მაია ჯალიაშვილი: “ფლამინგოები ჯოჯოხეთში”


Maia Jaliashvili

ეს პიესა დადგა რეჟისორმა ზურაბ კანდელაკმა საქართველოს რადიოში _”ეროსი მაჯგალაძის სტუდია”.
დაბეჭდილია წიგნში ”გულის ბარძიმი”, 2009

მაია ჯალიაშვილი

ფლამინგოები ჯოჯოხეთში
რადიოპიესა

მოქმედი პირნი:
მედეა
სანდრო
ქალი
ხმები: სერაფიტი, ელენე, მედეა
მუსიკა

მუსიკა.

მედეა: მთელი დღე ლექსებში… ვერავინ მიშველის, თუ თავში შემოვლენ შეშლილი ლექსები, წყურვილსაც მოვიკლავ კამკამა ლექსიდან… ვინ მოვა ლექსიდან… მუსიკა, რომელიც კვლავ ლექსში წამიყვანს… ჩვენ ლექსში შევხვდებით და ისევ ყოველი… და თვითონ სამყარო იშვება თავიდან…

მუსიკა

მედეა: მახსოვს სიმსუბუქე დამჭკნარი ფოთლისა, ნიავმა დაჰბერა და მოვწყდი ტოტს, რომელსაც სიცივისგან შეაკანკალა. შემოდგომა… დიდი ხანია შემოდგა ჩემს სხეულში, შე… შენ… მიწაზე ბევრი ფოთოლი ყრია… ფერები ხრწნისა, ფერები კვდომისა… სილამაზე გარდაცვალებისა… მე შევიცვალე… მახსოვს სარკმელში მთვარის პროფილი და ხმა შორიდან…
ისმის მუსიკის ხმა…

სანდრო: მედეა, მოგწონს? შენზე ვფიქრობდი ამის ხატვისას…

მედეა: ჩემზე? სიზმარში მგონია თავი. სად ნახე ასეთი მშვენიერი ვარდისფერი და ცისფერი ფლამინგოები…

სანდრო: შენს მზერაში… დიდი ხანია გიცნობ, მაგრამ ახლა აღმოგაჩინე. სიტყვები, რომელი სიტყვები გითხრა, გაცვეთილი, უფერო სიტყვები… უშენოდ… ეს ფლამინგოები… დაიხოცებიან. გესმის? უშენოდ ცარიელია ჩემი სიცოცხლე _ როგორც გამხმარი ხეები ზამთარში, რომელთაც აღარასოდეს ეწვევათ გაზაფხული…

მედეა: რა დიდებულია! შენი ბაგეებიდან სიტყვები ისე ცვივა, როგორც ატმის რტოდან ყვავილები ნიავის დაბერვისას. ეს ყელაფერი შენ მოიგონე… არ არსებობენ ასეთი ვარდისფერი და ცისფერი ფლამინგოები… ჩვენც ერთად… მხოლოდ… მხოლოდ ამ ტილოზე _ როგორც ეს ფრინველები _ არც ცაზე, არც მიწაზე, არსად! არ არის ამ უსასრულო სამყაროში ერთი პაწაწკინტელა ადგილი, სადაც ჩვენ _ როგორც ეს ფლამინგოები _ ვარდისფერი და ცისფერი _ ერთად…

სანდრო: მედეა…

ისმის მუსიკის ხმა.

მედეა: ახლა, როდესაც ასეთი ცხადი და გამჭვირვალეა მთელი სამყარო, გახსნილი და ამოხსნილი… მე ვდუმვარ და ჩემი სხეული _ ლურჯი მარმარილოსავით ჩუმი და ცივი.. თეთრ ქრიზანთემებში, შინდისფერ მიხაკებსა და პირისფერ ვარდის კოკრებში ჩაფლული… რამდენი ყვავილი… რა უხვად მოტანილი… ლამაზად დაწნული კალათები ნორჩი იებითაა სავსე… მე დიდი ხანია უნდა წავსულიყავი… ცრემლები… მეფრქვევა მდუღარე ცრემლები და წუხს ჩემი სული…

ისმის მუსიკის ხმა…

სერაფიტი: მე ვარ სერაფიტი, ასული ზევახისა… ცისფერი თვალებითა და ოქროსფერი თმებით… ვიყავი… თუ… იყო და არა იყო რა… ცრემლების ზღვაში ჩემი სული, როგორც გედი… უმტვერო და დაულაქავი… მერე მზის სხივს გავყევი… ღალატი…ახლა როგორც უგემოვნოდ შერჩეული Fფერი ტილოზე… მაშინ, ეკალი ულმობელი უეცრად უებრო ვარდის მიწვდენისას და ხელისგული დასერილი სისხლის წვრილი ნაკადულებით…

ისმის მუსიკის ხმა…

მედეა: იმ კაცს ხედავ, სანდრო, რაც ჩვენ აქ ვსხედვართ, ერთი-ორჯერ უკვე ჩაიარა…

სანდრო: მერე რა მოხდა… ხალხს რა დალევს ამ ბაღში…

მედეა: ასე მგონია, ეს დამშრალი შადრევნები… მაგან დააშრო… თანაც, ლურჯი წინდები, დაინახე? ლურჯი წინდები ეცვა…

სანდრო: რა ფერისაც უნდა სცმოდა… მედეა… არავინ და არაფერი არ არსეობს ახლა შენ გარდა და მე ვერაფერს ვხედავ… შენს თმებს შროშანის სურნელი აქვს…

მედეა: რა ლამაზი თითები გაქვს, ჩამოთლილი, თან რა ნაზი… ეს რა ხაზია ასეთი ლურჯი… მაჯაზე რა გაქვს? გაგეკაწრა?

სანდრო: ეს? არაფერი.. ისე, საოცარია, მინდოდა მეამბნა და სულ მავიწყდებოდა… ამას წინათ სიზმარში ერთ უცნაურ კაცს დავუმეგობრდი, წარმოგიდგენია? ძმად გავიფიცეთ, შევასრულეთ ძველებური რიტუალი… წარმომიდგინე თავით ფეხამდე იარაღში ჩამჯდარი… ხმლები და თოფები გავცვალეთ… მერე მაჯები გადავისერეთ…

მედეა: სიზმარში? შენ კი გატყვია ასე ცხადად.

სანდრო: ჰო, ხდება ხოლმე… ალბათ, მალე გაქრება კიდეც…

მედეა: სიზმარში? მეტი არაფერი? მხოლოდ გაიფიცეთ და მეტი არაფერი? პირობაც ხომ არ მიგიცია რამე?

სანდრო: პირობა? არა, რა პირობა უნდა მიმეცა?
მედეა: ისე, გეხუმრები… შეხედე… ხედავ იმ ჩიტს? რამდენი ხანია ზის ტოტზე და ჩვენ გვიყურებს… ნეტავი ამ ჩიტს თუ გავახსენდებით მე და შენ … ეს დღე… ეს შაბათი…

ისმის მუსიკა…

კაცის ხმა: შაბათი… უფალი ისვენებდა… მის ხელებს ეტყობოდა თიხის კვალი… მეექვსე დღე ყველაზე მძიმე და ყველაზე ძვირფასი… ედემში ერთად იშვებდნენ ორნი… და უნაკლო გახდა სამყარო… მშვენიერი და სრულყოფილი…

სხვა ხმა: „რამეთუ ვიხილენ მე ცანი, ქმნულნი თითთა შენთანი, მთოვარე და ვარსკვლავები, რომელნი შენ დააფუძნენ…“

ისმის მუსიკის ხმა…

რადიოს დიქტორის ხმა: ამ ბოლო დროს ძალიან ბევრს ლაპარაკობენ მხატვარ სანდრო მინდელის შესახებ. გასაოცარი რამ ხდება. ამ ერთ ჩვეულებრივ მხატვარზე დღეს მთელი მსოფლიო ალაპარაკდა… განსაკუთრებული აღიარება მოიპოვა მოიპოვა ტილომ „ფლამინგოები ჯოჯოხეთში“…

რადიოს დიქტორის ხმა: დღეს ლონდონში გაიხსნა ქართველი მხატვრის, სანდრო მინდელის პერსონალური გამოფენა. მის სტილში არის რაღაც დემონური… რაღაც არაადამიანური ენერგია იფრქვევა მისი ზოგიერთი ნახატიდან, მაგალითად, ფლამინგოები…

მუსიკა.

მედეა: დიდ ხანს მიხმობდი ხარბი ბარათებით, ხატავდი სივრცეში ხავერდის ქარავანს… მერე სველ დუმილში გახსენი გასამხელი… მოხვედი თებერვლის უმტვერო თოვლი… მახსოვს… აკლდამაში ფარული ჯვრისწერა, თითქმის არყოფილი. სამარადისო ფიცი და ბროლი დამსხვრული ქათქათა ფიქრებად… გაცრეცილ ბაგეზე ენძელებს ვკოცნიდი… თებერვლის თოვლი… დაფანტული ფორთოხლები თეთრ სარეცელზე. ცხელი ტბორი ნარინჯისა, ყვითელი ღამე… მზე დატეხილი ოქროს თითებით დაეძებდა დაკარგულ სარკეს… და დნებოდა თოვლის სტრიქონი… თვს არ განებებს უცხო ხილვა და დავიწყების ნეტარებიდან გამოხმობილს შეგაფეთებს სიზმარს იმავეს… მღვრიე ბურუსში მოჩანს ტილო: ნატურმორტი: ლურჯი ცხედარი თოვლის მკლავებში და ფორთოხლები.

ისმის მუსიკის ხმა.

ქალი: რა დაგემართა, დაწყნარდი, რა მოხდა….

მედეა: ყველაფერი ტყუილი იყო… ტყუილი… არ მინდა ტირილი, მაგრამ რაღაც ჩემში, ჩემზე ძლიერი არ მაძლევს ნებას…

ქალი: მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი ასე დამთავრდა, ხომ შეიძლებოდა უარესადაც…

მედეა: ღმერთო, მაპატიე… დამავიწყე იმისი შეშინებული მზერა და ყალბი ღიმილის ნიღაბი…

ქალი: როცა ირგვლივ ამდენი პრობლემაა… გეგონება, ცაში ცხოვრობდე….

მედეა: ჰო, დიდ მინდორში უამრავი ყაყაჩო როდესაც ყვავის, ვერავინ ამჩნევს ერთი დამჭკნარი ყვავილის ტკივილს… მოცელეს ბალახი… არავის ახსოვდა ყაყაჩო უებრო… და ახლა ტკივილი… კივილი მოკანკალე მიაქვს ქარს ყვავილის მოკვეთილ ტანიდან…

ქალი: ღირს კი? დაფიქრდი, რისი გულისთვის… მერე რა მოხდა, ერთი პატარა სიყვარულისთვის… სულელი ქალი… უამრავი სისულელე… კაციც, რამდენიც გინდა… თანაც იმდენად სულელნი, რომ სიყვარულისთვის თავის მკვლელნი…

მედეა: ღირებულება? ვინ აწონავს ან ვინ გაზომავს… მთელი სიცოცხლე სასაფლაო ატარო გულით…

ქალი: გაფერმკრთალდება ტკივილიც, ტანჯვაც… არ არსებობს ჭრილობები მოუშეშებელი… მხოლოდ დააცადე… დროს, მის მეუფებას, რომელსაც მორჩილებს ყველაფერი, თვითონ მეფენიც…
ისმის წვიმის ხმა:

მედეა: როგორ წვიმს… მაწვიმე თავშიც, კეთილო წვიმავ, და ჩამომირეცხე, გადაშალე ყველაფერი… აღარაფერი აღარ მინდა მახსოვდეს… აღარაფერი… დამავიწყე… დამავიწყე… სიტყვები… სიტყვები…. ისეთი ლამაზები, როგორც მწიფე ვაშლები ფერად ფოთლებსა და ბალახებზე…

ისმის მუსიკა…

კაცი: „ამაოა მთლად ცხოვრება, დრტვინვის წუთისოფელია,
წადი, წადი მონასტერში, მონასტერში, ოფელია…“.

ისმის მუსიკის ხმა…
მედეა: სველია მიწა, მაგრამ სიცივე აღარ აკრთობს ჩემს გაფითრებულ სხეულს… ტანზე მეფრქვევა მოხუცი ქალის ცხელი ცრემლები, მაგრამ სითბო აღარასოდეს ააჩქროლებს სისხლს და მისი ძლიერი მოქცევები აღარ შესძრავენ გულს, რომელიც ახლა ისე დუმს, თითქოს არასდროს არ შემკრთალა… რა სიგრილეა…

ისმის საფლავში მიწის ჩაყრის ხმა…

მედეა: აღმა მივფრინავ… ეს არ არის დამშვიდობება, ეს არ არის წუხილი, ეს არ არის სიხარული, ამ გრძნობას სიტყვით ვერ გამოთქვამს…
ილოცეთ ჩემთვის… სიყვარულისთვის… სჯობს, არ იშვას, თუ სასიკვდილოდ არის განწირული… მაგრამ ფურცლები… ჩემი ცხოვრება წიგნის შროშანებიანი ფურცლები…

მუსიკა… ხმაური…

გაურკვეველი ხმები: თავისმკვლელებს საერთო სასაფლაოზე არ ასაფლავებენ… უდიდესი ცოდვაა, მიუტევებელი… ლოცვაც კი აკრძალულია მათთვის…მხოლოდ წელიწადშიერთხელ შეიძლება მათთვის სანთლის დანთება…

ისმის მუსიკა… შეენაცვლება სვა ხმა: კაცის ღრიალი… ქვების გადაგორების ხმა, მტვრევა და ტოტების ლაწალუწი… კაცი გამოსცემს არაადამიანურ ხმებს, ეშმაკეულია… უცებ სიწყნარე ჩამოვარდება… კაცს აჩქარებული სუნთქვა დაუმშვიდდება…შემოიჭრება ღვთაებრივი მუსიკა და გაისმის მშვიდი ხმაიესოსი_დამშვიდდი… ისმის კაცის მუხლებზე დაცემის ხმა, ისევ აღელდება და იყვირებს:

კაცი: რა გინდა ჩემგან, ძეო, უზენაესო ღვთისა? ნუ მტანჯავ, გამეცალე…

იესო: გადი ამ კაცისაგან, არაწმინდა სულო… მითხარი რა არის შენი სახელი?

კაცი: ლეგიონია ჩემი სახელი, რადგან ბევრნი ვართ…

მძაფრი მუსიკა…

მედეა: ბევრნი… მაინც რამდენი? მე და სხვები და ყველანი ერთად ერთ სხეულში, რომელიც ჩემია.. „ტაძარნი ხართ ღმრთისანი და სული წმინდა დამკვიდრებულ არს თქვენს შორის…“ ჩემში კიდევ სხვა… ის, წმინდა და ნათელი, სად? რომელ კუნჭულში? აქ ყველგან სხვები… სხვები და მე… განრისხებული, დაცემული, ეჭვიანი, უსასოო, ლეგიონი…

მუსიკა…

მედეა: სიტყვები… დატეხილი ტოტების ტკივილი… ამ ტოტში კვირტების მოთქმა და ტირილი, რომლებიც ელოდნენ გაზაფხულს… ელოდნენ…. სურვილი ყვავილობის და იასამნობის ცრემლებში გაწყალდა…. საწყალი ქარია, რომელმაც უწყალოდ დატეხა ტოტები… და მერე წავიდა… მიხვდება ოდესმე… რა საბრალოა და მიტოვებული… სიტყვები… არ მითხრა… მოკვდება, თუ იტყვი… მაგრამ ის… სიკვდილი… როგორი კარგია, როდესაც ჰყვებიან მასზე იმ ლურჯი და ფერადი სიტყვებით…

ისმის მუსიკა…

მედეა: ბნელი და გრძელი ტალანია… ვიღაც მეხება, სიბნელე არ მიშლის და გარკვევით ვხედავ… ჩემ წინ ქალია… საიდანღაც მეცნობა… ჰო… საიდან… საიდან….მე… მე ვარ? მე ვარ, როგორი განრისხებული, როგორც შურისმაძიებელი ერინია… ხელი ჩამჭიდა და თითქოს შევერწყი… დიდ დარბაზში მოწმედ ვარ გამოცხადებული… მეკითხებიან… მე ტყუილს არ ვამბობ, მაგრამ არც მართალს ვამბობ… მე გულგრილი ვარ… დარბაზი ქრება… ახლა სხვაგან ვარ… მედეა… შეშლილი სახე გაქვს… მოიცადე, დაწყნარდი… საკმარისია… შენი მეტოქე საშინლად დამახინჯებული შენს ძვირფას საჩუქარში უკვე დაიფერფლა… ისიც… ხორცს იგლეჯს სიმწრისაგან… მაგრამ გწყურია… კიდევ მეტი.. რაღაც საზარი… დამალეთ დანა… არავინა ხართ სულიერი? გადაეღობეთ… ხელები გაუკავეთ… ბავშვები… ჯერ კიდევ დროა… წამით შეყოვნებისას ვიღაცამ უნდა დაასწროს, რომ ხელი არ გაუსისხლიანდეს…

(ისმის ქალის საზრელი კივილი)

უცხო ხმა: შურისძიების ბედნიერება იგრძენი განა? თუ… ცოცხლად ძელზე გასმის ტკივილი…
ისმის მუსიკის ხმა.

მედეა: ისევ სიბნელე. ნეტავ ამ წყვდიადს ექნება ბოლო? რაღაც ოქროსფერი გამოჩნდა წინ… მივაღწევ იქამდე? თითქოს ტალახში მივაბიჯებ…

ისმის მუსიკა…

მოხუცი: ეჰ, ბოლო არ უჩანს ამ ომს… რა სიშლეგეა… ომები მახსოვს, მაგრამ ასეთი გაუთავებელი…. თანაც, ვიღაც ნათრევი დედაკაცისთვის…

სხვა მოხუცი: ჰო, ჩვენს კაცებს ტვინი გამოელიათ, ქალაქი ლამის არის დაიქცეს, შიმშილსა და სიღატაკეს ვეღარ ვუმკლავდებით…

მოხუცი: შეხედეთ, მეჩვენება, თუ… ჩემმა ბებერმა გულმაც იგრძნო რაღაცა შფოთი… ნუთუ ეს ის ქალია, მშვენიერი ელენე…

სხვა მოხუცი: დიახ, ბატონო, თვითონ ეგ გახლავთ მიზეზი…

მოხუცი: ო, ახლა მესმის… ყველაფერი გავიგე ახლა… სულ მარტივი ხდება ხოლმე სიბრძნე, როდესაც პირისპირ უჭვრეტ…

ისმის მუსიკა:

მედეა: მიმაქვს ნელსაცხებელი, წუხელ მთელი ღამე ალოეს ვსრესდი, შევურიე ზეთისხილის ზეთი და მუშკი, მერე დავდექი ლოცვად მღვიძარი და ფსალმუნები წარვთქვი მოუღლელად… ახლა დილაა… ჩემი მოძღვარი იქ აკლდამაში მარტოა ახლა და დადუმებულ ბაგეთაგან აღარ იფრქვევა სიტყვები, რომელთა ძალითაც წყნარდებოდა ქარიშხალი და მადლი აღიძვროდა… მაგრამ… ნელსაცხებლის ჭურჭელი მემსხვრევა გზაში… (ისმის ქვითინი).

ჯერ დრამატული მუსიკა. შემდეგ მხიარული ხმები შემოიჭრება. საზეიმო მუსიკა… კარიბჭის ჩაკეტვის ხმა.

მედეა: ნუ ჩაკეტავთ, მომიცადეთ… ჩემი ბრალი არ არის, რომ დამაგვიანდა… მაშ, ვისი ბრალია? უგუნურო ქალწულო, თითქმის ბრიყვო… ახლა დაჯექი და იგლოვე შენი უგუნურება… განა არ იცოდი, რომ კანდელში სულ ცოტა ზეთიღა გქონდა. რად არ მიბრუნდი თავის დროზე, რად არ იფხიზლე… დაგავიწყდა სიშორე გზისა? შუაღამისას მოვიდა სიძე… ახლა ქორწილში სხვანი იშვებენ და ნეტარებენ…

ისმის მუსიკა…

მედეა: აი, გათავდა ბნელი ტალანი, აქ მრავალს შევხვდი და მათ შორის ბევრი ვიცანი… მე დაშლილი… მე-სულ სხვადასხვა… როგორც ლეგიონი…. ყველა მსგავსი და მაინც სხვადასხვა… ზოგი, თითქმის უცნობი, მაგრამ მაინც მე… მათ შორის ჭარბობდნენ მოუთმენელნი, ჯიუტნი, ფიცხნი, მშიშარანი, უგუნურნი, ამაყნი…
ახლა ბრწყინვალე შუქში ვეხვევი… მოჩანს ის მაღალ სხივოსან ტახტზე… დავეცემი მის ფერხთით მორჩილად, თაყვანს ვცემ, ყველაფერს მოვინანიებ და ვიტყვი სიმართლეს… აღარ მექნება აღარაფერი დამალული და და დაფარული… უარვყოფ ჩემს თავს მხოლოდ მისი სიყვარულისთვის… მაგრამ სული ვარ და აღარ ძალმიძს არც დაჩოქება, არც სინანული… ახლა მე მხოლოდ ტკივილის გზნება შემიძლია ან სიხარულის… ერთიცა და მეორეც ახლა არის დაუსრულებელი და უცვალებელი… ვიცი, მიმელის კუპრში ქშენანი… და უკვე მტკივა… მტკივა…
ისმის მუსიკა… კვნესა… გლოვა…

ქალი: შენ რა, მთელი ღამე არ დაგიძინია? ეს რა არის? ისევ წერდი?

მედეა: ჰო, ვწერდი…

ქალი: გამოდი, ცეცხლი შევანთე, არ გაიყინე? გათბი….

მედეა: ვწერდი… ის, რაც ასეთი კაშკაშა იყო ღამით, ვხედავ, დღემ როგორ გააფერმკრთალა… წაკითხვაც არ მინდა… არ ვარგა… ეს არ არის ნამდვილი ტანჯვა, ეს არ არის ნამდვილი სიკვდილი… ნამდვილი…

ისმის მუსიკა.

ქალი: ისევ ცეცხლში ჩაყარე ნაწერები? ვერ გამიგია, მაშ, რაღად წერდი?

მედეა: როგორ გითხრა? ღამემ და ვარსკვლავებმა წაიკითხეს… ცუდი წამკითხველები არიან? ჰოდა, მე მგონი…. შეხედე, რა ლამაზად იწვებიან ფურცლები, საიდან ჩნდება ეს ფერადი ალები? მე კი რომ ვუყურებ, იცი, რა მახსენდება? ჰო… ვარდისფერი და ცისფერი ფლამინგოები ჯოჯოხეთში…

დასასრული

წყარო – http://maiajaliashvili.blogspot.com/2011/02/blog-post_9084.html

About Mimos Finn

Mimos Finn is invisible
This entry was posted in დრამატურგია and tagged . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s