ბესო ხვედელიძე: ესტაფეტა


Beso Khvedelidze

ბესო ხვედელიძე

ესტაფეტა

მოქმედი პირები:
მე
პაპა
მამა
შვილი
ხალხი

სურათი 1

ღამე. ლამფის შუქით განათებული მწირად გაწყობილი ოთახი. მე ხის დაფაზე დანით ბოსტნეულს ვჭრი. იქვე ღუმელი გიზგიზებს. ისმის დანის რიტმული რაკუნი. თან ჩემთვის ვღიღინებ. კარზე კაკუნია. იღება კარი. შემოდის თეთრწვერა პაპა.

მე (დარბაზს):ღამით პაპა მოვიდა… დაღვრემილი ჩამოჯდა ჯირკზე და ზურგი ღუმელს მიუშვირა… (პაპა ჯირკზე ჯდება და ხელისგულებს ითვალიერებს) ზურგს ითბობდა, თან ხელისგულებზე ისე იყურებოდა, თითქოს იქიდან რაღაცის ამოკითხვა სურდა. ასე გაზეთს ჩასჩერებიან ხოლმე. ან წიგნს. აქ ჯერ არც ერთი გვაქვს და არც მეორე. ნუ, ეს მხოლოდ ჯერჯერობით… შესაძლოა სამუდამოდაც! ეს სიტყვაც ხომ საერთოდ სხვანაირად ჟღერს აქ. “სა-მუ-და-მოდ”… “სა-მუ-და-მოდ”… (პაპას) ახლა რაღა, პაპა?

(პაუზა)
პაპა (ხელისგულებს წყვეტს მზერას): ძროხებიც აღარ ზმუიან.

(პაუზა)

მე (დარბაზს): ამის გაგონებაზე თვალი ფანჯარაში მთვარისებური მნათობზე გამიშტერდა… კაი ხანს შევყურებდი… რომ გამოვფხიზლდი, თავი გადავაქნიე და პაპას შევხედე. (პაპას) მერე?
პაპა (ხელის ჩაქნევით): რაღა მერე?.. რაღა დარჩა… ძაღლი აღარ ყეფს, კატა აღარ კნავის, ქათამი აღარ კაკანებს, ღორი, ვირი, ცხენიც… ყველანი ჩუმად არიან. ხომალდიც აღარ გამოჩენილა რა ხანია… რამე ცუდი ამბავი ხომ არაა იქით? (პაპა ზევით იხედება)
მე: აბა მე საიდან უნდა ვიცოდე, პაპა, ეგეთები…
პაპა: უნდა იცოდე!.. შენ ყველაზე კარგად უნდა იცოდე… ეგეთი რა ხდება იქით, ასე რომ ჭიატებს ეს დღეები?.. ხან ჩაქვრება, ხან აინთება…
მე: აბა რაღა მახსოვს, პაპა… იმდენი ხანი გავიდა… ბოლოს, შემთხვევით გაჩენილმა ხანძრებმა რომ იმატა იქ, ეგ ახლაც კარგად მახსოვს… და თვითმკვლელობებმა… მეტი არაფერი…
პაპა: შემთხვევით არაფერი არ ჩნდება!
(პაუზა)
მე (დარბაზს): ცოტა ხანს ჩუმად შევყურებდით ერთმანეთს. მერე მე ისევ ბოსტნეულის ჭრა განვაგრძე. (ისმის დანის კაკუნი) (პაპას) ჩამოფრინდება ბოლო-ბოლო ეგ ოხერი ხომალდიც… სად წავა?.. ჩვენ იქით საით აქვთ გზა…
პაპა: ჯანდაბაში!.. იგვიანებს… ვერ ატყობ, რომ სხვანაირად იგვიანებს?.. პირუტყვიც კი გრძნობს რაღაცას…
(პაუზა)
მე: და ახლა ძროხებიც?
პაპა: და უკვე ძროხებიც… (პაპა ხელისგულებზე იხედება. სიჩუმეს კვლავ დანის რაკუნი არღვევს)
მე: ეგრეა ეტყობა… (ფეჩზე ქვაბს ვდგამ და შიგნით დაჭრილ ბოსტნეულს ვყრი)
პაპა: რა ეტყობა?!
მე: … ეგრეა ეტყობა საჭირო! (ფეჩში შეშას ვუკეთებ) შენ თვითონ არა თქვი, შემთხვევით – არაფერი ხდებაო?

სიჩუმე. ისმის შეშის ტკაცუნი.

პაპა: და ჩვენც რომ…
მე: ჩვენ რა?
პაპა: აგერ სიმონა ამბობს…
მე: რაო?
პაპა: სიტყვებიო…
მერე: ჰო…
პაპა: ძლივს ვიხსენებო… აგერ მეც _ გუშინ შეშას ვჩეხავდი და ვერ გავიხსენე…
მე: რა ვერ გაიხსენე?
პაპა: რატომ დავჩეხე… მერე კი გამახსენდა, მაგრამ ეგ მერე… სახლში რომ შევბრუნდი…
მე: ვბერდებით ალბათ… აქ დროც კი თითქოს სხვანაირად გადის… ვერ ატყობ?
პაპა: როგორ?!.. (ფეხზე დგება) ძროხებიც ბერდებიან?!.. ჩემი ჯეკაც?!.. ალიას ცხვრებიც აღარ კიკინებენ, აღარც ბუზები, კოღოებიც…
მე: ამ სიცივეში ბუზი სად ნახე?!

პაპა კვლავ ხელს იქნევს. მერე დოინჯი იყრის და შემომყურებს.

პაპა (მკაცრად): აწი შენ უნდა თქვა!… გამოხვალ, იტყვი და ახსნი!.. სხვანაირად ვერ იქნება!
მე: აბა მე საიდან, პაპა? მე აგერ ფეჩზე ქვაბის შემოდგმა ვიცი და მახსოვს… კაკლის მორეკვა კიდევ… ცხენების დაჭედვაც ვიცი… ჰა-ჰა – კეცზე მჭადის დაკრობა… მეტი რა უნდა ვთქვა?
პაპა: ვიდრე ეგენიც არ დაგვვიწყებია.
მე: და რატომ მაინცდამაინც მე?
პაპა: მაშ ვის ვკითხოთ? ვითომ ვერ ხვდები!.. ვინ რა იცის… შენ კიდევ ყველაზე ახალგაზრდა ხარ… თან სულ ბოლოს შენ ჩამოფრინდი იქიდან…
მე: კი მაგრამ, ბრძენი დაილია სოფელში? ჩამოვფრინდი თორემ, მეც დიდი ვინმე ვიყო… ვისზე მეტი ვარ აქ?
პაპა: აღარაფერში ვვარგივართ-მეთქი!.. ეგეც გვავიწყდება… (პაპა კარისკენ მიდის და იქიდან იყურება) კარგად იფიქრე, ვიდრე ყველა დავდუმებულვართ…
მე (აგდებით): ჰო… კაი… შემეშვი ერთი, თუ კაცი ხარ…
პაპა: თორემ ვინღა იტირებს პანაშვიდებზე… (პაპა გადის)

სურათი 2

აბოლებული მიწა. ირგვლივ სულ ნანგრევები. ირგვლივ გვამები ყრია სხვდასხვა პოზებში. სიჩუმე. ხმა ნანგრევებიდან.

შვილი (გამწარებით): აააა… ვაი… მიშველეთ! არავინა ხართ?!
მამა: აქ ვარ, შვილო… აგერ… შენს გვერდით!
შვილი: სად აბა, სად?!
მამა: გადარჩი?
შვილი: გადავრჩი?… კი… მგონი კი… ააა… ვეღარაფერს ვხედავ!
მამა: ჩემკენ გადმოტრიალდი!.. ეგრე… უჰ!!.. როგორ დაგსისხლიანებია თვალები… სულ წურწურით მოგდის ყურებიდან, ცხვირიდან, პირიდანაც…
შვილი: რა?
მამა: სისხლი – სხვა რა უნდა იყოს!
შვილი: ვაიმე, ვკვდებიი!!… მიშველეეთ!
მამა: დაწყნარდი!… ყვირილით რას უშველი… გაუძელი, შვილო! შენს თვალებს მაინც არაფერი შეხებია – ორივე მთელი გაქვს!…
შვილი: მართლა, მამა?
მამა: გაუძელი-მეთქი!… წესით აწი ჩვენებიც უნდა გამოჩნდნენ, და ლაზარეთშიც გადაგვიყვანენ… იქ კიდევ, მხედველობასაც აღგიდგენენ და ყველაფერს.
შვილი: საერთოდ ვეღარაფერს ვხედავ, მამა!
მამა: გაუძელი-მეთქი! ჩვენების მოსვლამდე გაუძელი… აუცილებლად გვიშველიან! უბრალოდ, შეიძლება, მერე სათვალის ტარება მოგიწიოს.
შვილი: ვაი, ჩემო უბედურო თავო!
მამა: შეიძლება-მეთქი!… დარწმუნებული არა ვარ, შვილო…

სურათი 3

ღამე. კვლავ ლამფის შუქით განათებული მწირად გაწყობილი ოთახი. მე ამჯერად სიმინდს ვფშვნი. იქვე შეშის ღუმელი გიზგიზებს. კარზე კვლავ კაკუნია. შემოდის ისევ პაპა. ფეხზე არაფერი აცვია.

მე (დარბაზს): მეორე საღამოთი პაპა ისევ მოვიდა. ფეხშიშველი. რომ შემომხედა, ერთი პირობა შუბლი შეკრა, მაგრამ არაფერი თქვა და როგორც ყოველთვის, ახლაც ჯირკზე ჩამოჯდა. მე სიმინდს ვფშვნიდი.
მე (პაპას): რაო?
პაპა: სხვანაირი ჩანხარ… სულ სხვანაირი…
მე (ღიმილით): სხვანაირი?.. მაინც როგორი?
პაპა: რაღა მახსოვს… აგერ უკვე ფეხზე ჩაცმაც მავიწყდება…
მე (დარბაზს): პაპას ფეხებზე დავაცქერდი და გაყვითლებული ფრჩხილების დანახვაზე გემრიელად გამეცინა. (გულიანად ვიცინი)
პაპა: იცინე, ჰო… იცინე…

მე ვჩუმდები. ღუმელში ისევ შეშა ტკაცუნობს.

პაპა: რა ვქნათ?
(პაუზა)
მე: ვბერდებით კი არა…
პაპა: ვქრებით!

სურათი 4

ისევ აბოლებული მიწა. ნანგრევები. ირგვლივ გვამები ყრია. სიჩუმე. კვლავ ხმა ნანგრევებიდან.

შვილი (გამწარებით): მამა, აქამდე შენც ხომ იცი, რა ბუზებივით მეხვეოდნენ გოგოები!.. ამის შემდეგ ვინღა მომეკარება?.. სათვალიანი ვისღა მოვეწონები, ჰა?!
მამა: შენც მუქი შუშები ჩაისვი, შვილო, ვითომ მზისაა…
შვილი: მუქი?!.. მერე ზამთარში რაღა ვქნა?!
მამა: ჩვენკენ ხომ ზამთარშიც იცის მზე…
შვილი: არა!.. ნუ ამბობ ეგრე!.. ხომ იცი, რანაირიც ვარ… თან ეს ტკივილი! მამა, ისე მტკივა, რომ… იქნებ მომკლა და მომასვენო!!
მამა: ტკივილით მეც ბევრი მტკივა, მაგრამ ჩუმად ვარ!
შვილი: გთხოვ, მამა!
მამა: შენი სიკვდილი ჩემი ხელიდან დღეს მაინც ვერაფრით გამოვა…
შვილი: აბა, ასეთი ვის დავენახო, ვის?!
მამა: ეჰ, შენ მხედველობაზე დარდობ, შვილო… მე კიდევ…
შვილი: სხვა რაზე ვიდარდო, რა ჯანდაბაზე?!
მამა: მე კი, ხმას არ ვიღებ… არადა…
შვილი: ნუ იღებ!.. რა არადა?..
მამა: არაფერი.
შვილი: რა არადა-მეთქი! მითხარი!.. მამა!
მამა: არ დამიჯერებ…
შვილი: მამა, მითხარი, ნუ მაწვალებ!
მამა: რა და… აფეთქების დროს თავი…
შვილი: თავი?
მამა: თავი კი არა, სხეული დავკარგე-მეთქი, რომ გითხრა – დამიჯერებ, შვილო?!
შვილი: კაი რა, მამა… რეებს ბოდავ?!.. რა თავი?!.. თავი თუ დაკარგე, როგორღა მელაპარაკები?
მამა: თავი კი არა, სხეული-მეთქი!..
შვილი: ბოდავ რაღაცას, მამა!
მამა: ვბოდავ??.. აფეთქების ეპიცენტრთან იმდენად ახლოს ვიყავი, ტალღა შიგ კისერში მწვდა… თავი მომაგლიჯა…
შვილი: მამა!
მამა: თავი კი არა, სხეული-მეთქი… და აქეთ გადმომისროლა, შენ გვერდით…
შვილი: ბოდვაა… მამა… სიგიჟეა!..
მამა: მერე კი შენც დამიძახე…
შვილი: გაჩუმდი!!
მამა: ჩემი სხეული კი, სადღაც, აქედან ძალიან იქით, შორს გდია… ალბათ უკვე უსიცოცხლო და გულგაჩერებული.
შვილი: მამხნევებ, არა, მამა? მეხუმრები!.. მაგარი სახუმარო დრო გამონახე, აი… კაცმა თვალისჩინი დავკარგე, სათვალიანად დარჩენა მემუქრება, შენ კიდევ, მასხარაობის გუნებაზე ხარ…
მამა: ეჰ…
შვილი: რა ეჰ?

სურათი 5

ღამე. სახლთან ხალხია შეგროვილი. წრეზე დგანან. შუაში შეშა ყრია.

მე (დარბაზს სახლის ფანჯრიდან): მესამე საღამოს მოედანზე კოცონი დაინთო, მაგრამ ვიდრე დაინთებოდა კაი ხანს იწვალეს. ვერ იხსენებდნენ, როგორ უნდა მოეკიდებინათ ცეცხლი ერთმანეთზე აკოკოლავებული შეშისათვის. არავის აღარ ახსოვდა. ისევ პაპა მოაგზავნეს ჩემთან.

ხალხს პაპა ეყოფა და ფანჯარას უახლოვდება.

პაპა: გამო, კაცო, გარეთ… რა წესია სულ ეგრე სახლში ჯდომა?
მე: ახლა რაღა გინდათ?
პაპა: გამო, ცეცხლი მოგვიკიდე, თუ კაცი ხარ… არ გვინდა მეტი არაფერი… შეინახე შენთვის, რაც იცი!.. მხოლოდ ცეცხლი მოგვიკიდე…
მე: ცეცხლი მოგიკიდოთ?!
პაპა: გამოდი, გამო… ეგ შაყირობა კიდევ სხვა დროისთვის გადადე… ისე გამო… აღარაა დრო თუ?.. მოგვეხმარე – ბევრს ხომ არაფერს გთხოვთ…
სახლიდან გარეთ გამოვდივარ და ხალხს ვუახლოვდები.
მე (დარბაზს): ცეცხლის ანთება კი მახსოვდა. (ვუკიდებ შეშას ცეცხლს) უცებ დავუნთე და დაიწყო: თუ კი რამე ძველმანი ებადათ, რაც კი რამე ჰქონდათ – ოდნავი სიძველე რომ გადაჰკრავდა, ყველაფერი გამოიტანეს სახლებიდან და დაიწყო ყველამ მისი ჩაყრა ლამის ცამდე აბრიალებულ კოცონში.

ხალხი მირბი-მორბის და ცეცხლში სხვადასხვა ნივთებს ყრიან. კოცონი გიზგიზებს.

პაპა: ყველაფერი უნდა მოვიშოროთ… გამოვიგავოთ… პაპაჩემისგან მახსოვს… (პაპა ზევით იყურება)
მე (დამცინავად): ეგ რეები გხსომებია?
პაპა: ეგ კი მახსოვს… რა დამავიწყებს… ეგეთები არავის არასდროს ავიწყდება…
მერე: მერე რა მოხდება?
პაპა: იქნებ გვეშველოს რამე… ზუსტად კი არ მახსოვს რომ ეგრეა, მაგრამ მაინც… ცდა რისი მონახევრეა?
მე: ბედის იყო იქ… (თითს ცისკენ ვიშვერ, რომელიც ვარსკვლავებითაა მოჭედილი)
პაპა: ეგრე იქნება აქაც!
პაუზა.
მე (დარბაზს): რომ მორჩნენ, უზარმაზარ კოცონს ირგვლივ შემოვუსხედით და ცეცხლის ენები აგვერეკლა თვალებში. (ყველანი გარს უსხდებიან კოცონს) უკვე ღამე იდგა. მერე ყველამ ზემოთ აიხედა – დედამიწას ეძებდნენ მზერით. მალევე იპოვეს და ერთდროულად დადუმებულები ააჩერდნენ. ძლივს ჭიატებდა. ხან უფრო აინთებოდა, ხანაც პირიქით – იქამდე მიბჟუტდებოდა, ყველას გულს უკუმშავდა, მაგრამ მაინც არაფრით ქრებოდა. პაპა ჩემს გვერდით იჯდა, ისიც ზემოთ იყურებოდა და მძიმედ სუნთქავდა.
პაპა: რა უბედურება ხდება ეგეთი იქ…
მე (დარბაზს): ზუსტად ამ დროს მარჯვენა თვალი ამეწვა – თითქოს რაღაც ნამცეცი ჩამივარდა. მოვისრისე. მაინც მეწვოდა. მერე, უცებ მარცხენაც ამეწვა. ორივე ხელით მოვისრისე. ვიგრძენი, რომ თვალები ამიწითლდა და ამიწყლიანდა.
პაპა: კიდევ კაი, ეგ არავის ავიწყდება და ჯერ არ გამოგვლევია…
მე: რა?
პაპა: ცრემლი! (პაპა თვალებზე ხელისგულებს იფარებს)

სურათი 6

ისევ აბოლებული მიწა. ნანგრევები. ირგვლივ გვამები ყრია. სიჩუმე. კვლავ ხმა ნანგრევებიდან.

მამა: დავიფიცებ ყველაფერს, რომ არ ვმასხარაობ, შვილო!
შვილი: რას დაიფიცებ?
მამა: ყველაფერს-მეთქი… საწყალი დედაშენის ხსოვნას, თუნდაც… თუმცა რა საჭიროა… ხელის მოძრაობა ხომ შეგიძლია? ისიც ხომ არ გაგიფუჭა აფეთქებამ?…
შვილი: არა, ხელი ორივე მთელი მაქვს!
მამა: ჰოდა, მარჯვენა ოდნავ მარჯვნივ გამოსწი…
შვილი: კარგი რა, მამა, რა დროს მასხარაობაა?!
მამა: გეუბნები-მეთქი
შვილი: ხო, კაი… ჩემგან მარჯვენა, თუ შენგან?
მამა: რა მნიშვნელობა აქვს… აი ეგრე…
შვილი: მერე?
მამა: რაღა მერე… ეს ჩემი შუბლია. ახლა ქვემოთ ჩააცურე, ჩემი ბიჭი…
შვილი: ქვემოთ? ქვემოთ საითკენაა?
მამა: ჰო, ჰო, აი მანდეთ, ცოტათი კიდევ… ო! ეგ ცხვირია… ტუჩები, ნიკაპი, ყელი… აჰა… მაინც არ გჯერა, მამა გენაცვალოს?
შვილი: ღმერთო ჩემო!
მამა: დიახაც…
შვილი: ღმერთო დიდებულო!
მამა: ღმერთს თავი დაანებე… სადღა ცალია ჩვენთვის… ახლა ხომ გჯერა, რომ მხოლოდ თავიღაა დარჩენილი შენი სპორტული აღნაგობის მამიკოსგან, ვისზეც თავის დროზე არანაკლებ ირეოდნენ ლამაზი გოგოები!
შვილი: ღმერთო! ეს რა დაგემართა, მამა… როგორ?! მე კიდევ ხუმრობა მეგონა, ისე მამხნევებდი…
მამა: რას იზამ, შვილო…
შვილი: კი მაგრამ, რაღა გეშველება, მამა?.. რაღა გეშველება კი არა… თფუი… რა საზიზღრობებს ვკითხულობ!
მამა: მაგაზე ნუღარ იდარდებ… ყველაფერი ხდება…
შვილი: რა ყველაფერი?!.. რაღა უნდა მოხდეს, ამაზე უარესი, მამა?!.. კი მაგრამ სხვები? სად არიან სხვები? ჩვენები?!.. ჰა, მამა?!
მამა: სხვები?.. ეჰ, როგორც ვხედავ და მესმის, შვილო, მგონი აღარავინაც აღარაა…
შვილი: რაა?!
მამა: ირგვლივ სულ სისხლის გუბეები დგას და ხორცის ნაფლეთები ყრია, შვილო…
შვილი: გაჩუმდი…
მამა: შენ ხომ ტკივილს სიკვდილით გინდოდა მორეოდი?
შვილი: მამა…
მამა: მე კიდევ შენი კი არა, ერთი ჭუჭყიანი ბუზის მომკვლელიც აღარ ვარ!
შვილი: გემუდარები, გაჩერდი!
მამა: ეგ კი არა, შენს ქამარზე ჩემი ნაჩუქარი რევოლვერი ჰკიდია… უკვე მე გთხოვ _ ხელი მოკიდო და თანაგრძნობით გამიხვრიტო შუბლი.
შვილი: არა! არასდროს, მამა! ნუ მავალებ საშინელებას!
მამა: გთხოვ!
შვილი: მე რომ მაგის ოდესმე ჩამდენი ვყოფილიყავი, აქამდე ვიზამდი!
მამა: რა თქვი?
შვილი: ძალიან გთხოვ, კარგად გამიგე, მამა… მე ვერ გამოვკრავ ჩახმახს თითს! არც იქნება საჭირო… მალე ჩვენები მოვლენ! და გაგვიყვანენ!

სურათი 7

დილა. ნისლი. პაპა და მე გვერდიგვერდ ვსხედვართ.

პაპა: შენ ვინ ხარ?
მე: მე ვინ ვარ?
პაპა: ჰო, ვინ ხარ?!.. ან მე ვინ ვარ?!.. (პაპა ფეხზე დგება და აქეთ-იქით იხედება) სად ვართ?!
მე: აქ ვართ…
მე (დარბაზს): მეც წამოვდექი. ერთმანეთის მეტს ვეღარავის ვხედავდით. ირგვლის ნისლი გვერტყა. მერე ადგილზე დავტრიალდით. ნისლი სულ უფრო ბლანტდებოდა და გაუმჭვირვალი ხდებოდა.
პაპა: გზა საითაა? (პაპა ხელისცეცებით დგამს ნაბიჯს ნისლში და იკარგება)
მე (დარბაზს): პაპასკენ გავიწიე, მაგრამ გვიანი იყო. პაპა აღარსად ჩანდა… ეჰეეეიი! პაპაა! სად ხააარ?!

პაუზა.

მე (დარბაზს): მაინც არაფერი. არანაირი ხმა და პასუხი. არც ნიშანი. ასე სახლამდეც ვერ გავაგნებდი. შეიძლება სადმე გადავჩეხილიყავი. სახლიც არ მახსოვდა, სად იდგა. გამოსავალი თითქოს არ ჩანდა. სოფლელებიც ყველანი ერთიანად დაკარგულიყვნენ. არც სოფელი ჩანდა. აღარც მოედანი. აღარც პაპა. აქაურობა ნისლს დაეფარა – გაუვალს, სქელს და უიმედოს.

სურათი 8

ისევ აბოლებული მიწა. ნანგრევები. ირგვლივ გვამები ყრია. სიჩუმე. კვლავ ხმა ნანგრევებიდან.

მამა: ჩვენები აღარ მოვლენ, შვილო…
შვილი: რას ქვია, აღარ მოვლენ?! შენ თვითონ არ ამბობდი, მოვლენ და გაგვიყვანენო!
მამა: ახლაღა ვხვდები, რომ სისულელეა… ყველა დაღუპულია.
შვილი: მოვლენ, მართლა მოვლენ და მე ვეტყვი… აგერ ნახავ, მამა… შენს თავს სასწრაფოდ ლაზარეთში წაიღებენ და შენს სხეულზე, ანდა თუ ვერ იპოვეს, სხვა თავმოგლეჯილის ტანზე მიაკერებენ!
მამა: გრამაფონში!
შვილი: მე სინათლეს დამიბრუნებენ, მამა!.. მუქ შუშებს ჩავისვამ! მართლა გეუბნები… ზამთარშიც სათვალით ვივლი! შენთან ერთად!
მამა: კაი, გაჩერდი…
შვილი: ნახავ… ჩვენ კიდევ ბევრჯერ წავალთ სტადიონზე ფეხბურთის საყურებლად… მზესუმზირას ვიყიდით ბევრს…
მამა: გახსოვს ბოლოს რომ ვიყავით?
შვილი: მაგას რა დამავიწყებს… შენ რომ მსაჯს დედა შეაგინე და გვერდით თურმე მამამისი რომ გვეჯდა.
მამა: კაი დრო იყო, შვილო…
შვილი: რას ქვია – იყო?!.. იყო კი არა, იქნება! ჩვენები მოვლენ, მამა! შენ ტანს მოგაკერებენ, მე თვალისჩინს აღმიდგენენ! ზღვაზეც წავალთ. ცურვაში ხომ ისევ მაჯობებ, სამაგიეროდ, მე უფრო დიდხანს ვყვინთავ…
მამა: გახსოვს, ძლიერი ქარიშხალი რომ ამოვარდა და ჩვენი ლეიბი იმ შენი გოგოებიანად შუა ზღვაში რომ წაიღო?
შვილი: აგერ ნახავ, კიდევ თუ არ იქნება, მამა… თხილამურებზეც დავდგებით. თხილამურები ისევ შენ უნდა მათხოვო. ჩემები, ხომ იცი, როგორი მოკლეა… ხან მე დავეშვები, ხან შენ.
მამა: ბოლო დაშვებაზე ფეხი რომ მოგტყდა და მედპუნქტამდე ხელით რომ გათრიე, შვილო, გახსოვს?..
შვილი: მახსოვს, მამა… რა დამავიწყებს…
მამა: წელი მთელი კვირა გაკავებული მქონდა…
შვილი: იქნება! კიდევ იქნება! აუცილებლად იქნება, მამა! რატომ არ გჯერა? აი, ჩვენები მოვლენ და…
მამა: არავინაც აღარ მოვა, ჩემი ბიჭი! ყველაფერი პირთამდე მომსპარია და, მე მგონი, ერთადერთი ვართ, თუ ორად-ორი, ვინც გადარჩა…
შვილი: სსუ!
მამა: არ მოვა-მეთქი არავინ!
შვილი: ვიღაცა ხომ მაინც გადარჩა?
მამა: ჩვენ-მეთქი… ეს ძალიან ძლიერი აფეთქება იყო, შვილო… მოხდა მოსახდენი… სიარული ხომ შეგიძლია?
შვილი: სიარული?
მამა: წამოიწიე. ადე, ადე, გაუძელი!
შვილი: მმმ, ძალიან მტკივა, მამა…
მამა: არ მიაქციო ყურადღება… ადე, ადე, და იცი, რა ქენი?
შვილი: ჰო…
მამა: ჩემი თავი აიღე ხელში!
შვილი: რა შენი თავი, მამა?
მამა: აიღე-მეთქი!
შვილი: ხელში?
მამა: აი ეგრე!.. კარგად მომკიდე… მე ვხედავ გზას და, თუ გასვლაა – ერთად გავალთ!
შვილი: ვერაფერს ვხედავ, მამა!
მამა: პირდაპირ გადადგი ოთხი ნაბიჯი!.. ეგრე!.. ახლა მარცხნივ. ერთი, ორი, სამი… სტოპ!
აკვამლებული ნანგრევებიდან გამოდის სამხედროფორმიანი შვილი ცალი ხელის ცეცებით და მეორე ხელში მამის თავი უჭირავს.
შვილი: რა ხდება?
მამა: ფეხი არ დაადგა! ვიღაცის მოგლეჯილი ბარძაყი გდია!.. ოდნავ მარჯვნივ და პირდაპირ, ოღონდ ჩემი თავი არ გაგივარდეს – ძალიან ცუდად გიჭირავს, შვილო… წესიერად დამიჭირე! თითები კარგად შემომაჭირე! მარცხენა ხელიც მოახმარე!
შვილი: ცუდად ვარ, მამა!
მამა: წავედით!.. თამამად!.. პირდაპირ სამი მოკლე ნაბიჯი… ახლა მარცხნივ შეუხვიე… ფრთხილად, ამ მუცელგამოფატრულს არ დაადგა ფეხი!
შვილი: ვაი, დედა…
მამა: რა გაკვნესებს…
შვილი: აღარ მივედით, მამა?
მამა: წესით კი უნდა მივსულიყავით.
შვილი: იქნებ გზა აგვერია?
მამა: არა… აქაც გვამებია.
შვილი: ბევრი?
მამა: …ვიდრე წარმომედგინა, იმაზე დიდი აფეთქება ყოფილა… წინ ოთხი ნაბიჯიც და მერე მარჯვნივ შევუხვიოთ… აი ეგრე… აგერ, წყალი მოდის! ონკანი დარჩენიათ ღია.
შვილი: დავიღალე… ყველაფერი მტკივა, მამა!
მამა: ჰოდა, წყალი დავლიოთ… მეც დამალევინე… ცოტა შევისვენოთ… ჭიქა აგერ დგას, შვილო… მარჯვენა ხელი წინ გაიშვირე… ოდნავ მარცხნივ… ოოო, კარგია… არ გაგივარდეს… ახლა ცოტა დაიხარე… ჭიქიანი ხელი არსად გასწიო… ზუსტად შენს ქვეშ ონკანია, საიდანაც წყალი მოდის… აავსე… ეგრე… კიდევ ცოტაც.
შვილი: ცივი წყალი…
მამა: მოსვი და მეც მომასმევინე… პირი, ხომ ხვდები სადა მაქვს, შვილო?
შვილი: ვიცი! (შვილი ჭიქით ავსებს წყალს და მამას ასმევს)
მამა: კარგი ხარ… მეტი აღარ მინდა… გადააგდე ეგ ჭიქა… აღარა მგონია, კიდევ ვინმეს გამოადგეს!
შვილი: იდგას რა… რა იცი, რა ხდება… ახლა საით? ღმერთო ჩემო, რა ხდება ეს!
მამა: ჩუ! რა გაყვირებს!.. ანდა იყვირე, მაინც ვერავის გააგონებ.
შვილი: მართლა ყველაფერი აფეთქდა, მამა?
მამა: სულ ყველაფერი!
შვილი: და რა მოხდა ეგეთი?
მამა: ღმერთმა იცის.

სურათი 9

ღამე. ნისლი გაფანტულია. ცა ვარსკვლავებითაა მოჭედილი. მე ძირს ვწევარ.

მე (დარბაზს): რომ გამეღვიძა – ძირს ვიწექი. აქაურ მიწაზე. მიწა გრილი იყო, ოდნავ ნოტიო… სულ სხვა სუნი ასდიოდა. ვერ ვიხსენებდი რისი… ირგვლივ სიჩუმე იდგა. აღარც ნისლი იყო და აღარაფერი ეგეთი. (ვჯდები) მიმოვიხედე, მაგრამ ვერავინ დავინახე. სოფლელები ალბათ უკვე სახლებში იქნებოდნენ შეკეტილი, თავებიც ალბათ ბალიშებზე ეწყოთ და ეძინათ. (ფეხზე ვდგები) ფეხზე წამოვდექი და ტანსაცმელი ჩამოვიფერთხე – სულ დამტვერილი ვიყავი. რომ გავსუფთავდი, ყური მივუგდე. საერთოდ ვერაფერი გავიგონე და მივხვდი – უცნაურად მუნჯი სიჩუმე იდგა ირგვლივ. მერე ღამის ცას ავხედე. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ვარსკვლავებით იყო მოჭედილი. კაი ხანს ავყურებდი. ყველა ვარსკვლავი ერთდროულად მერეკლებოდა თვალებში. რომ მოვიბეზრე, დედამიწას დავუწყე ძებნა. დიდხანს ვეძებდი – ვატრიალებდი თავს აქეთ-იქით. ცასაც ამ ყურებაში თითქოს მელნისფერი შეეპარა და მტრედისფერისკენ გადაიხარა. მაინც ვერ მივაგენი. ერთი, რაც შევამჩნიე – მის ადგილას მხოლოდ ლაქაღა ჩანდა – პატარა, მუქი, ნისლივით ერთი ბეწო ლაქა. მზერა დავძაბე და უფრო დავაკვირდი. არ მეშლებოდა – ლაქა იყო მხოლოდ და მორჩა… უეცრად საოცარმა ჟრუანტელმა დამიარა, ერთიანად გამაცია, მერე გამაცხელა და ყველაფერი ერთდროულად მომინდა: ტირილიც, სიცილიც, სიცოცხლეც, სიკვდილიც…

სურათი 10

დაბრმავებულ და სამხედროფორმიან შვილს კვლავ მამის თავი უჭირავს ცალ ხელში და წინ მიიწევს.

შვილი: მორჩა!.. ასე არ შეიძლება! აღარ შემიძლია, მამა!
მამა: დაწყნარდი!
შვილი: ამ ჩემს სიბრმავეს, საეჭვოდ აღდგენილ მხედველობას, საძაგელ სათვალეს მირჩევნია, საერთოდ არ მედგას ეგეთი თავი კისერზე! ვისთვის? რისთვის?
მამა: რეებს ბოდავ?!.. მარჯვნივ გატრიალდი და წინ ექვსი ნაბიჯი, შვილო!!
შვილი: მორჩა-მეთქი!
მამა: რა ვთქვი მე?
შვილი: მე უკვე ვიცი, რაც უნდა ვქნა, მამა!!
მამა: გაჩერდი-მეთქი, შვილო!
შვილი: არავითარი ჩვენები აღარ არსებობენ!!.. ესე იგი, აქ ყველაფერი მორჩა, მამა!
მამა: მაგას თუ ხვდები, უკვე კარგია…
შვილი: მოიცა… შენ რომ მაჩუქე, ის დასაკეცი დანა ჯიბეში უნდა მედოს… გულის ჯიბეში! (შვილი ჯიბიდან დანას იღებს და შლის)
მამა: რომელი დანა?!
შვილი: აქაა!.. ვიპოვე!!! ძალიანაც კარგი…
მამა: რაიმე სისულელე არ ქნა, შვილო!!

შვილის ხელის დაქნევით, წკაპუნით ხსნის დანას.

შვილი: მე ვიცი, რასაც ვიზამ!!
მამა: გაჩერდი-მეთქი!
შვილი: იმას, რაც თავიდანვე უნდა მექნა, მამა!!
მამა: რეებს ბოდიალობ?!
შვილი: საერთოდ მოვიჭრი თავს და შენსას დავიდგამ მხრებზე!!!
მამა: რაა??!
შვილი: რა და, რაც გაიგე, მამა!
მამა: შენ გაგიჟდი!!
შვილი: ჩვენ ხომ, რამდენი ხანია, ერთად მოვდივართ _ მე შენიდან, შენ შენი მამისგან, ის კიდევ უფრო შორიდან…
მამა: არ გინდა!!
შვილი: ერთი სიყვარულით, ერთი სისხლით, ერთნაირი მიხვრა-მოხვრით, ერთნაირი სურვილებით…
მამა: არ ქნა!!! არაააა……..
შვილი: და ვიტირებ მაინც… ბოლოჯერ, მამა… ვინმემ ხომ მაინც უნდა იტიროს, ვიდრე ყველაფერი საბოლოოდ დამთავრებულა…

შვილი საკუთარი თავის მოჭრას იწყებს.

სურათი 11

დილა. აქა-იქ სახლები. მე ზურგით ვდგავარ და დასახლებას გავცქერი.

მე (დარბაზს): სადღაც ყურისძირში მამალი აყივლდა.
ყივილი: “იყოდაარაიყოოოოო…”
მე: ყური მივუგდე. მამალი იყო რო?.. ძალიან ახლებურად და სხვანაირად ყიოდა. სულ სხვა ხმით და გაბმულად. ყიოდა და არ ჩერდებოდა.
ყივილი: “იყოდაარაიყოოოოო…”
მე: არ ვიცოდი რა მექნა. მიმოვიხედე. ყველაფერს ვაკვირდებოდი: აგერ სახლები, მძინარე სახლები, ადამიანებიანი სახლები – ერთნაირები, დაბლები, საწყლები… მერე აქაურ ჰორიზონტს გავხედე – მთებიც სხვანაირები იყვნენ. გორაკებიც. ხეობაც. მერე ძაღლი აყეფდა. უცნაურად ყეფდა. ისიც სულ სხვანაირად.
ყეფა: “აღარვარ!… აღარვარ!”
მე: ძაღლი იყო რო?
ყეფა: “აღარვარ!… აღარვარ!”
მე: მერე ერთ-ერთი სახლის კარი გაიღო. იქიდან ვიღაც გამოვიდა და ბოსელში შეაბიჯა. (ერთ-ერთი სახლიდან ვიღაც გამოდის და ფიცრულში შედის) ვერ ვიცანი. იმას მეორე მოჰყვა. წყაროსკენ გაუყვა. ხელში სხვანაირი კოკა ეჭირა (მეორე სახლიდან ქალი გამოდის კოკით მხარზე და მიდის) კოკა იყო რო? და თვითონაც უცნაურად გამოიყურებოდა. სოფელი იღვიძებდა.
ყივილი: “იყოდარაიყოოოო…”
მე: ყველაფერი სხვანაირი იყო და სხვა სუნი ასდიოდა.
ყეფა: “აღარვარ!… აღარვარ!”
მე: თვალები მთელი ძალით დავხუჭე და უცებ ძალიან შემეშინდა: მაინც ყველაფერს ვხედავდი. (თვალებზე ხელისგულებს ვიფარებ) გაკვირვებულმა ქუთუთოები ფრთხილად მოვისინჯე – თვალები აშკარად დახუჭული მქონდა. შიშმა კინაღამ სუნთქვა შემიკრა. ფრთხილად მოვისვი ლოყებზე ხელი… ნიკაპზეც, ცხვირზეც, წარბებზე, საფეთქლებზე. შემდეგ შუბლზე ავიცურე და ვიდრე მოულოდნელობისგან ერთიანად გამაცხელებდა, კიდევ ერთხელ გავიგონე.
ყივილი: “იყოდარაიყოოოო…”
ყეფა: “აღარვარ!… აღარვარ!”
მე: შუბლზე მესამე თვალი მქონდა და იქიდან ცხარე ცრემლი მდიოდა.
მე დარბაზისკენ ვტრიალდები და შუბლიდან ვანათებ. თავს აქეთ-იქით ვატრიალებ. შუბლიდან გადმომდინარი სხივი ყველაფერს ეხება.
ყივილი: “იყოდარაიყოოოო…”
ყეფა: “აღარვარ!… აღარვარ!”
ყივილი: “იყოდარაიყოოოო…”
ყეფა: “აღარვარ!… აღარვარ!”

(ფარდა)

წყარო – http://www.lib.ge/body_text.php?8485

About Mimos Finn

Mimos Finn is invisible
This entry was posted in დრამატურგია and tagged . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s