქედან მივუდექი, ხან იქიდან _ ადგილიდან ვერ დავძარი. დაედო ორივე ხელი მუცელზე და ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს გველები ჰყავს ნაწლავებშიო. იქნებ მართლა ჰყავდა, იბო?.. კრემატორიუმში როგორ ციოდა, არა? ცხოვრებაში მაშინ შემშურდა პირველად მიცვალებულის…

იბო _ სახე მეწვის, ანი. ჩააქრე კანდელი…

ანი _ ჩვენ მშვიდად ვიცხოვრებთ, იბო. აღარაფერზე ვიდარდებთ. იქნებ ბავშვიც გაგვიჩნდეს… სათვალეს საერთოდ მოვიხსნი, აღარ გავიკეთებ. საბნის ქვეშაც შენს გასაგონად ვიკვნესებ… იცი, მე მგონი, ჯობს, დავწვათ სავარძელი… კრემატორიუმში რომ მივიტანოთ, არ დაწვავენ? ავუხსნათ ყველაფერი და მე მგონი უარს არ გვეტყვიან.

(იბო კარზე აბრახუნებს) მერე წავიღოთ ფერფლი და მამაშენის საფლავზე დავყაროთ…

იბო _ აღარ შემიძლია, ანი, გაჩუმდი!

ანი _ ბავშვი თუ გაგვიჩნდა, მამაშენის ოთახი ბავშვის ოთახად გადავაკეთოთ. კედლები ათასფრად შევღებოთ, ოთახის მცენარეები შევიძინოთ. (პაუზის შემდეგ) აღუ, აღუ, პატარავ, დედამ მუცლით გატარა. დაიძინე, პატარავ… ნუ ტირი, პატარავ… დაიძინე… დაიძინე… დაიძინე, შე ჩათლახო! (იბო კარზე აბრახუნებს) დაიძინე! (ისტერიულად) დაიძინე!!!

(ხანგრძლივი პაუზა)

იბო (ჩურჩულით) _ ანი, ანი, რა მოგივიდა?!

ანი (ჩურჩულით) _ გათენდა… ჩავიცვათ და წავიდეთ…

იბო _ იდიოტები ვართ…

ანი _ რას იზამ?..

იბო _ მშია…

ანი _ ჩანთაში ვაშლი მაქვს, გინდა?

იბო _ მომეცი… (ვაშლს ჩაკბეჩს) რა წვნიანია და ტკბილი. (პაუზა) ანი, შენ რა, ტირი?!

ანი _ მე მგონი… (ტირის)

(ოთახში გამოღვიძებული ქუჩის ხმაური აღწევს)

ფარდა

წყარო – http://lib.ge/body_text.php?8198

About Mimos Finn

Mimos Finn is invisible
This entry was posted in დრამატურგია and tagged . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s