ოთარ ბაღათურია: “მეფე ლირი თავშესაფარში”


Otar Bagaturia, 15.06.2011©Photo by Mikho Mosulishvili, 2011

ოთარ ბაღათურია

მეფე ლირი თავშესაფარში
(პიესა ორ მოქმედებად)

მოქმედი პირნი:

დოდო – სანდროს ყოფილი მეუღლე
სანდრო – დოდოს ყოფილი მეუღლე

თორნიკე – მათი შვილები
ლაშა –

შაკო – თავშესაფრის დირექტორი

ანიკო –
ქეთი –
რუსიკო –
გოგი – თავშესაფრის მოხუცი ბინადარნი
კაკო –
ვანიკო –
არკადი –

კლარა

მამა
შვილი

“ის”
“იმის” მეუღლე

კორესპონდენტი
ოპერატორი
მომღერალი ბიჭი
მოცეკვავე გოგო

ქუჩის მუსიკოსი
ბავშვის ხმა

თავშესაფრის დიასახლისი, მზარეული, მგონი შაკოს საყვარელი, ყრუ-მუნჯი.

პირველი მოქმედება

(სცენაზე მარტოხელა ქალის საძინებელია, ბოდიშს ვიხდით, აქ, რომ შემოვიხედეთ, მაგრამ არა უშავს, ამ საძინებელში კარგა ხანია “ისეთი” არაფერი მომხდარა. ქალი, რომელსაც პრაქტიკულად არ ეტყობა ასაკი, ღამის პერანგში დგას, შეიძლება 63 წლისაა, იქნებ 47-ს. ქალს ვერ გადაუწყვეტია რა ქნას – დარეკოს სადმე, წიგნი წაიკითხოს, დაიძინოს თუ თავი ჩამოიხრჩოს – ამ უკანასკნელზე მგონი სერიოზულად ფიქრობს, ხელში თოკი უჭირავს, ყულფს აკეთებს, შემდეგ თოკი ცოტა ხნით მიატოვა, წიგნი აიღო, ზერელედ გადაფურცლა, გვერდზე მიაგდო. Yყურმილი აიღო, კრებს ნომერს, არ აცალა ვიღაცას – (ნეტა ვის დაურეკა?) – ყურმილის აღება, დადო ყურმილი. ისევ თოკს მიუბრუნდა, ყულფი ჩამოიცვა, სარკეში ჩაიხედა, თოკი ზევით ასწია, ენა გადმოაგდო, თვალები დაჭყიტა… არ მოეწონა თავის თავი… სიგარეტს მოუკიდა, რეკავს ტელეფონი, დოდო – ასე ჰქვია ქალს – იღებს ყურმილის)

დოდო – გისმენ!… ჰო მე ვარ… არა მიშავს, არაფერს, რას უნდა ვაკეთებდე (ათვალიერებს ოთახს, ეძებს რაიმე კაუჭს, რაზეც შეიძლება თოკის ჩაბმა), რომელი საათია, მართლა? საათი გამოჩერდა… რა ვიცი, არ მეძინება… შენ რატომ არ გძინავს? მეც. სანდრო? (ინტონაციაში მალავს, მაგრამ სახეზე ეტყობა დაინტერესება) სად შეგვხდა? მერე?… გამოგელაპარაკა? მომიკითხა?… (ესიამოვნა). რა თავხედია!… დაბერებულა? არა?… სიმპათიური ყოველთვის იყო… არ მინდა სანდროზე ლაპარაკი… (კიდევ ერთხელ იხედება სარკეში, ამოწმებს როგორი იქნება ჩამოხრჩობილი, აშკარად არ მოსწონს) არა!… მაგას ვერ გაბედავს… კარგი, შეწყვიტე სანდროზე ლაპარაკი… ერთი წუთით გაჩუმდი!…(დაძაბული რაღაცას უგდებს ყურს) არაფერი, წყალი წვეთავს აბაზანაში… მგონი ვგიჟდები. თეატრში რა ხდება? ხვეტავს ახალი ცოცხი? შენც ხომ არ გაგდებს? ჯერ არა? მე რა?… მე მაგას კი არ გავუგდივარ… თვითონ წამოვედი, არა ბიჭო, მაგას გავაგდებინებდი თავს… ბიჭები? როგორ არა მნახულობენ… (ათვალიერებს ცარიელ ოთახს) ახლაც აქ არიან (მაგიდიდან ფოტოებს იღებს) მოკითხვას გითვლიან (ფოტოებს ეუბნება) მაკა დეიდამ მოგიკითხათ. რაო? სად? რას ამბობ გოგო, რა მინდა მოხუცთა თავშესაფარში?… გაგიჟდი? (იცინის) რას ამბობ, ერთი წუთით რომ წარმოვიდგინო შევიშლები, ვიცი, ვიცი რომ ნორმალური პირობებია, მაგრამ… რა გინდა გოგო, რას შემომიჩნდი?!… გამორიცხულია! რა სპექტაკლი?… რა “მეფე ლირი” გოგო?… (იცინის) აუ, შენ რა კარგად ხარ… მოხუცთა თავშესაფარში “მეფე ლირი” დავდგა? (იცინის) ვის რაში სჭირდება… კი, როგორ არა, აქტუალურია, შექსპირია ბოლოს და ბოლოს, მინდოდა, როგორ არა, თეატრში მინდოდა, თავშესაფარში კი არა. კარგი ახლა ნუ გადამიყვან ჭკუიდან, აბა კარგად იყავი, კარგი გოგო ხარ, რომ დამირეკე, გამომიარე როგორმე… მშვიდობით… ნახვამდის (მარტოდ დარჩენილი დოდო ისევ თოკს მიუბრუნდა, გადაიცვა ყულფი, სარკეში იყურება, გადაწყვიტა მაკიაჟის განახლება) თავშესაფარში?… რა სისულელეა – მე მოხუცთა თავშესაფარში (მაკიაჟი დაამთავრა, კმაყოფილია საკუთარი გარეგნობით, თოკიც თითქოს მოუხდა, მოკლე წერილი დაწერა… სკამზე შედგა……უცებ ჭექა-ქუხილი გაისმა, ოთახში ქარი შემოიჭრა, ქაღალდები ააფრიალა, ეტყობა ფანჯარა გაიღო და… ისმის ბავშვის ხმა. ბავშვი არ ჩანს, ხმა კი სხვადასხვა მხრიდან ისმის, ხან თითქოს ვიღაც გვერდით მოუჯდა დოდოს და თავზე ხელი გადაუსვა).

ბავშვის ხმა – რატომ გინდა თავის მოკვლა?
დოდო – ვინა ხარ?…
ბავშვის ხმა – ჯოჯოხეთში გინდა მოხვდე?
დოდო – არა.
ბავშვის ხმა – რატომ იკლავდი თავს? არ მოგწონს აქაურობა?
დოდო – შენ მოგწონს?
ბავშვის ხმა – ზევიდან ლამაზი ჩანდა.
დოდო – ზევიდან?
ბავშვის ხმა – დოდო!
დოდო – ჩემი სახელი საიდან იცი?
ბავშვის ხმა – დოდო!
დოდო – შეუძლებელია…
ბავშვის ხმა – შეუძლებელი? რა არის შეუძლებელი?
დოდო – არა, არაფერი, ე.ი. ზევიდან ლამაზია?
ბავშვის ხმა – მე მომეწონა!
დოდო – გაზაფხულზე უფრო ლამაზია, როცა ბუნება იღვიძებს.
ბავშვის ხმა – რატომ არ გინდა თავშესაფარში?
დოდო – რა ვიცი მერიდება.
ბავშვის ხმა – მეც წამოვალ შენთან ერთად, შენთან ვიქნები.
დოდო – მოდი ახლა და დაუწყე ხვეწნა – გთხოვთ მიმიღოთ, ქმარი გამექცა,
შვილებმა მიმატოვეს…
ბავშვის ხმა – მაგ უხერხულობას აგაცილებ, უკვე სამი თვეა აქა ხარ.
დგამ შექსპირის “მეფე ლირს”, კარგი პიესაა?
დოდო – ძალიან.

(სადღაც გაქრა საძინებელი და ჩვენ მოხუცთა თავშესაფარში ვართ. სცენა წარმოადგენს მოხუცთა თავშესაფრის ეზოს, ეზოში სცენა “ნიჟარა” დგას, სცენის “სცენაზე” დეკორაციის დეტალებია, ეს არის ის, რაც მოახერხეს მოხუცმა “მსახიობებმა”.

შემოდის ქუჩის მუსიკოსი, გახსნა ვიოლინოს ბუდე, ძირს დადო, რამდენიმე მონეტა ჩააგდო და დაკვრა დაიწყო. მუსიკოსი მთელი სპექტაკლის განმავლობაში სცენაზეა. იგი ხან თავისთვის უკრავს, ხან თავისებურ აკომპანიმენტს უკეთებს სცენაზე მიმდინარე მოქმედებას.

შემოდიან შაკო და კლარა)

შაკო – გამარჯობათ ქალბატონო დოდო.
დოდო – გამარჯობა (გაკვირვებულია იმით, რომ იცნობს შაკოს) თქვენი
სახელი შაკოა, ხომ?
შაკო – მეგობრებისთვის შაკო, სხვებისთვის შავლეგ.
დოდო –ჩვენ მეგობრები ვართ?
შაკო – რა თქმა უნდა.
დოდო – (ფრთხილად) შაკო ეს მოხუცთა თავშესაფარია?
შაკო – მეკაიფებით ქალბატონო დოდო?
დოდო – (იცინის) გეკაიფებით… შაკო!
შაკო – დიახ!
დოდო – (დაბნეულობა უფრო შესამჩნევი გახდა) დღეს რეპეტიცია გვაქვს?
შაკო – როგორ არა, როგორ არა… ოღონდ… (გაკვირვებული უყურებს
დოდოს) არ გცივათ ქალბატონო დოდო?
დოდო – (ახლაღა შეამჩნია, რომ ღამის პერანგის ამარა დგას) ვაიმე!…
უკაცრავად, ეს როგორ მომივიდა…
შაკო – არა უშავს, რა მოხდა მერე… ასაკი…
დოდო – რა შუაშია ასაკი, რამდენი წლის გგონივარ? Uუყურე ამას?!…
(გარბის გადასაცმელად, უცებ შეჩერდა, თითქოს რაღაცას მიხვდა)
ტყუილია!
შაკო – რა არის ტყუილი?
დოდო – (მიუახლოვდა) აბა ხელი ჩამომართვი!
შაკო – რატომ? (ხელი გაუწოდა) აჰა! (დოდო ფრთხილად ართმევს ხელს,
იმედი აქვს, რომ ახლა ამოეღვიძება, მაგრამ არაფერი არ შეიცვალა)
დოდო – მაპატიეთ
(გარბის გადასაცმელად. დოდო შემობრუნდა. შაკოსა და კლარას შორის მუნჯური დიალოგი გაიმართა, კლარა მხოლოდ მუნჯურად ლაპარაკობს, ხოლო შაკო მუნჯურის გარდა ტექსტის ნაწილს ხმამაღლაც ამბობს).

შაკო – დღეს სადილად კატლეტები შეწვი!
კლარა (უკმაყოფილოდ) – რატომ? დღესასწაულია?
შაკო – ასეა საჭირო, მე მგონი დღეს მოდის ის.
კლარა – ხორცი არ მიყიდია.
შაკო – (აძლევს ფულს) აჰა ფული და იყიდე (შაკო მიდის ტელეფონ ავტომატთან, ხსნის ავტომატს, შიგ ფული არ არის, მიმართავს კლარას) – რა ხდება, არავინ არ ხმარობს ტელეფონს?
კლარა – რეკავენ, ფული რატომ არ არის არ ვიცი.
შაკო – რას შვრებიან მოხუცები, რამეს ხომ არ აპირებენ?
კლარა – არ უნდათ გადასვლა.
შაკო – მაგათ შევეკითხები. . .
კლარა – ამაღამ მოხვალ ჩემთან?
შაკო – ჰო. (კლარა გადის, შემოდის ანიკო ცოცხით და ვედროთი) ანიკო!
ანიკო – ბატონო!
შაკო – ალაგებ ხომ? ხო არ გიჭირს?
ანიკო – არა, რას ბრძანებთ.
შაკო – ჰოდა ეგრე, დაალაგე, დღეს სტუმარს ველოდები, თუ მოიცალა (პაუზა), შენ არსად არ გაგიშვებ, ხო გინდა აქ დარჩენა? (ანიკო თავს უქნევს) ჰოდა შენ აქ დაგტოვებ, არ ინერვიულო (შაკო გადის, შემოდის გოგი, სიგარეტს ეწევა, ანიკო ეზოს ალაგებს).
გოგი – გამარჯობა.
ანიკო – (შეკრთა) როგორ შემაშინე, როდის შემოხვედი?. . .
გოგი – გამარჯობა გითხარი.
ანიკო – გაგიმარჯოს . . .
გოგი – ანიკო . . . რა მინდა გკითხო, მოიხედე აქეთ (ანიკომ შეხედა, გოგი
დაჟინებით უყურებს), ადრე, იქ . . გარეთ, ხო არ ვიცნობდით
ერთმანეთს?
ანიკო – (განაგრძობს ეზოს დაგვას) არა.
გოგი – არა? აბა რატომ მეცნობი?…. . .
ანიკო – რა ვიცი?!
გოგი – მე სახეები არ მავიწყდება. . .კარგად მახსოვს შენი სახე, ოღონდ
საიდან მახსოვს ვერ გავიხსენე
ანიკო – (გოგის დაჟინებული მზერის გამო დაიძაბა) რა ვიცი აბა?!
გოგი – ანიკო, აბა გაიღიმე! . . გაიღიმე რა?! გთხოვ (ანიკო ცდილობს
გაიღიმოს) არა, ის სხვა იყო. . . არა უშავს გავიხსენებ . . . იქ, გარეთ,
რას აკეთებდი? ვინ იყავი?
ანიკო – გარეთ? დამლაგებელი ვიყავი. . . შენ?
გოგი – რა მე?
ანიკო – შენ ვინ იყავი იქ, გარეთ?
გოგი – (დაიბნა) მე? მე ისა. . . (ხმა აუწია) რაში გაინტერესებს? გეტყვი. .
ბუღალტერი ვიყავი. . . ჰო, ბუღალტერი ვიყავი . . . ქარხანაში,
რატომ მკითხე?
ანიკო – ისე. რატომ ანერვიულდი?
გოგი – მე? ავნერვიულდი? ეგღა მაკლია. . . რა მაქვს სანერვიულო.
ავნერვიულდი კი არა. . . რაღაცნაირად მკითხე, გეგონება რაღაცას
ეჭვობდე . . . (პაუზა) ანიკო, დღეს მოდიანო, ხო არაფერი გაგიგია?
ანიკო – რა ვიცი აბა?!
გოგი – დღეს არის რეპეტიცია?
ანიკო – არის.
გოგი – რათ უნდათ რეპეტიციები? მაინც უნდა გაგვყარონ აქედან. კაბარეს
ხსნიან და იმას, ეროტიკულ თეატრსო…
ანიკო – (დარწმუნებით) ვერ გაგვყრიანო…
გოგი – ვინ ამბობს მაგას? დოდო? მაგას თუ შეეკითხებიან… რა უნდა ვერ გავიგე, გაჭმევენ, გასმევენ, გივლიან, გირეცხავენ, ხანდახან საჩუქრებსაც გჩუქნიან, ეგ კიდე რაღაც ინტრიგებს აწყობს, ეს სპექტაკლიც მაგიტომ მოიგონა, საინტრიგანოდ, ბომბებს ვისვრითო… რა ბომბებს ვისვრითო?!
ანიკო – მართლა ბომბებს კი არ ვისვრით…
გოგი – ვიცი! (პაუზა). შაკო რას გეუბნებოდა წეღან, დაგტოვებო?
ანიკო – ჰო!
გოგი – ჰო?… ძალიან კარგი, (სიგარეტი გადააგდო) მე ჯერ არაფერს არ
მეუბნება
(შემოდის კლარა)
კლარა – (რასაკვირველია მუნჯურად) – აბა აიღე სიგარეტი! ვერ ხედავ
ქალი ალაგებს?…
გოგი – ნეტა ერთი შენ ვინ გკითხავს, (იღებს სიგარეტს) ანიკო, კლარა
მართლა შაკოს ბოზია?
ანიკო – (უხერხულად იშმუშნება) რა ვიცი აბა?!
გოგი – (კლარას) კლარა, შაკოს ბოზი ხარ? (იცინის)
კლარა – წამოდი მომეხმარე, კარტოფილია გასათლელი
გოგი – მოვდივარ, ანიკო, თუ გამიხსენო – გამახსენე, კარგი?!
ანიკო – გაგასხენებ.
(ანიკო მიდის იქვე მდგომ ტელეფონ-ავტომატთან, აქეთ-იქით მიიხედავ-მოიხედავს, შემდეგ ჩაუშვებს მონეტას, რომელსაც ძაფი აქვს გამობმული, კრეფს ნომერს, ისმის ზუმერის ხმა, ვიღაცამ ყურმილი აიღო, ანიკომ სწრაფად ამოაძრო ჩაყლაპული მონეტა)
ქალის ხმა – გისმენთ! ალო?!… გისმენ!!!… ვინა ხარ, ხმა ამოიღე… მაგიჟებ
არა? მაეჭვიანებ ხო? ვაი შენს პატრონს…
(წყვეტილი ზუმერი, ანიკომ ყურმილი დაკიდა, დაგვა განაგრძო,
შემოდის ქეთი)
ქეთი – ანიკო, მე არავის ვუკითხივარ?
ანიკო – არა.
ქეთი – (გაოცებული) რატომ? (რეკავს ტელეფონზე) ანიკო ჩემების ნომერი
არ გახსოვს?… 34-41… და?…
ანიკო – არ მახსოვს.
ქეთი – აბა როგორ დავრეკო? (სატირლად მოემზადა, შემოდის
აფორიაქებული რუსიკო, რომელიც ქეთის ეძებს)
რუსიკო – (დაინახა ქეთი. როგორც ბავშვს ისე ტუქსავს) სად გაიპარე?
ნახევარი საათია გეძებ… შენ ისა გაქვს… რა ქვია?… ისა… გამახსენე…
ქეთი – (ეღიმება) სკლეროზი?
რუსიკო – ხო, სკლეროზი, ტაკ შტო ფრთხილად იყავი, ერთხელაც
დაიკარგები და მორჩა…
ქეთი – რუსიკო, აბა თქვი აა!
რუსიკო – აა!
ქეთი – ტლაკში ქვაა!… (იცინის, ძალიან კმაყოფილია).
რუსიკო – სულელი, უზრდელი… თინიკო!
ქეთი – (უსწორებს) ქეთი!
რუსიკო – შტო ქეთი?
ქეთი – ქეთი, თინიკო ვინა არის?
რუსიკო – ბალშაია რაზნიცა, შტო ქეთი, შტო თინიკო. (ჩაფიქრდა) რა
მინდოდა? ხო. . . . ქეთი, ფისი გინდა?
ქეთი – (ჩაფიქრდა) არ ვიცი.
რუსიკო – წამოდი. (გადიან, ანიკომ უცებ შენიშნა სანდრო, რომელიც
როდის შემოვიდა არ ვიცი, სანდრო ცოტა დაბნეული იხედება აქეთ – იქეთ. ასაკზე მეტად გამოიყურება, ხელები უკანკალებს, უხერხულად გრძნობს თავს ახალ გარემოში).
ანიკო – გამარჯობა!
სანდრო- (ჩახლეჩილი ხმით) გაგიმარჯოთ…
ანიკო – (იცნო, გაუხარდა) მაპატიეთ, თქვენ ის არა ხართ? ისა… სანდრო
ისა ხართ?
სანდრო- ისა ვარ.
ანიკო – (გაკვირვებული) მერე?… აქ რატომ?… საიდან?… როდის მობრძანდით?
სანდრო- (ვერ ვიტყვი, რომ სიამოვნებს ეს საუბარი) დღეს… ახლა
მომიყვანეს…
ანიკო – ძალიან კარგი, ძალიან სასიამოვნოა… აბა ვხურავთო… (ხელს
უწვდის) ანიკო.
სანდრო- სანდრო. (პაუზა) 25-ე ოთახი სად არის?
ანიკო – მე-2 სართულზე, ხელმარცხნივ მესამე ოთახია, 27-ე აწერია მაგრამ
სინამდვილეში 25- ეა… რა კარგია, რომ აქა ხართ, ჩვენ აქ სპექტაკლს ვდგამთ, მიიღებთ მონაწილეობას? მალე პრემიერა გვექნება… თუ მანამდე არ გაგვყარეს აქედან.
სანდრო- ვინ უნდა გაგვყაროს?
ანიკო – (საიდუმლოდ) ყიდიან ამ სახლს, ყიდიან თუ ყიდულობენ კარგად
ვერ გავიგე… კაბარედ უნდათ გადააკეთონ თუ ეროტიკულ თეატრად.
სანდრო- ე.ი. მეორე სართულზე, არა?
ანიკო – დიახ, მეორეზე, ხელმარცხნივ მესამე კარია, 27-ე აწერია, მაგრამ
სინამდვილეში 25-ეა.(სანდრო გადის, ანიკომ თვალი გააყოლა, ამოიოხრა) როგორ დაბერებულა?! (შემოდის ელეგანტურად ჩაცმული დოდო).
დოდო – ანიკო! (ანიკომ ცოცხი ხელიდან გააგდო), ანიკო მე რა გითხარი?
გამაგებინე რატომ აკეთებ ამას, რატომ?
ბავშვის ხმა – რატომ უყვირი?
დოდო – (ტონი შეიცვალა) შენ აქ დამლაგებელი აღარა ხარ, შენ როლზე
იფიქრე, თავშესაფარს ყავს დამლაგებელი და ის მიხედავს ამ საქმეს.
ანიკო – აღარ ყავს.
დოდო – აღარ ყავს?
ანიკო – გაუშვა შაკომ…
დოდო – რატომ გაუშვა?
ანიკო – არ ვიცი, მითხრა შენ დაალაგეო…
დოდო – შენც ალაგებ.
ანიკო – ვალაგებ, რა მოხდა მერე, ორმოცი წელი ვალაგებდი, რაღა
დამრჩა, ერთი ორი წელიც დავალაგებ და… რომ არ დავალაგო
გამიშვებს… სად წავიდე?
დოდო – გითხრა გაგიშვებო?
ანიკო – არ უთქვამს, ვიცი. დოდო, დღეს მოდიანო, მართალია?
დოდო – არ ვიცი, ვნახოთ.
(შემოდის არკადი, მე მგონი რუსია, მაგრამ მაინცდამაინც არ ჰგავს რუსს, აქცენტიც ისეთი აქვს, ცოტა ქართული)
არკადი – Добрый день Додо Николаевна!… გამარდჟობა ანიკო!
დოდო – გამარჯობა არკადი.
ანიკო – გამარჯობა.
არკადი – (უკმაყოფილოდ) Значит все – таки Лира ставим да?… Не лучше
Ричарда поставить или Макбета?…. Полетели бы головы направо и налево.
დოდო – Чьи головы?
არკადი – Вы мне дайте Ричарда, головы я сам найду! (ღელავს) Додо Николаевна,
нельзя мне тоже участвовать в нашем спектакле?
დოდო – Ну как ты Аркадий у нас будешь играть? Мы по грузинский, ты по
русский?
არკადი – Додо Николаевна…
ანიკო – (აწყვეტინებს) Не приставай Аркадий…
არკადი – შენ არ გეკიტხები… Додо Николаевна, а не может быть так, чтобы
один из ътих князей был русским?
დოდო – Нельзя Аркадий!
ანიკო – Аркадий уйди.
არკადი – დაცხნარდი ანიკო, Додо Николаевна, этот князь – как его, Глостер, он
не может быть русским?
დოდო – (კატეგორიულად) Нет!
არკადი – (წავიდა, უცებ მობრუნდა) Ну ладно, пусть будет так – Глостер не
русский, а русскоязычный!
დოდო – Ар-ка-дий!!!
ანიკო – Аркадий уйди.
არკადი – А Кент?
ანიკო – არკადი, თავი დაანებე. აქ დაიბადე, აქ გაიზარდე, გესწავლა
ქართული.
არკადი – დჟერ ერტი, აკ არ დაიბადე. В 21-м когда отец вас освобождал…
ანიკო – От кого освобождал?.
არკადი – От меньшевиков, мне тогда три года было. Ему на Татьяновской дали
квартиру, потом эту улицу переименовали на 25 февраля, потом на 26 мая, а сейчас Товстоногова… და მე და დედაჩემი ჩამიგვიკვანა, მერე რუსული სკოლა, ეზოში კურდები, სომხები, ვერც კარტული ისცავლე და რუსულიც Почти დაგავიცხდა… (იმედგადაწურული) Нельзя значит?
დოდო – Нельзя!
არკადი – რომ გკიტხოტ у нас демлкратия!
დოდო – При чем демократия! ეს ინგლისია Средние века! რა უნდა იქ რუსს,
რა?…
არკადი – (გაოცებული) Что за страна, ни одного русского!… (გადის ერთობ
ნაწყენი, შემორბის რუსიკო)
რუსიკო – თინიკო არ გინახავთ?
ანიკო – თინიკო თუ ქეთი?
რუსიკო – ჰო ქეთი, ქეთი… არ გინახავს?
ანიკო – არა
რუსიკო – მაგას ისა აქვს… რა ქვია? ისა… ეტო ნუ… სკლეროზი!… საშინელებაა… (გაიქცა, ისევ მობრუნდა) დღეს მოდიანო, მართალია? ეროტიკულ თეატრს ხსნიანო, მართალია?
ანიკო – არ ვიცი.
რუსიკო – რა ვქნა, შინაურულად ვიყო თუ გამოვიცვალო? ქეთი არ
გინახავს? ა, ჰო გკითხე… (მიდის, ბრუნდება) რა მიპასუხე არ მახსოვს.
ანიკო – არ მინახავს. (რუსიკო გადის) დოდო, იცი ვინ მოიყვანეს აქ?
დოდო – ვინ?
ანიკო – ის… ბევრ კინოშია გადაღებული, ქალები გიჟდებოდნენ, სანდრო
ისა. . . გვარი დამავიწყდა.
დოდო – მსახიობია?
ანიკო – ჰო, მსახიობი, როგორ დაბერებულა, (პაუზა) დოდო!
დოდო – რა იყო ანიკო?
ანიკო – (საიდუმლოდ) გუშინ შაკოს სტუმრები ჰყავდა, გადაწყვეტილია ამ
სახლის საქმე, გაყიდეს… თუ იყიდეს… საბუთებს აფორმებენ.
დოდო – ვინ გითხრა?
ანიკო – (აქეთ იქით იხედება) შაკოს კაბინეტს ვალაგებდი, შემოვიდნენ,
გადიო… მისაღებში ველოდებოდი… მესმოდა… შაკომ დამიძახა, შამპანიურები მომატანინა, იქეიფეს. თვის ბოლოს გავიყვან
ამათ აქედანო, დაპირდა.
დოდო – სად გავიყვანო?
ანიკო – ერთაწმინდაში, იქო, პიონერთა ბანაკი რო იყოო. ესენი ეუბნებიან,
ის ბანაკი თითქმის აღარ არსებობს, დანგრეულიაო, შაკო ეუბნება – ნიჩევო მივხედავთო, გაყიდეს თუ იყიდეს ვერ გავიგე.
ბავშვი – (დოდოს) ნუ გეშინია, ვერსად ვერ გაგყრიან.
დოდო – ნუ გეშინია, ვერსად ვერ გაგვყრიან, ჩალით აღარ არის დახურული
ქვეყანა.
(შემოდიან მოხუცი “მსახიობები”, რუსიკოს ქეთი უპოვია და ახლა ხელი-ხელ ჩაკიდებულები დადიან, ზოგი ტექსტს, ზოგი მიზანსცენებს იხსენებს)
ვანიკო – დოდო! მართალია ეროტიკულ თეატრს ხსნიანო? მაგის დედა
ვატირე, თუ თეატრს ხსნიან, ჩვენ რათ უნდა გაგვყარონ, ჩვენ რა ვერ ვითამაშებთ თუ რა.
არკადი – Да, да შენ იტამაშებ, იტამაშებ, ტიტველი. იცინის Ну, дает деревня,
გოიმი!
ვანიკო – ტიტველი რათა კაცო… დოდო, (დოდო პიესას ათვალიერებს, არ
აქცევს ვანიკოს ყურადღებას) დოდო შეიძლება რო, კონცერტში მე
რო ლექსები წავიკითხო.
დოდო – ეს კონცერტი არ არის.
ვანიკო – რაც არი, შეიძლება? შენ რო ამბობ ბომბიო, აი ნახე – “მამას
ვუყვარვართ შვილები, მამა არ გვახსოვს შვილებსა…”
ქეთი – (პანიკაში) დოდო მართალია?
დოდო – რა არის მართალი?
ქეთი – დღეს მოდიანო… მალე გავყრით ამათ აქედანო,
დოდო – ვინ გითხრა?
ქეთი – ამბობენ
დოდო – (ბავშვს გადახედა, რომელსაც ვერავინ ამჩნევს) ვერავინ ვერსად
ვერ გაგვიყვანს.
ქეთი – ჩემებს უნდა დავურეკო, ბოლო ორი ციფრი არ გახსოვთ? 34-41 და?
ვანიკო – (მორიდებით) დოდო, პასუხი ვერ გავიგე, შეიძლება რო, მე რო
ბომბები წავიკითხო?
დოდო – არ შეიძლება!
ვანიკო – (უკმაყოფილოდ) რატო?
დოდო – იმიტომ! დამაცადე თუ კაცი ხარ.
გოგი – რატომ არ ვიწყებთ?
დოდო – დავიწყებთ.
გოგი – ჩვენ მზად ვართ, მუსიკით გავდივართ?
დოდო – ჰო.
რუსიკო- დოდო, რა ვქნა “რესნიცებს” არ მოგვიტანენ? გრიმი არ გვინდა?
ცოტა არ უნდა გავახალგაზრდავდეთ?
დოდო – იქნება, ყველაფერი იქნება. ისე აქ ასაკი არაფერ შუაშია, ეს
პირობითობა კარგიც კია, აქ არის მთავარი ბომბი ჩადებული.
ვანიკო – რატო არ ვიწყებთ დოდო?
დოდო – კაკოს ველოდებით, ტექსტი გაიმეორეთ…
რუსიკო- დოდო მართალია? მართლა გვყრიან აქედან?
დოდო – არა, ნუ პანიკიორობ! ვერ გაგვყრიან.
ვანიკო – დოდო ყური დამიგდე, აი ამას რო ვამბობ – “იზუზუნე და
იქროლე ქარო, ხო შეიძლება, რო აქ დავამატო – რაც მოგივა
დავითაო, ყველა შენი თავითაო! ხო მაგარია? ხო არი ბომბი?
დოდო – (ძლივს იკავებს თავს) ვინ უნდა თქვას ეგ?
ვანიკო – მეფემ… ლირმა… რო გააგდეს რა… მიხვდა რა… რო…. და რაც
მოგივა დავითაო…
დოდო – (აფეთქდა) ვანიკო! არ გამაგიჟო! რა უნდა თქვას ლირმა? რა,
შექსპირს უსწორებ? იმას ვერ იმახსოვრებ რაც გიწერია, არ ვიცი
როგორ შევამოკლო ტექსტი და შენ ამატებ?
ვანიკო – (ნაწყენი) ბოდიში… დავიწყო?
დოდო – არა, მოვიდნენ ყველანი.
ვანიკო – (საიდუმლოდ) დოდო, თუ მართლა დაგვიპირეს გაყრა, ერთი აზრი
მაქვს… მერე გეტყვი. დღეს იზუზუნედან დავიწყოთ რა?!…
დოდო – (აენთო) არა, ეგ რეზულტატური სცენაა… მანამდე უნდა მივიდეს ლირი, იქ უკვე გიჟია, მანამდე დიდი გზაა… რამ გააგიჟა, გასცა, გაიღო ყველაფერი რაც გააჩნდა, ბედს ეთამაშება, ბედისწერას იწვევს დუელში, მარცხდება, გვიან აეხილა თვალები, გვიან მიხვდა… დააგვიანა.
ვანიკო – მეც მაგას ვამბობ, მიხვდა და… რაც მოგივა დავითაო…
დოდო – (ყვირის) სად არის კაკო?
ვანიკო – რად გვინდა კაკო? აქ არა ვარ?
დოდო – გვინდა, მერე იმას ცალკე ხომ არ ავუხსნი ყველაფერს.
ვანიკო – დოდო, მაინც არაფერს ვაკეთებ და აბა ეს ბომბი ნახე რა?!
ქეთი – (ტელეფონზე რეკავდა) ჩემიანების ტელეფონის ნომერი ხომ არ გახსოვთ ვინმეს? 34-41 და?… ბოლო ორი ციფრი აღარ მახსოვს
(შემოდის კაკო)
დოდო – რატომ ვაგვიანებთ?
ქეთი – (აღშფოთებული) სულ შენ უნდა გელოდოთ?
რუსიკო – კარგი რა კაკო, კარგი რა?
ვანიკო – რა არი ძმაო, ეგრე შეიძლება? (ვანიკო გაკვირვებულია რატომ არ ეჩხუბება დოდო კაკოს).
გოგი – (შეშინებულს გამოეღვიძა) ააა!… არა!… არ მინდა!… რა გინდათ ჩემგან, რა!… მე რა შუაში ვარ… მე ვინ მეკითხებოდა… (მოხუცები გარს შემოეხვივნენ, აწყნარებენ, გოგი მიხვდა, რომ ეს კოშმარი სიზმარში იყო) ვეღარ დამიძინია… სულ ერთი და იგივე სიზმარი მესიზმრება.
კაკო – მეც კაცო, სულ ვერ ვიძინებ… ათი წუთი, რომ ჩამეძინოს, ვიღაცა ჩამჩურჩულებს – ფისი-ფისი, ფისი-ფისი… და შეიძლება გამეპაროს… აბა! შენ რა დაგესიზმრა?
გოგი – (მთლად გამოფხიზლდა) მე? არაფერი, რა გინდა, რას შემომიჩნდი?… არაფერი არ დამსიზმრებია…
კაკო – დაჯექი, დაისვენე
(გოგი ჯდება, მაგრამ ისევ წამოვარდება)
გოგი – არა, არა!… რომ დავჯდე, ჩამეძინება და მერე…
კაკო – მე მელოდებოდით? შაკო შემხვდა, რეპეტიცია არ იქნებაო.
დოდო – რატომო?
კაკო – მეც ეგ ვკითხე, რატომ-მეთქი? Aარ არის შენი ტრაკის საქმეო
ქეთი – უზრდელი
რუსიკო – ვირი
კაკო – დიახ, უზრდელი, ჯერ ვიფიქრე დავარტყამ მეთქი, მერე ვიფიქრე ამ ვირს ვერ მოვერევი მეთქი, მერე ვიფიქრე, რაღაცას ისეთს ვეტყვი გული გაუსკდება მეთქი, ისეთი ვერაფერი ვერ მოვიფიქრე და… (მრისხანე სახე მიიღო) აი ასე შევხედე და წამოვედი. იქნება რეპეტიცია? მე ვითამაშო?
ვანიკო – (აყვირდა) რათა კაცო, ყოველდღე შენ ხომ არ უნდა ითამაშო, ჩემი რიგი აღარ არი? ხო ვთქვით არა?! ჯერ შენ, მერე მე, ჯერ შენ, მერე მე… კარგი რა?
კაკო – (ყასიდად) კი ბატონო, კი ბატონო, შენ ითამაშე. მიდი დაიწყე..
დოდო – არა ვანიკო, შენ ჯერ უყურე და ტექსტი დაიმახსოვრე, კაკო შენ
დაიწყე.
ვანიკო – სულ ეგრეა რა… ვიცი უკვე ტექსტი… აჰა – “იზუზუნე და იქროლე
ქარო…”
არკადი – Каждый раз одно и то-же, კარგი რა, ვანიკო.
ვანიკო – ნეტაი ერთი შენ ვინა გკითხავს?
არკადი – მეც არ მატამაშებენ… Что стреляться из-за этого? მიდი კაკო
დაიცხე.
ვანიკო – არკადი, შენ ცოტა ჭკვიანად იყავი თორე… (კაკოს) ბიჭო, კი არა
მწყინს, მაგრამ
ეგრე ძმაო არ შეიძლება, კი არა მწყინს, ისე რა… რო… არ შეიძლება
ეგრე. (ვერ წყნარდება)
დოდო – დავიწყოთ!
კაკო – დავიწყოთ, მაგრამ, ვანიკო მე არაფერ შუაში არა ვარ… ეგ რასა
გავს იცი? ის ანეგდოტი როა, გურული და სვანი ხეზე რო სხედან და
ქეთი – ვაიმე დაიწყეთ რა
(შემოდის კლარა)
დოდო – რა გინდა კლარა?
კლარა (მუნჯურად) არაფერი გააგრძელეთ
კაკო – ვანიკო!
ვანიკო – (ნაწყენი) რა გინდა ძმაო? ჰო გინდოდა თამაში არა? მიდი ითამაშე… არა მწყინს, არა.
კაკო – (შემრიგებლურად) ვანიკო, თუ შემეშალოს, მიკარნახე, ხო?!
ვანიკო – სხვაგან რო შეგეშალოს, იქაც მე გიკარნახო?
რუსიკო – (ლამის ატირდეს) ვაიმე დაიწყეთ რა.
კაკო – რა გინდა ვანიკო? ხო გითხარი, თუ გინდა შენ ითამაშე, მე არ
მეწყინება.
ქეთი – კარგით რა, დავიღალე დავიწყოთ რა?!
გოგი – დოდო, გაყარე ორივე, სულაც მე ვითამაშებ მეფეს
ვანიკო – მე რა, მწყინს რო, მე ეგ კი არა მწყინს.
არკადი – Да не интересно нам გცხინს თუ არ გცხინს, ხელს გვიშლი,
დაცხნარდი!
ვანიკო – ეე, მე რას მაწყნარებთ ვერ გავიგე, წყნარად არა ვარ?
დოდო – (სიგარეტს მოუკიდა) იდიოტი ვარ, ნამდვილი იდიოტი. რამ
მაფიქრებინა, რომ თქვენთან შეიძლება სპექტაკლის დადგმა (“მსახიობები” გაჩუმდნენ, მიხვდნენ, რომ დოდო სერიოზულად გაბრაზდა).
ბავშვის ხმა – დაწყნარდი.
დოდო – შენი ბრალია, რას მომათრიე აქ? (უცებ დოდოს კლარას იქ ყოფნამ
შეუშალა ხელი) რა გინდა კლარა?
კლარა – (მუნჯურად) შაკომ რეპეტიცია არ დაიწყონო. ახლა
ახალგაზრდები მოვლენ, საღამოს დისკოთეკა აქვთო, სცენა უნდა მოაწყონო
დოდო – (ვერ ხვდება რა თქვა კლარამ) გაიგეთ ვინმემ რა თქვა?
კაკო – მგონი შეწყვიტეთ რეპეტიციაო
დოდო – კლარა თავი დაგვანებე
გოგი – იჩხუბებს შაკო.
ქეთი – შაკო ვინ არის, მე ვიცნობ?
ვანიკო – იჩხუბებს თორე, არავის არაფერი არ…
რუსიკო (აწყვეტინებს) ვანიკო!
დოდო – კაკო, დაიწყე, რას ელოდები?
კაკო – თქვენ გელოდებით, საიდან დავიწყო?
დოდო – ვიდრემდე მოვლენ…(პაუზა) კლარა რა გინდა? (გაბრაზებული
კლარა გადის)
კაკო – ვიწყებ (პაუზა, კაკო ემზადება) ვიდრემდე მოვლენ…
დოდო – რატომ ვიდრემდე?
კაკო – აბა როგორ?
დოდო – ვიდრემდე
კაკო – ვიდრემდე მოვლენ… არა? ვიდრემდე მოვლენ…არა? ასე, რომ დავიწყო
– “სანამ აქ მოვლენ, ჩვენს დაფარულ განზრახვას ვიტყვით, მომართვით მე აქ სამეფოსა ჩემისა რუქა”
ვანიკო – (უსწორებს) ჩვენისა!
კაკო – რა ჩვენისა?
ვანიკო – ჰო ჩვენისა (კითხულობს) “მომართვით მე აქ სამეფოსა ჩვენისა
რუქა…” მა
ჩემისა რა თქმა არი, ხო არ გავაგრძელო დოდო?
კაკო – (სწრაფად აგრძელებს) ისმინეთ ჩემი, მე სამეფოს სამ ნაწილად ვყოფ… (ვანიკო ხმამაღლა კარნახობს) ვანიკო ჩუმად
რა!?
ვანიკო – მიკარნახეო, შენ არ მთხოვე?
კაკო – თუ შემეშალოს მეთქი, შემეშალა?
დოდო – ყავას ვერ მომიტანთ?
გოგი – დავამთავროთ რეპეტიცია.
დოდო – ჩუმად, ვაგრძელებთ.
კაკო – სად ვიყავი ვანიკო?
ვანიკო – სამად რო ყოფ სამეფოს, ვერ გავიგე რა… სულელია ეს ლირი?
ყველაფერს როგორ აძლევ შე ვირიშვილო? შენთვის არაფერი არ უნდა დაიტოვო? არა და თუ სულელია, მეფე როგორ გახდა, თუმცა რა რამდენი სულელია რო… მე რა, ეგრე არა ვქენი, რაც მქონდა ხო დავურიგე ვირიშვილებს.
დოდო – ვანიკო დაგვაცადე.
კაკო – ვაგრძელებ – მე სამეფოს სამ ნაწილად ვყოფ, რათა ყოველი მასზე
ზრუნვა, ფიქრე მძიმე ნაღველი, სიბერის ჟამსა ჩვენსა თავსა ჩვენ
მოვაშოროთ… ვაი!… დოდო ერთი წუთით გავალ ხო?
დოდო – გადი, გადი, როგორ უნდა დავამთავროთ თვის ბოლომდე, როგორ.
გოგი – რეპეტიცია დამთავრდა, აბა ავალაგოთ.
ვანიკო – დოდო, მე ხო არ გავაგრძელო? ეგ როდის მოვა, არც კარნახი
მინდა, დავიწყო? სად გაჩერდა?… ჰო, სამად რო გაყო სამეფო, სულელია რა, ვირო, შენთვის არაფერი არ უნდა დაიტოვო?… ვაგრძელებ: (კითხულობს) – სიბერის ჟამსა ჩვენსა თავსა ჩვენ მოვაშოროთ და კისრად დავდვათ უფრო ჭაბუკს ძალსა და ღონეს, ჩვენ კი მოხუცნი, ტვირთახსნილნი, ნელ-ნელა გოგვით ვივლით ვიდრემდე ქვეყნის ჟამთაცვლა სიკვდილს შეგვყრიდეს… დოდო, ე.ი. ჩვენ პენსიაზე გავალთ და თქვენ იმუშავეთო არა?.
კაკო – (სწრაფად შემოვარდა) რა მოხდა, ერთი წუთით არ შეიძლება
გასვლა? ვანიკო თუ გინდოდა თამაში, ხო გითხარი, მე არ მეწყინება მეთქი… მიდი, მიდი გააგრძელე
(რეპეტიცია კვლავ შეწყდა, მოხუცების ყურადრება შემოსულმა ახალგაზრდამ და ხანშიშესულმა მამაკაცმა მიიქცია)
შვილი – აბა რას იტყვი მამი? ხო მოგწონს აქაურობა? რას იტყვი მამი? ა?
მამა – …
შვილი – რა თქვი? რა არი მამი, ნერვიულობ? რა განერვიულებს, კარგი
რა, რა მოგივიდა? დაწყნარდი… თუ არ გინდა აქ დარჩენა, წავიდეთ,
წავიდეთ?
მამა – …
შვილი – მამი თქვი რამე რა?… (მამამ ხელი ჩაავლო ხელში) ხელი გამიშვი… რა მოგივიდა კაცო, კი არ გავრბივარ, გამიშვი რა… მოდი აქ დაჯექი… ხელი გამიშვი, გამიშვი ხელი… ხალხი გვიყურებს სირცხვილია, რა გინდა მამი?
მამა – …
შვილი – ხო შევთანხმდით არა? მე წავალ ოთხი-ხუთი წლით… თვით, შენ აქ დარჩები, დირექტორს უკვე მოველაპარაკე, ყურადღება, ჭამა, სმა, სითბო, არ მოგაკლდება. ჩამოვალ და იმ დღესვე გაგიყვან აქედან, რა არ მოგწონს აქაურობა?
მამა – …
შვილი – რა ვქნა? მითხარი რა ვქნა? შენ რომ აქ დარჩენაზე თანხმობა არ გეთქვა, არ მოვაწერდი კონტრაქტს ხელს, არც ბინას გავყიდდი, რა შეიცვალა? ხო იცი, ბინა გაყიდულია, თინიკო და ბავშვები სიმამრს შევტენე, წახვალ იმათთან? – არა! ახლა რა ვქნა, ბინას ხო ვეღარ დავიბრუნებ, ნახევარი ფული ვალებში წავიდა… არა უშავს ორ-სამ წელიწადში მაგაზე უკეთეს ბინას ვიყიდი.
მამა – …
შვილი – კარგი ახლა გამიშვი, აღარ მაქვს ამდენი დრო, ოთხ საათზე აეროპორტში უნდა ვიყო, კაცო გამიშვი ხელი… აბა, კარგად იყავი, უნდა წავიდე… პატარა ხო არა ხარ? კარგი რა, მამი რა, კარგი რა… მე რა?… მინდა აქ რო გტოვებ? ნახე რა კარგი ხალხია, ხო ნახე რა პირობებია, ნეტა მე დამტოვებდეს აქ ვინმე…
მამა – …
შვილი – ჰო მართლა, კინაღამ დამავიწყდა, ფულს დაგიტოვებ, გამიშვი ხელი… გამიშვი ფული ამოვიღო, აჰა ასე (ხელი გააშვებინა, ჯიბეში ფული ჩაუდო), გქონდეს დაგჭირდება, დირექტორს რაც გინდა მოსთხოვე, დავალებულია ჩემგან, უარს ვერაფერზე ვერ გეტყვის. აქ თავი სამადლოდ და სამოწყალოდ არ იგრძნო… აბა, წავედი, ნახვამდის, ხუთ თვეში აქა ვარ… აეროპორტიდან პირდაპირ აქ მოვალ (შვილი მიდის).
ბავშვის ხმა – მოიცადე, არ წახვიდე!… ეი!… შენ გეუბნები!… სად მიდიხარ, საად?… (შვილი, რომელსაც არ გაუგია ბავშვის ხმა, გადის)
(მოხუცები შემოეხვივნენ მამას)
გოგი – (მამას) რომელ ოთახში გაგანაწილეს? ჩვენ ადრე იქ, გარეთ ხომ
არ ვიცნობდით ერთმანეთს?
მამა – …
კაკო – დაანებე თავი, თქვენი სახელი?
მამა – …
ვანიკო – არ ინერვიულო, იცი რა კარგადა ვართ აქა?…
მამა – …
რუსიკო – აქ ძალიან კარგად ვგრძნობთ თავს, აქ რომ არ მოვეყვანეთ,
მარტოობაში ამომხდებოდა სული.
მამა – …
ქეთი – აქ ძალიან მოგეწონებათ, იცით რა კარგი ხალხი ვართ?
გოგი – აგე! შაკო მოდის! იმას ეხლა თქვენ გაეცით პასუხი.
არკადი – Не стыдно тебе Гоги такой большой и такой კურდგელი.
გოგი – Заткнись
ქეთი – (შეწუხდა) რატომ არ მეუბნებით ვინ არის შაკო, მე ვიცნობ?
რუსიკო – თინიკო…
ქეთი – (უსწორებს) ქეთი.
რუსიკო – ეგ სულერთია, შენ ისა გაქვს… რა ქვია იმას? ისა… ამას წინათ, რომ გითხარი, ფრთხილად იყავი.
(შემოდის შაკო)
ქეთი – (გახარებული) აა, ამას ხომ ვიცნობ, ეს არის შაკო.
შაკო – გამარჯობათ მეგობრებო, ჩემო კარგებო, ჩემო ძვირფასებო
არკადი – Здравствуйте ბატონო შავლეგ!
შაკო – (რატომღაც გაღიზიანდა) არკადი, ჩემს კაბინეტში ტელეფონი რომ
ითიშება, რატომ არ აკეთებ, თუ შენ ეს არ გეხება?
არკადი – Сделаю ბატონო შავლეგ!
ქეთი – შაკო აბა თქვი აა.
შაკო – აა!
ქეთი – ტლაკში ქვაა… (იცინის)
შაკო – ქეთი ბებო, ქეთი ბებო, რა ცელქი ბავშვი იქნებოდით. უკვე გაიცანით ერთმანეთი? ძალიან კარგი. (მამას) რა საქმიანობა გეხერხებათ?
მამა – …
შაკო – კარგი, კარგი მოგინახავთ რამე საქმეს, თქვენთვის სასიამოვნოს და ჩვენთვის სასარგებლოს. (მხიარულად) აბა, როგორ არის საქმე? რამე პრობლემა ხომ არა გაქვთ? სულმოუთქმელად გელოდებით, რამე ხომ არ გჭირდებათ?
გოგი – არაფერი, ყველაფერი გვაქვს…
ქეთი – როგორ არ გვჭირდება, გრიმი არა მაქვს, კაბა არა მაქვს.
რუსიკო – “რუმიანა” გვინდა, “რესნიცები” გვინდა.
ანიკო – (ჩუმად) კაბა მეც არა მაქვს.
შაკო – ვაიმე, რა საყვარლები ხართ, თქვენ ხომ აზრზე არა ხართ. იქნება, ყველაფერი იქნება! მოდი ასე ვქნათ, ჩამოწერეთ ყველაფერი, რაც გჭირდებათ და გადმომეცით, სიტყვა თქვენი, საქმე ჩემი.
შაკო – ახლა კი გააგრძელეთ, მინდა გიყუროთ.
დოდო – შესვენება გვაქვს.
შაკო – რა დროს შესვენებაა, ხუთ წუთში ბავშვები მოვლენ, დღეს
დისკოთეკაა.
გოგი – სტუმრები არ მოვლენ?
შაკო – ვინ სტუმრები? აჰ ისინი? დღეს არა.
დოდო – ხომ შევთანხმდით, რომ დღეს რეპეტიცია იქნებოდა.
შაკო – მართალი ხართ ქალბატონო დოდო, შევთანხმდით, მაგრამ
დამირეკეს, მთხოვეს, დამავალეს და რა ვქნა?
გოგი – თუ დაგავალეს, რა უნდა ქნათ.
დოდო – (აღშფოთებული) კი არ დაგავალეს, აქირავებთ სცენას. რატომ
არ შეგიძლიათ, რომ ასე პირდაპირ გვითხრათ, რომ აქირავებთ, რომ
ფულს გიხდიან.
შაკო – დიახ, ვაქირავებთ, დიახ ფულს გვიხდიან. თქვენ. ხომ არ გგონიათ, რასაც ბიუჯეტიდან გვაძლევენ ის გვყოფნის, ან შემოწირულობები? სამი წელია შემოწირულობების ყუთი მიდგას ქუჩაში… იცით რამდენი შემიგვწირეს?- 85 თეთრი… აქედან 20 თეთრი ჩემი იყო. იცით რა მიჯდება ამდენი ხალხის შენახვა, სასმელ-საჭმელი, გათბობა, დენის ფული, წყლის ფული, მომვლელები, ექიმები, წამლები… რა ვქნა, უარი ვთქვა? აგერ ბატონი კაკო, ყოველღამე, რომ იფსამს, იმ თეთრეულს გარეცხვა ხომ უნდა? – უნდა. “პარაშოკი” უნდა? -უნდა. თეთრეული რეცხვაში ცვდება? – ცვდება… აბა როგორ გინდათ? Aკაკო ისე, სიტყვაზე ვთქვი.
კაკო – (ქალებს თვალს არიდება) რა ყოველ ღამე… ერთხელ იყო ეგ
ამბავი… დოდო – როცა შევთანხმდებით, პირობა აღარ უნდა დავარღვიოთ იმიტომ, რომ ვიღაცამ ვიღაცას ფული ჩაუდო ჯიბეში.
შაკო – მოიცა, მოიცა… ვინ ვიღაცამ ვის ჩაუდო ჯიბეში?… მე ვიდებ რამეს
ჯიბეში? მე?
კაკო – რამდენს გიხდიან?
გოგი – (შაკოს გადახედა) შენ ვინ გეკითხება, რა შენი საქმეა.
შაკო – რა შენი ტრ… რა თქვენი საქმეა, რას ყოფთ ცხვირს სხვის ჯიბეში?
ისევ თქვენ არ გახარჯავთ მაგ ფულს?
არკადი – Говорите по русски… Мне тоже интерсно, по грузински я не все
понимаю.
დოდო – ვაგრძელებთ რეპეტიციას.
შაკო – არა რა… ქალბატონო დოდო, გავიდა ხუთი წუთი, ახლა უკვე მოვლენ და… არ მინდა რა უსიამოვნება… დავამთავროთ და ხვალ გავაგრძელოთ, თუ ვერ ასწრებთ მომზადებას, გადავწიოთ იქით ერთი-ორი თვით, რა გვეჩქარება? უკეთესი გამოგვივა.
კაკო – რა ყოველ ღამე? – ერთხელ იყო… ისიც…
ვანიკო – რა ვიცი, თვის ბოლოს გადადიხართო და…
შაკო – მართალია, გადადიხართ, იქ ითამაშებთ, ბუნების წიაღში, იქ არ
ჯობია?
დოდო – (კატეგორიულად) ეს ხალხი აქედან არ წავა!
შაკო – არ წავა კარგია. არ წავა და… ეგრე სად არი ძმაო… დაო… თქვენი
კი არ არის ეს სახლი.
კაკო – არც შენია.
შაკო – მართალია, არც ჩემია, მერე მე ვამბობ ჩემია – მეთქი? ქალბატონო დოდო, თქვენთან ცალკე მინდა საუბარი, მერე მნახეთ თუ შეიძლება, ახლა კი მოვრჩეთ.
დოდო – თქვენთან ცალკე სალაპარაკო არაფერი მაქვს, თუ რამე გნებავთ,
აქვე ვთქვათ.
შაკო – (მოთმინებას კარგავს, მაგრამ ცდილობს თავი შეიკავოს) არ გვინდა რა… ქალბატონო დო-დო, არ გვინდა რა მიტინგები. ხო აზრზე ხართ რა პატივს გცემთ. თქვენს სპექტაკლებზე ვარ გაზრდილი, მაგრამ იცით რას გეტყვით… არავის, პირადად თქვენს გარდა, არავის არ სჭირდება ეს სპექტაკლი. თქვენ რომ გგონიათ, ბომბებს ამზადებთ აქ, ეგრე არ არი…
ბავშვი (დოდოს) – არ აყვე.
დოდო – (ბავშვს) დამაცადე… (მოხუცებს) მარტო მე მჭირდება? თქვენ არ
გჭირდებათ? ამოიღეთ ხმა!…
(პაუზა, მოხუცები უხერხულად იშმუშნებიან)
ვანიკო – (გაბედა) რას ამბობ დოდო, როგორ არ გვჭირდება…
გოგი – რაში გჭირდება, რაში. გაგათბობს, გაგაძღობს თუ რა?
არკადი – (დოდოს, ისე, რომ შაკომ არ გაიგოს) Я с Вами Додо Николаевевна.
შაკო – (შემოდის კლარა და ზარს აჟღარუნებს) მეგობრებო გთხოვთ სადილზე, კლარას დღეს კატლეტები დაუმზადებია თქვენთვის, აბა გთხოვთ… მობრძანდით (პაუზა) დროზე, ნუ გავაცივებთ სადილს (მოხუცები ნელ-ნელა გადიან, სცენაზე მხოლოდ დოდო და სანდროა, აგრეთვე მამა, რომელიც კუთხეში ზის და სივრცეში იმზირება, სამივე თავის ფიქრებშია წასული, მარტონი არიან.
ბავშვი – შეხედე ვინ დგას იქ? (დოდომ სანდრო შენიშნა)
დოდო – სანდრო!… სანდრო!… (სანდრომ მოხედა, დააკვირდა, სახეზე
ეტყობა, რომ ვერ იცნო დოდო) გამარჯობა სანდრო!…
სანდრო – გამარჯობა?!…
დოდო – ვერ მიცანი?
სანდრო – როგორ არა, როგორ არა, გიცანით… თქვენ… (იცნო) შეენ?…
დოდო – ჰო მე, მე… რას გავხარ შე საცოდავო?
ბავშვი – (დოდოს) რა შეხვედრაა?… ნუ ელაპარაკები ასე.
სანდრო – რას ვგავარ?
დოდო – მოდი აქ, დაჯექი, აქ ვინ მოგიყვანა?
სანდრო – მეზობლებმა.
(პაუზა)
დოდო – როგორ ხარ?
სანდრო – ვარ რა, ისე რა…
დოდო – სვამ?
სანდრო – არა…
ბავშვი (თავისთვის) – ტყუის
სანდრო – რითი უნდა დავლიო? (პაუზა) შენ? შენ რა გინდა აქ?
დოდო (ბავშვს გადახედა) – მეე? მე აქ სამადლოდ კი არა ვარ, ფულს
ვიხდი… როდის მოგიყვანეს?
სანდრო – დღეს, ხო გინდა არა?!… (იცინის) სად შევხვდით.
(შემოდის კლარა)
დოდო – რა გინდა კლარა?
კლარა – (კლარა ზარს დაუჟღარუნებს) არ მოდიხარ?
სანდრო – ყურს გვიგდებს?
დოდო – არა, ყრუ – მუნჯია. (კლარა გადის, მოულოდნელად) «ლირს»
ვდგამ, ითამაშებ?
სანდრო – რაა?
დოდო – ლირს ითამაშებ? შენი ოცნების როლია, (ხმას აუწია) ითამაშებ? ბავშვის ხმა – ითამაშებს, ითამაშებს… ოღონდ ნუ ეცემი ასე უცებ ყელში.
სანდრო – თავი დამანებე რა?
დოდო – რა, არ გინდა? სანდრო!… შენ რომ ახლა ამ როლზე უარი
თქვა?!…
სანდრო – დოდო თავი დამანებე…
დოდო – ასე, გადაწყვეტილია! თამაშობ ლირს, წარმოდგენა არა გაქვს რა მოხდება… ეს იქნება კივილი… ბომბი!… საზოგადოება გამოფხიზლდება, მიხვდება, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება, არ შეიძლება თვალდახუჭულმა იცხოვრო. მაშ ასე, გადაწყვეტილია – თამაშობ ლირს, თუ სულ არ გამოშტერდი, ტექსტს ადვილად ისწავლი, ეს ერთი გქონდა დადებითი, ტექსტს ადვილად იმახსოვრებდი.
ბავშვის ხმა – ნუ ელაპარაკები ასე, გაგექცევა.
სანდრო – დოდო, ისე ნუ იზამ, აქედანაც გაგექცე.
ბავშვის ხმა – ხომ გითხარი.
დოდო – შენ ერთხელ უკვე გაიქეცი… მთელი ცხოვრება გადაგყევი შე
ლოთო, შე ლოთო «დონ-ჟუანო»… შე «სამაიას» ლოთო.
ბავშვის ხმა – არ შეიძლება ასე, ყველაფერს გააფუჭებ.
დოდო – დამაცადე… (სანდროს) ჭაობიდან ამოგათრიე, კაცად გაქციე, ვერ
დააფასე და გაიქეცო… გაიქეცი და ხომ ხედავ რას დაემსგავსე.
სანდრო – (გაკვირვებული) რას დავემსგავსე?
დოდო -შენ სარკეში არ იყურები?
სანდრო – ვიყურები, მერე?
დოდო – მერე, ვერ ხედავ რას გავხარ? ხელები დიდ ხანია გიკანკალებს?
სანდრო – ხელები მიკანკალებს? (ხელებს წინ წევს) მართლა მიკანკალებს,
არ შემიმჩნევია.
დოდო – ლიკა სად არის, მიგატოვა? არა ბიჭო, ჩემსავით მონად
დაგიდგებოდა, შენ გგონია არ ვიცი შენი ამბები?
სანდრო – რა ამბები?
დოდო – ყველაფერი ვიცი, ყველაფერი… ვისთან გაიქეცი შე დეგენარატო…
ბავშვის ხმა – რა დროს ეჭვიანობაა.
დოდო – ბიჭები გნახულობენ?
სანდრო – ბოლოს ნიკა იყო.
დოდო – როდის?
სანდრო – არ მახსოვს…
დოდო – არ გახსოვს? მაინც, დაახლოებით?
სანდრო – დოდო, მართალი მითხარი, შენ აქ რა გინდა?
ბავშვის ხმა – (სანდროს) რად გინდა ეს გამოძიება, აქ არის და მორჩა,
შეირიგე თუ შეგიძლია
(სანდროს არ ესმის)
დოდო – (ხმას) დაანებე თავი. (სანდროს) შენი ბრალია… ყველაფერი შენი
ბრალია!
სანდრო – ეგ ვიცი, თუ რამე ცუდი მოხდა, ყველაფერი ჩემი ბრალია…
დოდო -ეგრეა, ყველაფერი ცუდი შენი ბრალია. უსინდისო კაცი ხარ,
ეგოისტი, დაუნახავი… ლოთი «დონ-ჟუანი»
სანდრო – «სამაიას» ლოთი…
დოდო – ჰო «სამაიას» ლოთი, «სამაიას» ლოთი.
ბავშვის ხმა – უძახე ახლა ლოთი, ლოთი
დოდო -«სამაიას» თავზე «ზაბეგალოვკიდან» გამოგათრიე, კაცად გაქციე, არასოდეს არავონ არ გაინტერესებდა, მარტო შენი თავით იყავი დაკავებული. ბიჭები ისე შემოგვეცალნენ არც კი გაგიგია (დოდო ატირდა, სანდრო შეწუხებულია)
ბავშვის ხმა – იტირე კარგია, შეხედე როგორ მოქმედებს (დოდომ
ცრემლები მოიწმინდა)
სანდრო – ეგეც ჩემი ბრალია?
დოდო – შენი ბრალია, ერთხელაც არ დაინტერესებულხარ, რითი
ცხოვრობენ შენი შვილები, ნიკამ როდის გნახა არ გახსოვს.
იდიოტო, ნიკა ათი თვეა ამერიკაშია.
სანდრო – საად?
დოდო – ამერიკაში.
სანდრო – რამდენი ხანია?
დოდო – ათი თვე, ათი თვე.
(პაუზა)
სანდრო – რატომ?
დოდო – იმიტომ! იმიტომ, რომ მისთვის არასოდეს არავის ეცალა.
(შემოდის ვანიკო, ხელში პურის ნაჭერი და კატლეტი უჭირავს)
ვანიკო – დოდო… ისა… მართლა კატლეტები იყო სადილზე… აი, მოგიტანე.
დოდო – ვანიკო, წადი აქედან.
ვანიკო – აიღე, დილიდან არაფერი გიჭამია…
დოდო – (ყვირის) ვანიკო წადი!
ვანიკო – წავედი. (სანდროს დააკვირდა) შენ ის არა ხარ?… ისა ხარ?…
(დოდოს შეხედა) წავედი (გადის)
(პაუზა)
დოდო – შენ რომ მარტო შენს თავზე არ გეფიქრა… სამჯერ დაჭრეს ნიკა,
ვერც ერთხელ ვერ გიპოვეთ, ხან ძმაკაცებმა, ხან გამვლელებმა
წაიყვანეს საავადმყოფოში.
სანდრო – დოდო, ეგ ხომ შემთხვევით მოხდა.
დოდო – რა მოხდა შემთხვევით? შემთხვევით დაჭრეს, თუ შემთხვევით ვერ
გიპოვეთ.
სანდრო –შემთხვევით ვერ მიპოვეთ.
დოდო – შემთხვევით არაფერი არ ხდება.
(შემოდის შაკო)
შაკო – გამარჯობათ ქალბატონო დოდო.
დოდო – დღეს არ გვინახავს ერთმანეთი, არა?
შაკო (სანდროს) – ცოტა ხანს დაგვტოვე, რა (მიხვდა, რომ უცნობი სახეა)
თქვენ ვინ ბრძანდებით?
სანდრო – მეე?
შაკო – ჰო, თქვენ… შენ…
სანდრო – სანდრო.
შაკო – მერე?
სანდრო – რა მერე?
შაკო – აქ რას აკეთებ
სანდრო – არაფერს.
შაკო – აა, შენ ისა ხარ, დათაშკამ რომ დამირეკა? რა პროფესია გაქვს?
სანდრო – რა მნიშვნელობა აქვს?
შაკო – დურგალი ხარ, მალიარი, ელექტრიკი, თუ?…
სანდრო – არცერთი.
შაკო – არა უშავს, მოგინახავ საქმეს, შენთვის სასიამოვნოს და ჩვენთვის
სასარგებლოს.
დოდო – ამ კაცს თავი დაანებეთ, ამის მუშაობა არ შეიძლება.
შაკო- თქვენი ნაცნობია?
დოდო – დიახ.
შაკო – (თავაზიანად)კი ბატონო თქვენი ხათრით… (სანდროს) ოღონდ ახლა
ცოტა ხნით დაგვტოვე.
სანდრო – მეე?
შაკო – ჰო შენ, წადი რა გაიარ-გამოიარე.
სანდრო – რატომ უნდა გავიარ-გამოვიარო.
შაკო – საქმე მაქვს ქალბატონ დოდოსთან.
სანდრო – კი ბატონო (შორიახლოს მიდი-მოდის)
შაკო – ქალბატონო დოდო, ჩემი ხასიათი იცით, გულახდილად და პირდაპირ მიყვარს ლაპარაკი, გულახდილად და პირდაპირ მინდა მოგელაპარაკოთ… ამ შენობის საკითხი, პრინციპში უკვე გადაწყვეტილია, ამ დღეებში უნდა გავიყვანო ეს ხალხი აქედან, თქვენი პრობლემა მინდა გადავწყვიტო.
დოდო – რა პრობლემა?
შაკო – ქალბატონო დოდო, ხო აზრზე ხართ, ამერიკელი ბიზნესმენები რა როჟები არიან, წესიერი, პატიოსანი და სანდო ხალხი სჭირდებათ… ამიტომ მე ასე ვიფიქრე, თქვენ აქ დაგტოვებთ, ჩემთან, რამე თანამდებობას მოვიფიქრებ, ჩემი მოადგილე იქნებით ან მენეჯერი, ან რამე, რა ვიცი… ოღონდ ეს ხალხი უნდა შემიკეროთ, რომ ექსცესების გარეშე წავიდნენ აქედან… ჰა?
დოდო – რა, ჰა?
შაკო – რას იტყვით?
დოდო – არ გამოვა.
შაკო – რატომ? რატომ არ გამოვა? გამოვა… ეგეთები გამოსულა?!
დოდო – გამოსულა, მაგრამ აღარ გამოვა. ჩალით აღარ არის დახურული
ქვეყანა, არ წავა ეს ხალხი აქედან.
შაკო – (ღიზიანდება) არ წავა კარგია, ეს საკითხი სახელმწიფო დონეზე
წყდება, გამიბაზრებთ, თორემ გეტყოდით ვისი ინტერესებია აქ
ჩადებული.
დოდო – ვისი ინტერესებია?
შაკო – ვისი და… (კინაღამ წამოცდა) მერე გეტყვით ვისი.
დოდო – არ გამოვა ეგ საქმე, არა, ვერ იყიდით ამ სახლს, ხალხს ქუჩაში
ვერ გაყრით.
შაკო – (აღშფოთებული) ვინ ყრის ქუჩაში? ჩვენ მხეცები კი არა ვართ.
ბუნების წიაღში იცხოვრებენ. ერთაწმინდაში. ადრე პიონერთა
ბანაკი იყო, გადახვალთ იქ… არა, თქვენ აქ დარჩებით.. გადავლენ იქ, მიხედავენ შენობას, რაღაცას სახელმწიფო გაიღებს, რაღაცას ამერიკელები… ეგენი მაგრა უნდა მოვწველოთ, მაშ როგორ, მუქთად უნდათ ყველაფერი. Aყოფილხართ ერთაწმინდაში? აქეთ მთები, იქით მდინარე, აქ ეკლესია, იქ სასაფლაო… პაატა მანდ არის დამარხული, სააკაძე, რა როჟა იყო არა? საიდან და რა დროს ჩამოატანინა პაატას სხეული!… რა მაგრები ვართ არა ქართველები?!… შევთანხმდით ხო ქალბატონო დოდო?… (სანდროს) ძმაო შენ გითხარი გაიარ-გამოიარე მეთქი.
სანდრო – დავდივარ.
შაკო – რა არი, ყურს გვიგდებ? (სანდრო გვერდზე გადგა)
დოდო – სანდრო მოდი აქ!
(სანდრო მოვიდა)
შაკო – ბიძაჩემო, თავი დაგვანებე რა?! (სანდრო ისევ გვერდზე გავიდა)
ახლა ქალბატონო დოდო, მთლად გულახდილი ვიქნები, სულ რომ
ყირაზე დადგგეთ, მაინც გახვალთ აქედან. ათიოდე მოხუცისთვის
ამხელა შენობას ქალაქის ცენტრში არავინ მოაცდენს, ხომ
მიგანიშნეთ ვისი ინტერესებია აქ ჩადებული, მაგას ენდობიან და ამერიკელებიც დებენ ფულს. ეს ფული მალე უნდა ამოვიღოთ, ასე, რომ ჯობია თქვენს თავზე იფიქროთ.
(პაუზა)
დოდო – სანდრო, მოდი აქ! (სანდრო მორჩილად მოვიდა)
დოდო – სანდრო, ცემე ეს კაცი!
სანდრო – ვცემო?
დოდო – ჰო, ცემე!… ჩემი ხათრით…
შაკო – (იცინის) მცემოს? ამან როგორ უნდა მცემოს.
დოდო – მთელი ცხოვრება ვარჯიშობ, არ შეგიძლია, ერთხელ, ჩემი ხათრი
ერთი ნაძირალა ცემო?
სანდრო – (დაიბნა) მიზეზი ხომ უნდა მქონდეს?… მერე აღარ მეკითხები –
შემიძლია ვცემო?
შაკო – შენ მე უნდა მცემო? მოდი რა… მოდი, მოდი, შენ მე როგორ უნდა
მცემო?
სანდრო – მე ვამბობ გცემ მეთქი?
შაკო – ჩაიჯვი? Aმოდი რა, მოდი მცემე… მიზეზი გინდა არა, შე ფუნა…
(სანდრომ გაარტყა) ი!… ეს რა ქენი? Aდამარტყი? (სანდრომ ერთხელ
კიდევ გაარტყა) ი!… კიდევ?… გაგხეთქო ცემით? არა ხარ ღირსი? (სწვდა საყელოში) რა გიყო? გცემო? რო დაგარტყა, ხო შემომაკვდები, ეგრე არა? ხარაშო. დღეის იქით თქვენთან არაფერი მაქვს სალაპარაკო, არ გინდათ, ნუ გინდათ.. აუ ჩემი, კბილი მომერყა, შენი…… (გადის).
დოდო – დაჯექი, რა მოგივიდა, ძლივს სუნთქავ, სიგარეტის ბრალია,
სისხლი რატომ მოგდის, დაგარტყა?
სანდრო – არა, წნევის ბრალია.
დოდო – გადაწიე თავი (მუხლებზე იდებს სანდროს თავს, სანდრო
მოფერებას დააპირებს) ხელები გააჩერე შე გლახა დონ-ჟუანო (პაუზა) სანდრო
სანდრო – ა?…
დოდო – გახსოვს ჩემი გულისთვის სამი ბიჭი, რომ სცემე?
სანდრო – მახსოვს. შენ ის არ იცი, მერე იმ სამმა მე როგორ მცემა.
დოდო – მართლა?
სანდრო – მართლა. (პაუზა) დოდო! ნიკა რას აკეთებს ამერიკაში?
დოდო – მუშაობს, ამერიკელებთან ერთად ფილმის გადაღებას აპირებენ,
ჰოლივუდის ალტერნატიული კინო უნდათ… თან მუშაობს.
სანდრო – სად მუშაობს?
დოდო – ხან სად, ხან სად, ხან კაფეში, ხან მშენებლობაზე, ხატავს,
ნახატებს ყიდის… გინდა დაგალაპარაკო?
სანდრო – დამალაპარაკე.
დოდო – რომელი საათია? სახლში აღარ იქნება, მობილ;ურზე დავურეკოთ
(რეკავს, ტელეფონს სანდროს აწვდის).
ნიკას ხმა – Yes! Nick is here! (სანდრო დაიბნა, ხმას ვერ იღებს) Hello! Who is speaking?
სანდრო – (დოდოს) ვინ არი?
დოდო – ნიკაა, ხმა გაეცი. (სანდრო ხმას ვერ იღებს, დოდომ გამოართვა
აპარატი) ნიკა, გამარჯობა ნიკა!
ნიკას ხმა – ვაა!… დე!… შენა ხარ?… როგორა ხარ დეე?…
დოდო – (ცდილობა ემოცია არ გამოხატოს) არა მიშავს, ვარ
ჩვეულებრივად, შენი ამბავი მითხარი, საქმეები როგორ გაქვს?
ნიკას ხმა – რა ვი აბა?!… ზურამ ფირმა უნდა დავაარსოთო… ოფისი
გავხსნათო, ადვოკატი დავიქირავეთ… მოკლედ რაღაცა გამოვა. თქვენი
ამბები მაინტერესებს, ბიჭები რას შვრებიან?
დოდო – არა უშავს, კარგად არიან. ნიკა გინდა მამაშენი დაგალაპარაკო?
ნიკას ხმა – მამაჩემი? შენთან არის? რა შერიგდით?… შერიგდით?
დოდო – არა ბიჭო, შევრიგდით კი არა… (უყურებს სანდროს) შემთხვევით
შევხვდით ერთმანეთს კონცერტზე, ახლა ანტრაქტია და გირეკავ, აჰა დაელაპარაკე.
სანდრო – (აღელვებულია, ცდილობს თავი შეიკავოს) ალო, გამარჯობა
ნიკა!
ნიკას ხმა – მამი!… როგორა ხარ მამი?…
სანდრო – კარგად, შენ? შენ როგორა ხარ?
ნიკას ხმა – კარგად მამი, კარგად!…
სანდრო – (დოდოს) რა კარგად ისმის, მართლა ამერიკაშია?
ნიკას ხმა – მამი, როგორ გაასწორა რო ერთად ხართ, მოდი შერიგდით,
გეხვეწები რა?!…
სანდრო – ჰო, რა ვიცი… (უყურებს დოდოს) ვნახოთ… ბიჭო! რატომ არ
გამაგებინე ამერიკაში თუ მიდიოდი?
ნიკას ხმა – (იცინის) აუ შენ რა კარგადა ხარ მამი!… არ გახსოვს რომ
გამოგემშვიდობე, დათაშკასთან რო ქეიფობდი, არც ისეთი მთვრალი
იყავი… შამპანურები მომატანინე, გზას დაგილოცავო, არ გახსოვს?
სანდრო – ჰოო? აბა რა ვიცი… მახსოვს, როგორ არა… ნიკა, ბიჭო, ამ
სიშორეზე მე გაგიშვი? (ცრემლს იწმენდს) მანდ რას აკეთებ ბიჭო.
ნიკას ხმა – ხან რას, ხან რას… აქ ერთი ქუთაისელი ბორჯომს ასხამს,
იმასთან ვმუშაობდი, ფული დამაკლო, ვიჩხუბე და წამოვედი. მამი,
ახლა სადა ვარ იცი? 67-ე სართულზე, შუშებს ვწმინდავ.
სანდრო – რომელზე?
ნიკას ხმა – 67-ზე.
სანდრო – (ძალაუნებურად ზევით გაექცა მზერა, მოზომა 67-ე სართული რა
სიმაღლეზე იქნება, შეეშინდა) შიგნიდან ხომ?
ნიკას ხმა – (იცინის) არა გარედან, დედაჩემს არ უთხრა, იცი აქედან რა
ხედია? ნახევარი მანჰეტენი ჩანს, იქით ოკეანე.
სანდრო – აბა კინოს ვაკეთებთო?
ნიკას ხმა – კინოს აქ ვინ გაგაკეთებინებს. მაგას დედაჩემს ვეუბნები, მაგას
დედაჩემს ვეუბნები, არ ჩამიშვა მამი.
სანდრო – ფრთხილად იყავი, ხელი მაგრად გეჭიროს ბიჭო… რა გინდა ამ
სიშორეზე…… ან მაგ სიმაღლეზე (ატირდა).
დოდო – ჰო, კარგი, ნუ გააგიჟებ ბავშვს (ართმევს ტელეფონის აპარატს)
აბა კარგად იყავი ნიკა, თუ რამე ახალი მოხდეს, დამირეკე.
ნიკას ხმა – დეე!… შეურიგდი რა?!… გთხოვ რა?!… ეგ მარტო ცოდოა.
შეურიგდი ხო?…
დოდო – (უყურებს სანდროს) ჰო, კარგი, ვნახოთ… ნახვამდის (ცრემლებს
ყლაპავს, სანდროს) რა გატირებს შე საცოდავო?… კარგად არის,
თავის საქმეს აკეთებს… (პაუზა) სანდრო შენ რომ ამ როლზე უარი
თქვა?!…
სანდრო – რა, გამეყრები?
დოდო – ბიჭო, ყური დამიგდე, მე სპექტაკლს კი არ ვდგამ, ეს აქციაა,
ბრძოლაა… ეს სპეატაკლი ბომბიოვით უნდა გასკდეს. პრესა, ტელევიზია ფეხზე დადგება, ამ შენობის გაყიდვა უნდათ, არასამთავროები ჩვენს გვერდით არიან, დაიწყეთ და თქვენთან ვართო, ხალხს ქუჩაში ყრიან, დირექტორი ნაძირალაა.
სანდრო – მერე რა, მარტო ეგაა ნაძირალა?
დოდო – მარტო ეგ არა, შენც, მეც, ახია ჩვენზე, უარესად უნდა
გვექცეოდნენ (სანდრომ რაღაცის თქმა დააპირა), შენი ხმა არ
გავიგონო!… თამაშობ ლირს! მორჩა! ხომ არ შეიძლება მთელი
ცხოვრება ბუჩქებში გაატარო კურდღელივით. (შემოდიან მოხუცები)
მიირთვით კატლეტები? ძალიან კარგი, გავაგრძელოთ!
კაკო – დოდო, რა ვქნათ? უკვე გადაუწყვეტიათ ყველაფერი
დოდო – რა გადაუწყვეტიათ?
კაკო – გვყრიან აქედან.
გოგი – მერე რა?!
არკადი – Говорил я Вам Ричарда надо было ставить! Ричард нам нужен, Ричард!
Или Сталин.
ვანიკო – დოდო! ერთი კანისტრა ბენზინი მაქვს, რა ვი რაზე დამჭირდეს
მეთქი, მოდი გადავისხათ და… ჰა? ყველას გვეყოფა (პაუზა) მა რა
ვქნათ? მე სახლში ვერ დავბრუნდები, იქ არ ვიყავი, აქეთ რო
გამომიშვეს?! ჰა? რას იტყვით?
ქეთი – (რუსიკოს) გადავისხათ? (რუსიკო მხრებს იჩეჩავს).
(პაუზა)
კაკო – ვანიკო
ვანიკო – ჰო
კაკო – ყველამ რატომ უნდა გადავისხათ?
ვანიკო – რა იყო ბიჭო, გეშინია?
კაკო – კი არ მეშინია, აბა დაუკვირდი, ბენზინს რო გადაისხამ, ასანთი ხო
დასველდება, ვიღაცამ ცეცხლი ხო უნდა მოგიკიდოს, არა?!
ვანიკო – მა რა ვქნათ?
კაკო – ერთმა რო გადაისხას, ეყოფა, სკანდალი მაინც ატყდება.
სანდრო – დოდო, შემთხვევით ფსიქიატრიულში ხომ არა ვართ.
დოდო – რა უნდა გადაისხათ, პირდაპირ ჯოჯოხეთში გინდათ ამოყოთ
თავი?… ჩვენი ძალა ჩვენს ერთად ყოფნაშია, ერთად თუ ვიქნებით,
ვერავინ მოგვერევა… შეწყდეს პანიკა, ვიწყებთ რეპეტიციას, ლირზე
დანიშნულია სანდრო, მიეცით როლი.
კაკო – რატომ?
ვანიკო – დოდო, რად გვინდა კიდე ერთი მეფე?
დოდო – არ არის ეს საკამათო. (ვანიკოს) შენ გლოსტერი იქნები. (კაკოს)
შენ კენტი. ეს არანაკლები როლებია, გლოსტერიც და კენტიც
თავისებური ლირია ორივე.
ვანიკო – ეგ ხო ეგრეა, მაგრამ მეფე ხო ერთია, არა? კაკო თუ არ ვარგა,
მე ვიქნები რა?! (სანდროზე ანიშნებს) აბა ეგ რა მეფე უნდა იყოს,
ლოთია, შეხედე ხელები უკანკალებს.
დოდო – არ არის ეგ შენი საქმე.
არკადი – Додо Николаевна, если Ванико не хочет, Глостером буду я. იკოს
გლოსტერი русскоязычный.
დოდო – სანდრო, გამოართვი როლი. ვისა აქვს როლი, კაკოს თუ ვანიკოს?
(ვანიკომ ჩუმად კაკოს გადასცა როლი).
არკადი – (დაინახა) Вот, у Акакия роль! Точно, сам видел!… აბა მომეცი როლი.
გოგი – მომეცი როლი კაკო (ხელებს უგრიხავს) გაუშვი ხელი, გაუშვი,
თორემ გაგიხვრიტავ კეფას.
კაკო – რა თქვი?! რას გამიხვრიტავ?…
გოგი – კეფას…
კაკო – კეფას რატომ?
გოგი – შენთვის რა მნიშვნელობა აქვს? თუ ძალიან გინდა, შუბლს. კეფა
ისე, სიტყვაზე ვთქვი… თორემ რითი უნდა გაგიხვრიტო, თითით?
დოდო – კაკო, მომეცი როლი. გაუშვი ხელი… (მცირე ძიძგილაობის
შემდეგ წაართვეს როლი). ვიწყებთ.
(შემოდის შაკო)
შაკო – აბა, აბა, მორჩა. დამთავრდა რეპეტიცია, მოვიდნენ ბავშვები,
დავცალოთ სცენა.
ვანიკო – რატო, კაცო? ეს სცენა ჩვენია.
შაკო – შენია, რო ბუთქავს ჟენია!… (იცინის) მორჩით რა, კარგით რა,
ყველაფერი თქვენ როგორ გინდათ? ახალგაზრდებს არაფერი არ უნდათ არა? რა ქნან, ქუჩაში იხეტიალონ, თუ სადარბაზოში გაიჩხირონ?! არაფერი მაგათთვის არ არის და დისკოთეკაც აღარ ეკუთვნით? კარგით რა!…
(შემოდიან ბიჭი და გოგო)
გოგი – მართალია, ცოდოები არიან ბავშვები.
დოდო – აღარ შემიძლია ამ დემაგოგიის მოსმენა.
შაკო – ჰო, ეგრეა. სიმართლის მოსმენა არ გინდათ. ამიტომ, აი ამიტომ
გარბიან ჩვენი შვილები საზღვარგარეთ, თქვენი ბრალია, ყველაფერი
თქვენი ბრალია.
კაკო – დღეს ჩვენი დღეა, დაგვაცადეთ…
შაკო – ვერ დაგაცდით… ქალბატონო დოდო, თქვენთან ცალკე მინდა
ლაპარაკი (გაახსენდა) თუმცა ხო გელაპარაკეთ…
ბიჭი – (შაკოს) ძმაო, ჩვენ როგორ შევთანხმდით, 5 საათიდან ჩვენია სცენა,
არა?
შაკო – თქვენია
ბიჭი – ახლა რა ვქნათ, ვეჭიდაოთ ამ ხალხს?
დოდო – დავიწყოთ რეპეტიცია.
ბიჭი – რა უნდა დაიწყოთ (შაკოს) ეე, ძმაო, უთხარი რამე!…
შაკო – მეგობრებო, გთხოვთ დაცალოთ სცენა!
გოგი – ჩადით რა!
შაკო – არა გოგი ჩხუბი არ გვინდა. ვუთხრათ და გაგვიგებენ, არა,
ქალბატონო დოდო?
ბიჭი – (შაკოს) გადაგიხადეთ ძმაო, დაგვიცალე რა სცენა.
შაკო – ახლავე. (მოხუცებს) აბა ჩავიდეთ ძირს. . .
ვანიკო – რამდენი გადაუხადე?
შაკო – რა შენი საქმეა, ისევ თქვენ არ გახმართ მაგ ფულს?!…
ვანიკო – შენ არ გეკითხები (ბიჭს) რამდენი გადაუხადე.
ბიჭი – გითხრეს, არ არის შენი საქმეო, ე.ი. არ არის.
(შაკომ, გოგიმ და ბიჭმა დააცლევინეს სცენა მოხუცებს)
ბიჭი – (გოგოს) მიდი.
გოგო – ახლა არ გავიხდი რა ?!
ბიჭი – რატო?
გოგო – მიყურებენ. უხერხულია.
ბიჭი – საღამოს არ შემოგხედავენ?
გოგო – საღამოს სხვაა, მაშინ ჩვენი “სასტავი” იქნება.
(ბიჭი რთავს ფონოგრამას, მღერის, გოგო ცეკვავს).
სანდრო – (მამას) უკაცრავად, თქვენ!… ისა… ცუდად ხომ არა ხართ?…
დოდო!
დოდო – რა მოხდა?
სანდრო – (მაჯას უსინჯავს) მე მგონი… მორჩა… მიაბარა სული.
შაკო – რა ქნა?… რა მიაბარა?……
სანდრო- გარდაიცვალა.
შაკო – როგორ გარდაიცვალა?! გარდაიცვალა კარგია… მე აღარ
მეკითხებით? რა ვქნა, ტო.? ეე, ბიძა!… რას მიშვრები, ტო?! რა ვქნა
ახლა, ტო?…
(პაუზა, უცებ კაკო მოწყდა ადგილს, მივარდა ტელეფონს, რეკავს)
კაცის ხმა – გისმენთ.
კაკო – ვფიცავ მე ღვთიურს, მზის შარავანდთ სხივოსნობასა…
კაცის ხმა – ბატონო?
კაკო – ვფიცავ წყვდიადსა და ჰეკათას საიდუმლოებს…
კაცის ხმა – რომელი ხარ, კაცო, რა გინდა?
კაკო – სიკვდილ-სიცოცხლის მომკვდინებელს სფერათა ბრუნვას, რომ
დღეის იქით აგვიყრია შენზედა გული.
კაცის ხმა – ეე!… ვინა ხარ, კაცო? ალო?!…
კაკო – მამაშენი ვარ, მამაშენი, შე მამამიჯმულო!…
კაცის ხმა – ვინ მამაჩემი? შენ გიჟო ხო არა ხარ? მამაჩემი სახლშია,
სხვაგან მოხვდი ბიძა, სხვაგან, შე-გე-შა-ლა!
(ფარდა)

მეორე მოქმედება

(მოქმედების ადგილი არ იცვლება. ანიკო კვლავ რეკავს ტელეფონზე. იგივე პროცედურა ძაფიანი მონეტით).
ქალის ხმა – გისმენთ… გისმენთ… ალო, ხმა ამოიღე, რომელი ხარ? სუნთქვა
მესმის (ანიკო პირზე ხელს იფარებს), ალო, რომელი ხარ? ვინა ხარ,
გამაგებინე!… ეეეი… შენ ვიღაცა ხარ, საქმე არა გაქვს? რა გინდა
მითხარი, რამდენი ხანია რეკავ… შენი ჭკუით მაეჭვიანებ? მე და
ნოდარის შენ ვერაფერს ვერ მოგვიხერხებ, გვიყვარს ერთმანეთი…
შენ კი რეკე რამდენიც გინდა, ნერვებს მაინც ვერ ამიშლი (ყვირის)
ხმა ამოიღე ვიღაც ოხერი ხარ… ნოდარი! იქნებ შენ გაგცეს ხმა, მოდი
დაელაპარაკე.
კაცის ხმა – ალო, გისმენთ, ეე… ხმა ამოიღე შეჩემა, ალო?… ეეე!… (უცებ ხმა
ეცვლება) ვაიმე!… დედა შენა ხარ? დეე… თუ შენა ხარ, ხმა ამოიღე, რა?.. დეე… როგორმე მაგრძნობინე, რომ შენა ხარ, ყურმილზე დააკაკუნე. დედა სადა ხარ, სად დაიკარგე (ანიკო ყურმილის დადებას აპირებს), დე არ დაკიდო რა?! 8 თვეა გეძებთ, რა გაწყენინეთ ასეთი? შეიძლება ასე?… ბავშვები მეკითხებიან – მოკვდაო? რა ვუთხრა, რა ვუპასუხო? დე, ერთი სიტყვა მაინც მითხარი, ერთი სიტყვა, დეე!…
(ანიკო ყურმილს დებს)
გოგი – გამარჯობა ანიკო.
ანიკო – (შეკრთა) რა კატასავით მომეპარე. გაგიმარჯოს.
გოგი – რას აკეთებ.
ანიკო – ვალაგებ.
გოგი – ე.ი. არ ვიცნობდით, არა, ერთმანეთს.
ანიკო – არა.
(შემოდის რუსიკო)
რუსიკო – ანიკო, თინიკო არ გინახავს?
ანიკო – ქეთი? არა, არ მინახავს. თინიკოს რატო ეძახი? თინიკო ვინ არი?
რუსიკო – თინიკო? (ჩაფიქრდა, რაღაცას იხსენებს, ვერ გაიხსენა) იყო…
ანერვიულდა სად დაიკარგა ეს გოგო, რა ვქნა, მაგას ისა აქვს, რა
ქვია?… ისა, რომ დამეკარგოს, რა ვქნა. მაგას კი არა, მე მგონი მეცა
მაქვს ის, რა ქვია?
გოგი – გამარჯობა რუსუდან.
რუსიკო – გაგიმარჯოს.
გოგი – რას აკეთებ?
რუსიკო – არაფერს. (აკვირდება)
გოგი – ეგრე რატო მიყურებ?
რუსიკო – ძალიან ნაცნობი სახე გაქვს, ვიხსენებ და ვერ გავიხსენე.
გოგი – საიდან უნდა მიცნობდე, მე არ მახსოვხარ.
რუსიკო – შენ გოგი გქვია?
გოგი – გიორგი.
რუსიკო – იმას, იქ, რა ერქვა აღარ მახსოვს.
გოგი – ვის?
რუსიკო – იმას, იქ, ვორკუტაში… ზედამხედველი იყო, ყოფილხარ
ვორკუტაში?…
გოგი – ვორკუტაში არა! შენ რა გინდოდა ვორკუტაში?
რუსიკო – აღარ მახსოვს, მგონი ბიძინას ჩავაკითხე.
გოგი – ბიძინა შენი ქმარია?
რუსიკო – იყო, სანამ მოკვდებოდა.
გოგი – რა მოუვიდა?
რუსიკო – (იხსენებს) ფორმალინი გადაასხეს… თუ კირი დააყარეს… არა,
ჯერ დახვრიტეს და მერე დააყარეს კირი. შენ ხომ არ იცი, რა უქნეს?
გოგი – მეე? მე საიდან უნდა ვიცოდე. არ ვიცი!… არაფერი არ ვიცი!…
ვორკუტა თვალითაც არ მინახავს.
რუსიკო – თინიკოც არ გინახავს? (უცებ გონება გაუნათდა, გახარებული)
ააა! გამახსენდა… თინიკო აღარ არის, ვორკუტიდან, რო
დავბრუნდი… ტუბერკულოზით… (ტირის) სად დაიკარგა ეს გოგო…
გოგი – თინიკო?
რუსიკო – არა ქეთი, თინიკო აღარ არის, გაფრინდა.
(გადის, შემოდის შაკო)
შაკო – გოგი, გამომართვი (პარკით რაღაც მიაწოდა). ესენი გაბერე და
ჩამოკიდე.
გოგი – (ბერავს, ბუშტი, უცნაურად, გრძლად იბერება) ეს რა არის?
შაკო – ფირმა ბუშტებია (იცინის), დღეს სტუმარს ველოდებით. საჩუქრებს
მოგვიტანს. კარგად უნდა შევხვდეთ. ანიკო!
ანიკო – ბატონო!
შაკო – შენ გითხარი, აქ დაგტოვებ მეთქი? (ანიკო თავს უქნევს), გითხარი?
ჰოდა ეგრე, შენ დაგტოვებ აქ. მე სიტყვის კაცი ვარ. გითხარი – დაგტოვებ! (პაუზა) ანიკო! რაო, რა ხდება? მიხვდნენ, რო წყნარად გადასვლა სჯობია? რას ამბობენ?
ანიკო – რა უნდა თქვან… გვყრით აქედან?
შაკო – რატომ გყრით? კი არ გყრით, გადაგვყარხართ… გადავგყარხართ…
გადავკყართვართ… თფუ შენი… (აყვირდა) ხოო, გყრით, გყრით!!! ბიჭოს!… შენ არა, შეჩემა, შენ გტოვებ… შენ ხო გითხარი, გტოვებ-მეთქი… ვაიმე, როგორ გავხარ დედაჩემს… ეგეთი საცოდავი შემოხედვა იცოდა, ნუ მიყურებ ეგრე, მიიხედე იქეთ!… რა ვქნა, ყველას ვერ დავეხმარები. მე თუ გავახურებ, მომისვრიან… ნოლზე დავრჩები, გაიგე? მარტო მე კი არ ვყიდულობ ამ სახლს… ნუ მიყურებ ეგრე, ნუ მიყურებ. (ჭექა – ქუხილი) რა ხდება? (შემორბიან მოხუცი მსახიობები, ვიღაც მაგნიტიფონს მოარბენინებს, ჭექა-ქუხილი ჩაწერილია)
სანდრო –
იჭექ – იქუხე, წვიმა ღვარნე, ცეცხლი აფრქვიე…
წვიმა, გრიგალი, ქარი, ცეცხლი, ჭექა-ქუხილი
ჩემი სისხლ-ხორცნი, ჩემი შვილნი ხომ არ არიან!
თქვენ სტიქიონნო, მე არ გწამებთ ულმობელობას,
სამეფო ჩემი მე ხომ თქვენთვის არ მომიცია
აჰა აქ ვდგევარ თქვენს წინაშე ქედმოდრეკილი
ღონემიხდილი, შესაბრალი, მოძულებული.
მე ბერიკაცი, განდევნილი, შვილთა ჩემთაგან!
(პაუზა)
დოდო – მერე?!… დამთავრდა სპექტაკლი? ვანიკო!… ამოიღე ხმა…
ვანიკო – უიმე!… როგორ მომეწონა. სანდრო, მიდი ერთხელ კიდევ, რა?!
ქეთი – ვაიმე, რა კარგი იყო, ამეტირა.
რუსიკო – ასე მალე, როგორ დაიმახსოვრა ამდენი ტექსტი.
სანდრო – დოდო, აღარ შემიძლია, რაღაც სისულელეს ვაკეთებთ.
დოდო – კარგი ეს სცენა აღარ გვინდა, დაისვენე.
კაკო – სანდრო ის მითხარი, რა… «მოზიდულია მშვილდი, კენტო…»
მითხარი, რა?!
დოდო – კაკო, ისწავლე ტექსტი?
კაკო – კი, რომელი ტექსტი?
დოდო – «აღახვენ თვალნი»…
კაკო – კითხვით კარგად ვიცი. დავიწყო? «აღახვენ თვალნი!…ლირო,
ლირო მიმოიხედენ და თვალთაგან ნუ იშორებ შენს ერთგულ ყმასა»..
სანდრო . აპოლონს ვფიცავ…
კაკო – (ყვირის) მეცა ვფიცავ იმავ აპოლონს, რომე ამაოდ იხსენიებ შენ
ღმერთთა შენთა…
დოდო – კაკო, ნუ ყვირი.
კაკო – აბა, ეგ რო მიყვირის?
დოდო – ეგ მეფა, მეფე. Aუნდა გიყვირებს, უნდა ჩამოგახრჩობს.
კაკო – ბებიამაგისამ, ჩამომახრჩობს… როლი ხო წამართვა, ახლა
ჩამომახრჩობს… რაა, ბნელა? (კაკოს წნევამ აუწია, ცუდად გახდა, დასვეს სკამზე)
სანდრო – (სასოწარკვეთილი) დოდო, რა ვქნა, გავიქცე?
დოდო – გაიქეცი… სულ როგორ უნდა გარბოდე. პატარა კაცი ხარ,
პატარა… გმირი არ ზის შენში, გმირი. პატარა წინააღმდეგობა და ბრძოლა აღარ გინდა, სკუპ და ბუჩქებში ხარ… არ შეგიძლია ერთხელ ცხოვრებაში, რაღაცით გამაოცო, რამე ჩაიდინო ისეთი, გმირული.
სანდრო – ამ როლის თამაში არ იქნება გმირობა?
დოდო – ქეთი, რუსიკო, მოდით აქ. (გაყავს გვერდზე, რაღაცას უხსნის,
ქეთი კმაყოფილი იცინის).
გოგი – არკადი!
არკადი – Чего?!
გოგი – Дуй сюда.
არკადი – Чего?
გოგი – გაბერე, რა. (გოგი და არკადი მოგრძო ბუშტებს ბერავენ)
დოდო – ქეთი, აქედან – დავიწყოთ, «პატარა არის ეს სასახლე»…
ქეთი – «პატარა არის ეს სასახლე და მე არ ვიცი იმ ჩვენს ბებერს და მის
ამალას როგორ დაიტევს» (იცინის).
დოდო – რა გაცინებს ქეთი?
ქეთი – რა ვიცი, მეცინება.
დოდო – რუსიკო, გააგრძელე.
რუსიკო – «მისი ბრალია, ნეტავ აქეთ რისთვის მორბოდა» (დოდოს) ამას
მამამისზე ამბობს? გადაირევი «რად გამოექცა კმა-საყოფელს ჩემსა
სახლ-კარსა? დეე, თითონვე თავისთავსა პასუხი გასცეს» (ტირის).
დოდო – რუსიკო რა გატირებს?
რუსიკო – რა ვიცი, მეტირება.
(გოგის ბუშტი გაუსკდა)
დოდო – გოგი, არკადი, ხელს გვიშლით. რას აკეთებთ?
გოგი – სტუმრები მოდიან. მორთეთ აქაურობაო.
დოდო – ვინ სტუმრები?
ანიკო – ამ სახლს ვინც ყიდულობს.
გოგი – საჩუქრებით მოდიან, კონცერტი იქნებაო.
არკადი – После концерта будет банкет?
(შემოდის შაკო)
შაკო – გამარჯობათ ჩემო ძვირფასებო, დღეს სტუმარი მოდის ჩვენთან,
მინდა გაგახაროთ, გადაწყდა თქვენი გადასვლის საქმე. იმ კვირაში
ერთაწმინდაში იქნებით.
(პაუზა)
ვანიკო – დოდო! მოვიტანო ბენზინი?
შაკო – რაა? რა უნდა მოიტანო? რად გინდა ბენზინი?
ვანიკო – რა ბენზინი, რის ბენზინი…
შაკო – სადა გაქვს ბენზინი?
ვანიკო – მაქვს!
ქეთი – შაკო, რა ვქნათ, გრიმს არ მოგვიტანენ? კაბებს როდის
შეგვიკერავენ?
რუსიკო – «რესნიცები» არ გვინდა?
ანიკო – (ჩუმად) კაბა არც მე არა მაქვს.
შაკო – გითხარით ჩამოწერეთ მეთქი? – გითხარით. ჩამოწერეთ? – არა!
ჩამოწერეთ რაც გინდათ და ყველაფერს გამოგიგზავნით.
დოდო – შაკო, ეს ხალხი არსად არ წავა.
შაკო – კარგით რა, ქალბატონო დოდო. არ მოგბეზრდათ ერთი და იგივე –
(აჯავრებს) «ვერ გაგვყრით, არ წავალთ», კარგით რა?! სირცხვილია. მე თქვენთან არაფერი მაქვს სალაპარაკო, მოვა დღეს ის კაცი და იმას ელაპარაკეთ, ოღონდ, გირჩევთ, არ გააბრაზოთ, ეგ უნდა დაგეხმაროთ იქ, ერთაწმინდაში.
დოდო – ვინ არის ის კაცი?
შაკო – ეგ «ის» არ არის, ეგ «იმის» ის არის… მაგრამ მაინც ჭკუით იყავით.
დოდო – სანდრო დაისვენე? Aგავაგრძელოთ.
სანდრო – ვანიკო, ყურადღებით იყავი, რეპლიკა გახსოვს?
ვანიკო – მახსოვს… რეპლიკა რა არი?
სანდრო – ვიწყებ –
«რა საჭიროა? ნუ ახსენებ საჭიროებას!
გლახა ღატაკსაც მის განწირულ სიღატაკეში
უპოვი ისეთ რასმეს, რაიც მისთვის მეტია
რაც საჭიროა, მასზე მეტი კაცს რომ არ მისცეთ,
ადამიანი ხომ პირუტყვად გადიქცეოდა.»
შაკო – აი, ეგ სწორია!…
სანდრო – ეე!… კარგით რა!… ეე!…
შაკო – ბოდიში, დიდი ბოდიში, შეგაწყვეტინეთ, მაგრამ ვერ მოვითმინე.
სწორია, ადამიანს საჭიროზე მეტი სჭირდება.
სანდრო – ოღონდ ეგ არი, რო, არავინ არ იცის, რამდენია ეს მეტი.
შაკო – ვისთვის როგორ. ჩემი მეტი, შენს მეტზე მეტია.
კაკო – რატოა მეტი? ჩემი მეტი იცი რამხელაა? ააი! ვაი! უკაცრავად,
ახლავე მოვალ.
(გარბის)
შაკო – მოკლედ, ეგრე. ძალიან გთხოვთ სკანდალის გარეშე, შევხვდეთ იმ
კაცს წყნარად, ღიმილით, კარგის მეტს რას გამოვრჩებით.
სანდრო – შაკო, ხელს გვიშლი.
შაკო – (გაოცებული) მეე? მე გიშლით ხელს? პირიქით, ის კი არა
მომეწონა კიდეც, წეღან… საჭიროზე მეტი… ე.ი. თქვენ ისევ სულიერებას აწვებით, არა? გლიჯავთ… მე არა, უფრო სწორედ, ვერა… ასე აუწყო. ეგრეა, ერთხელ, რომ მიირთმევ იმას… ქაქს… მერე მორჩა, აღარ გაქვს უფლება, სულიერებაზე ხმა ამოიღო. აბა ეგ არი საქმე? ზოგი, რო ქაქში ზის და იქიდან სულიერებაზე ქადაგებს… ეხ «ჩჟუ ლან და შუი ი ჩან კუნ».
სანდრო – რა თქვი?
შაკო – «ბამბუკის კალათით წყალს ვერ ამოიღებ»
სანდრო – რა ენაზე თქვი?
შაკო – (ჩინურად) ჩინურად. თქვენ მე ვინ გგონივართ? ფილოლოგი ვარ,
ჩინური ანდაზები ვთარგმნე, ვერ დავბეჭდე… ჩინური ვისწავლე, მინდა ეხლა მე ჩინური? მილიარდიან ერში რამდენიმე ათასმა იცის იეროგლიფები, – მე ვიცი. რა ჩემ… ფეხებად მინდა… მოვეშვი სულიერებას, რეები ვიჩალიჩე… «ბუდკაც» მქონდა, დუბაი და თურქეთი მოვიარე, არაფერი გამომივიდა, ვაკის ოთხოთახიანი ბინა დიდუბის ოროთახიანზე გავცვალე, მთელი ფული პრეზერვატივის ბიზნესში ჩავდე… მეთქი «სპიდი» შემოვიდა, აქაც ვენერიული… დავკარგე ფული… არ იყიდება, არ არის ჩვენში ამის კულტურა. არც «სპიდი» გვაშინებს ქართველებს, არც ვენერიული. ერთი ოთახი პრეზერვატივებით მაქვს სავსე, მეორე ნახევრად (პაუზა) ეს ბოლო იმედია, აქ შეიძლება წილში ჩამსვან, ოღონდ პასუხისმგებლობა სულ ჩემზეა, ყველა საბუთზე მარტო მე მაწერინებენ ხელს. ახლა როგორ გგონიათ, რაკი მიბრძანეს, გაუშვი ეგენი მაქედანო, მე დაგტოვებთ? არ გაგიშვებთ? ძალიანაც რომ მიყვარდეთ, მეცოდებოდეთ, გაგიშვებთ კი არა, კინწისკვრით გაგყრით. მე სულიერს არ ვაწვები. ვაი, (მკერდზე ხელი დაიდო), კიდევ მიჩხვლიტა… ერთხელაც იქნება… რა დროს ჩემი გულია.
სანდრო – კარგი ეხლა არ აგვატირო.
შაკო – რა გგონიათ მე გული არა მაქვს, თუ მაქვს, მაგრამ არ მტკივა?
სანდრო – გტკივა, როგორ არა… აბა მაჩვენე სად გტკივა. შაკო – (მარცხნივ
დაიდო ხელი) აი, აქ.
სანდრო – მანდ არ არის გული. გული აი აქ არის (მარჯვენა ხელს იდებს
მკერდზე), მეც მანდ მეგონა, ინფარქტი, რომ დამემართა, მაშინ მივხვდი რო აქ არი.
შაკო – (გაკვირვებული) აქ როგორ არი? მარცხნივ არ არი გული? რა ვიცი
მე აქ მტკივა. ახლა კი შევწყვიტოთ რეპეტიცია, დღეს სტუმარი მოდის.
კაკო – დღესაც?
შაკო – რა დღესაც, გუშინაც იყო თუ რა?!
სანდრო – დღეს არ ჩაიშლება რეპეტიცია.
შაკო – ჩაიშლება, სტუმარს უარს ვერ ვეტყვი, შემდეგ ბანკეტი იქნება.
არკადი – Банкет? Когда? Где?
შაკო – Аркадий, это тебя не касается
არკადი – Почему это не касается? Aამერიკელი რომ ვიკო ხომ пригласили бы?
სანდრო – არკადი, რატომ გაქვს ასე მარტივად ტვინი მოწყობილი?
არკადი – Да, да… ახლა ამერიკა გჩირდებატ А они вас покупают, а потом
გადაკლაპავენ, კლაპ!… და მორჩა.
კაკო – რა გინდა კაცო, 200 წელი ვიძმაკაცეთ? Aგვეყო.
არკადი – გვეკო, გვეკო, ჩვენ Дом для престарелых построили, და ახლა აკ
ეროტიკული
ტეატრი გინდატ გააკეტოტ, дожили. Вот вам Америка.
სანდრო – (შაკოს) მართლა ეროტიკული თეატრი უნდა გაიხსნას აქ?
შაკო – არ ვიცი, ეგ ჩემი საქმე არ არის. თუნდაც ეგრე იყოს, მერე რა,
ცუდია? შენ რო აღარ გაინტერესებს, ეგრე ხო არ არი…
ახალგაზრდებზე არ უნდა იფიქროთ? ხალხს გართობა არ უნდა?… კავკასიაში პირველი ეროტიკული თეატრი ჩვენთან იხსნება, უნდა
გიხაროდეთ, რამდენი ხალხი დასაქმდება… რა ვიცი შეიძლება
კეთილშობილ ქალთა პანსიონატი გავხსნათ. ან უნივერსიტეტი.
სანდრო – ეგ სტუმარი ყიდულობს ამ სახლს? ეგ არის «ის»?
შაკო – ეგ არა, ხო გითხარი, ეგ «იმის» ის არის..
ვანიკო – მოვიდეს, დავხვდებით.
შაკო – დახვდებით? რას აპირებთ? (გოგის) რას აპირებენ?
გოგი – არ ვიცი. (ვანიკოს და კაკოს) რას აპირებთ?
ვანიკო – რა შენი საქმეა.
გოგი – თქვი, რას აპირებ, თქვი!… უნდა გაგიხვრიტოს კაცმა კეფა.
ვანიკო – გოგი, შენა… იქ… გარეთ «პალაჩი» ხო არ იყავი?
გოგი – რას მიჰქარავ… რა «პალაჩი», რის ვორკუტა?……
ვანიკო – რა ვი… მა კეფას რათა კაცო?
გოგი – (ყვირის ისტერიულად) რა გინდათ ჩემგან, რა? დაგიშავეთ რამე?
რა გაწყენინეთ, რა? რას ჭორაობთ ჩემზე, საქმე არა გაქვთ?
ბუღალტერი ვიყავი, ბუხ-ჰალ-ტერი!…
კაკო – ვერ გაგვყრით აქედან.
შაკო – კარგით რა, კარგით რა?! არ მოგბეზრდათ ერთი და იგივე?
(აჯავრებს) «ვერ გაგვყრით, არ გავალთ» კარგით რა… ეეხ, ჩემზე რომ იყოს, თქვენი გამგდების… მართლა გეუბნებით, იცით რატომ? სულიერს რო აწვებით. მე უკვე ვეღარ ვქაჩავ მაგ
დონეზე… მოკლედ ასე, დღეს შეხვედრაა, გამოიყენეთ ეს კაცი,
გაარემონტებინეთ ერთაწმინდაში შენობა.
სანდრო – იცი რა?
შაკო – არ ვიცი!… არ გისმენ… მივდივარ…
(შაკო გადის, მოხუცები მისდევენ, სანდრო და დოდო მარტონი
დარჩნენ, პაუზა)
დოდო – სანდრო ინფარქტი როდის გქონდა/
სანდრო – 6 თვის წინ.
დოდო – სერიოზული ინფარქტი იყო?
სანდრო – საკმაოდ (პაუზა) დოდო.
დოდო – რა?
სანდრო – არაფერი…
დოდო – თქვი.
სანდრო – დოდო.
დოდო – ჰო.
სანდრო – ეხლა რო გითხრა… მიყვარხარ მეთქი, დამიჯერებ?
ბავშვი – დაუჯერე.
დოდო – არ დაგიჯერებ.
სანდრო- მაშ არ გეტყვი (პაუზა) წავიდეთ აქედან.
დოდო – წავიდეთ?
სანდრო – ჰო, წავიდეთ…. ერთად…. ოღონდ სად წავიდეთ?… ბინა
დამაწერეს, დათაშკამ წაიღო ვალებში. (პაუზა) შენთან რო წავიდეთ?
დოდო – (პაუზა) ის ბინა ნიკასია.
სანდრო – სანამ ნიკა ჩამოვა… ხო ჩამოვა?
დოდო – ჩამოვა აბა რას იზამს. ბინა გაქირავებულია.
სანდრო – ჰოო?
დოდო – ჰო!
ბავშვის ხმა – ნუ ატყუებ.
დოდო – დამაცადე
(პაუზა, მოულოდნელად ძალიან ახლოს აღმოჩნდნენ ერთმანეთთან)
სანდრო – დოდო (დოდოს არყის სუნი ეცა, სილა გააწნა) რას შვრები?
დოდო – რა არის ეს? ამოისუნთქე!… იქით ნუ ისუნთქავ, აქეთ ამოისუნთქე.
დალიე? ვინ გასმევს, ვინ? სად შოულობ სასმელს. წადი აქედან. (პაუზა) წადი სანდრო… (სანდრო გადის, ბავშვს) ამასთან წავიდე? (შემოდის ანიკო)
ანიკო – დოდო შენთან არიან.
დოდო – ვინ?
ანიკო – ორი ახალგაზრდაა, ძალიან სიმპატიურები, მგონი შენები არიან.
დოდო – სად არიან?
ანიკო – აგე, მოვიდნენ.
დოდო – (ბავშვს) შენ მოიყვანე?
ბავშვი – არა.
(შემოდიან თორნიკე და ლაშა)
თორნიკე – გამარჯობა დედა!
ლაშა – (ნასვამია) გამარჯობა დე!
დოდო – თორნიკე, ლაშა!… გაგიმარჯოთ… როგორ მოიფიქრეთ?
თორნიკე – რა მოფიქრება უნდოდა…
ლაშა – მოგვენატრეთ და…
თორნიკე – როგორა ხარ დედა?
ლაშა – ხო კარგადა ხარ?
დოდო – არა მიშავს, თქვენ როგორ ხართ?
თორნიკე – ვართ რა….
ლაშა – ისე რა…
(პაუზა)
დოდო – სხვა?
თორნიკე – რა სხვა?
ლაშა – სხვა რა?
დოდო – ოჯახში როგორ ხართ, ბავშვები ხო კარგად არიან?
თორნიკე – რა უჭირთ.
ლაშა – არიან…
დოდო – (ლაშას) შენ ცოლს, რომ ეყრებოდი, შერიგდით?
ლაშა – შევრიგდით……
დოდო – ე.ი. კარგად ხართ?
ლაშა – ჰო რა? ისე რა… პროსტო ხმას არ ვცემთ ერთმანეთს.
თორნიკე – დედა, მამაჩემი აქ არის?
ლაშა – ხო მართლა, აქ არის მამაჩემი?
დოდო – აქ არის. თქვენ ვინ გითხრათ.
თორნიკე – მითხრეს… სად არი?
ლაშა – როგორ არი?
დოდო – არა უშავს.
თორნიკე – შერიგდით?
ლაშა – შერიგდით?!
დოდო – (ანიკოს) სანდროს დაუძახე რა…
ლაშა – მართლა აქ არი?
დოდო – თქვენ რამე საქმეზე ხართ მოსულები?
ლაშა – გეტყვით რა.
(შემოდის სანდრო)
სანდრო – ეს რა სტუმრები გვყოლია, თორნიკე! ლაშა!… როგორ ხართ
ლომებო?
თორნიკე – ვართ რა…
ლაშა – ისე რა…
სანდრო – ბავშვები როგორ არიან?
თორნიკე – კარგად.
ლაშა – არიან…
სანდრო – სხვა?
თორნიკე – სხვა რა, მოვედით რა, გნახეთ.
ლაშა – მოგვენატრეთ და მოვედით რა…
დოდო – ერთად მოგენატრეთ?
ლაშა – ერთად რატო? თორნიკეს მანქანა ყავს და წამომიყვანა.
სანდრო – როგორ მომენატრეთ… ბავშვები ვერ წამოიყვანეთ?
თორნიკე – სამსახურიდან მოვდივარ…
ლაშა – მეცადინეობდნენ და…
დოდო – საქმეები როგორ გაქვთ? (თორნიკეს) ისევ ბენზინზე მუშაობ?
სანდრო – თორნიკე, მართლა ისეთი დიდი ფული კეთდება ბენზინში,
როგორც ამბობენ?
თორნიკე – დიდი ფული არა… ვწვალობ… ყველა იმას ცდილობს, როგორმე
ჩაგძიროს… რომელიმე პარტიაში უნდა შევიდე, «კრიშა» მინდა… თორემ ძალიან მიჭირს.
სანდრო – (ლაშას) შენ რას შვრები, წერ?
ლაშა – (გაოცებული) რაა?… აა… ხო… ისე რა!…
სანდრო – წამიკითხე რა რამე, ახალი… როგორ მომწონდა შენი ლექსები.
ლაშა – კარგი რა, მამი, რა… რა დროს ლექსებია… ვწერ არა… ვეღარ
ვათავსებ ბიზნესს და ლექსებს. მთელი დრო «ცეხს» მიაქვს. ხაჭაპურის და «პერაშკების» მეტი არაფერი მაქვს თავში.
სანდრო – გულში?
ლაშა – გულში «პონჩიკები». (იცინის) კარგი რა, მამი, რა…
სანდრო – «ცეხი» კარგად მუშაობს?
ლაშა – კარგად არა, ისე რა, ყველამ დაიწყო ხაჭაპურის გამოცხობა, ვეღარ
ვყიდით, ხელფასებს ძლივს ვარიგებ, მუშები შევამცირე…
დოდო – რა გატირებს, აქ ვინმე ფულს კი არ გთხოვს.
ლაშა – რა შუაშია?…
დოდო – ნასვამი ხარ?
ლაშა – რა ნასვამი, ერთი ბოთლი ლუდი დავლიე, რას მიყურებ ეგრე?… რა
გინდა?… წავიდე?…
თორნიკე – დედა, მომისმინე…
დოდო – გისმენ.
თორნიკე – დედა… და შენც მამა. თქვენი ადგილი აქ არ არის, უნდა
წავიდეთ აქედან.
ლაშა – ჰო რა, დე რა… რა გინდათ აქ? ვერ გავიგე რა პრინციპია ეგეთი?
(შემოდის კლარა)
თორნიკე – ამას რა უნდა?
ლაშა – ყურს გვიგდებს?
სანდრო – არა, ყრუ-მუნჯია… (კლარას) კლარა, გინდა რამე?
(კლარა გადის)
თორნიკე – მამი! შენ ის ერთოთახიანი ხო გაქვს?
სანდრო – არა.
თორნიკე – როგორ, არა?… რა უყავი?
სანდრო – შევჭამე.
თორნიკე – გვეკაიფები მამი?
ლაშა – გვეკაიფება აბა რა, ასე უცებ როგორ შეჭამდა.
სანდრო – უცებ არა, დათაშკამ იყიდა ნაწილ-ნაწილ… ვსესხულობდი მისგან
და…
ლაშა – სესხულობდი და მასთან ხარჯავდი… ბოლო-ბოლო ვალში ბინა
დაიტოვა?…
სანდრო – ჰო.
(პაუზა)
ლაშა – მაგარი ხარ სანდრო.
თორნიკე – რაც არი, არი. უნდა წამოხვიდეთ აქედან.
დოდო – სად უნდა წამოვიდეთ? რომელთან შეიძლება ჩვენი წამოსვლა?
თორნიკე – ორივე ერთად? თქვენ რა შერიგდით? არა ტო!… ორივეს ერთად
ვერ წავიყვან… მოდი ასე ვქნათ, მე ჯერ მამაჩემს წავიყვან, შენ
დედაშენი წაიყვანე, მერე გავცვალოთ და ასე…
სანდრო – თუ შევრიგდით?
თორნიკე – თუ შერიგდით? რაღა დროს თქვენი შერიგებაა.
ლაშა – თუ შერიგდით, მაშინ თორნიკესთან წადით, მაგას დიდი ბინა აქვს.
მე რაც შემეძლება დაგეხმარებით.
სანდრო – ვერ გავიგე, რა გინდათ? Aვინ გთხოვთ ჩვენ აქედან წაყვანას? აქ
ძალიან კარგად ვგრძნობთ თავს.
თორნიკე – კარგი რა, მამი… აქ კარგად როგორ უნდა იგრძნო თავი?
ლაშა – სირცხვილია რა…
(შემოდის შაკო, გოგი და არკადი მოსდევენ)
შაკო – გამარჯობათ, გამარჯობათ, სტუმრები გვეწვივნენ? კარგია, კარგი.
მე ხელს არ შეგიშლით, ჩემგან ხომ არ გინდათ რამე?
თორნიკე – არა შაკო. არაფერი არ გვინდა.
(შაკო და «ამალა» გადიან)
დოდო – საიდან იცნობ შაკოს?
თორნიკე – ვიცნობ, რა არი რო?
ლაშა – მე არ ვიცნობ.
თორნიკე – რა ვქნათ ახლა, როგორ გადავწყვიტოთ?
სანდრო – კენჭი ყარეთ «არიოლ» და «რეშკა», პირველად წაგებულმა
წაგვიყვანოს (ააგდებს ხურდა ფულს და ნახევრად ხუმრობით) «არიოლ» თუ «რეშკა»?…
ლაშა – «რეშკა»…
თორნიკე – კარგი რა, მამი, დაგავაცადე… დე… აქ რა უსიამოვნება გაქვთ
დირექტორთან?
დოდო – შაკომ დაგირეკა?
თორნიკე – არა დე, შაკო ვინ არი, «პეშკა». სხვა დონის ხალხია ჩარეული.
ლაშა – შაკო ვინ ჩემი ფეხებია, «ცეხს» მიხურავენ…
დოდო – ძალიან კარგი, გიხურავენ და მიხედავ შენს საქმეს.
ლაშა – მერე?… ჩემს ბავშვებს ვინ აჭმევს, ვინ ჩააცმევს?
თორნიკე – თქვენი აქ ყოფნა ჯერ არ არის გახმაურებული ქალაქში,
გაგვიბაზრებენ, თავს მოგვჭრიან, დაწყნარდით რა… არ გინდათ ეს უაზრო ომი.
ლაშა – დე, უფრო შენზეა ლაპარაკი. შენ დაწყნარდი და ყველა გაჩუმდება.
დოდო – თქვენ იცით აქ რა ხდება?
ლაშა – ვიცით, ვიცით.
თორნიკე – ვიცით. ეს სახლი იყიდა ხალხმა, ამერიკელებმა ფული ჩადეს
და უნდათ, რომ დაცალოთ.
დოდო – იცით რას ხსნიან აქ?
თორნიკე – მგონი რაღაც უნივერსიტეტს, ზუსტად არ ვიცი.
ლაშა – არა ტო, უნივერსიტეტს კი არა, ეროტიულ თეატრს… მერე რა?…
შეიძლება ჯერ ადრეა ჩვენთვის, მაგრამ დასავლეთთან სიახლოვე ხო გვინდა? ესეც დასავლეთია.
დოდო – იცით, რამდენად იყიდეს?
თორნიკე – აუ, დეე!… კარგი რა… რა შენი საქმეა რამდენად იყიდეს…
ლაშა – მეც ვიყიდე «ცეხი», ჩავაწყვე და იაფად ვიყიდე, რა უნდა
წამართვათ?
სანდრო – იცით, სად უშვებენ ამ ხალხს?
თორნიკე – ვაა!… საღოლ სანდრო! შენც აგიყვანა არა დოდომ. ცალ
ფეხზე არ გკიდიათ სად უშვებენ?
ლაშა – სად უშვებენ – ბუნების წიაღში, სუფთა მდინარე, იქვე ეკლესია,
პაატას საფლავი და რა ვიცი!
თორნიკე – მორჩა, არ გვინდა ამდენი ბაზარი! დე, მოდიხარ ჩემთან,
ნანკამ თუ რამე გაწყენინა, დედას… ვუტირებ. მამაჩემს ლაშა წაიყვანს.
სანდრო – წამიყვან ლაშა?
ლაშა – წაგიყვან აბა რას ვიზამ. მაღადავებ მამი?
თორნიკე – თუ შერიგდით, რა ვქნა… წამოდით ჩემთან… აბა რა გინდათ აქ,
უპატრონოები ხართ?
ლაშა – სირცხვილია რა… რეებს არ ლაპარაკობენ ჩვენზე… ჩაალაგეთ
ბარგი და წავედით.
თორნიკე – ჰა, დროზე რა, როგორც თქვენ გინდათ ისე იყოს, ერთად? –
ერთად. ცალ-ცალკე? – იყოს ეგრე…
შაკო – (საუბარში ერთვება, ალბათ უსმენდა) ქალბატონო დოდო, სანდრო,
რა ჩემი საქმეა, მაგრამ მართალი არიან თქვენი ბავშვები.
თორნიკე – ბიჭო შენ ვინ გეკითხება, და მერე ვინ არის შენი ბავშვი?
ლაშა – აბა დაახვიე ეხლა აქედან (შაკო გადის, პაუზა) მოდიხართ?
თორნიკე – არ მოდიხართ?
დოდო – არა!
სანდრო – ვერა!
თორნიკე – არა?
ლაშა – არა?
დოდო – არა!
სანდრო – ვერა!
თორნიკე – კარგი, წავედით
ლაშა . დე, მამი, თუ რამე დაგჭირდეთ, დამირეკეთ.
თორნიკე – ახლა თქვენთან საკამათოდ არ მცალია, ორ დღეში
გამოგივლით და მზად იყავით.
დოდო – გაგაცილებთ (გადიან),
სანდრო (გზადაგზა ლაშას) ე.ი. ახალი არაფერი გაქვს?
ლაშა – ახალი? კი… ნუგა მინდა გამოვუშვა, კარგად უნდა გაიყიდოს.
სანდრო – ლექსებზე გეკითხები.
ლაშა – ააა… ლექსებზე? ვნახოთ. ჯერ ნუგას გამოვუშვებ და მერე ვნახოთ.
(შემოდის შაკო, მას კლარა მოყვება, მათ შორის მუნჯური დიალოგი
იმართება)
შაკო – კლარა, შენც უნდა წახვიდე აქედან.
კლარა – რატომ?
შაკო – შენთვის აღარ არის ადგილი.
კლარა – ლოგინშიც აღარ არის ჩემი ადგილი?
შაკო – რა ვქნა, კლარა, შტატებს ისინი მიმტკიცებენ, თავისი ხალხი
მოყავთ.
კლარა – მერე მე შენი «ხალხი» არა ვარ?
შაკო – მე არ მეკითხებიან, შენ არ ინერვიულო, რო დაწყნარდება
ყველაფერი, ისევ დაგაბრუნებ. (კლარა ცდილობს მოეხვოის) კლარა,
არ გინდა, არ არის ახლა ამის დრო, ვინმე დაგვინახავს.
კლარა – შაკო არ გამწირო, გემუდარები… (მუხლებზე ეცემა)
შაკო – არ გინდა, ადექი, შემოვა ვინმე, რა ვქნა ამის დედა ვატირე, შენ
გგონია მე არ მინდა დაგტოვო? მუნჯ საყვარელზე უკეთესი რა უნდა ინატროს კაცმა, მაგრამ რა ვქნა? (კლარა თითქოს დაწყნარდა) ასე ჩემო კარგო, მოიწმინდე ცრემლები. აბა შენ იცი. გჯეროდეს ჩემი, მალე დაგაბრუნებ. (შაკო მიდის)
კლარა (ხმამაღლა) – შაკო! (შაკო შეჩერდა, აქეთ-იქით იხედება, კლარას
გარდა არავინაა, გაეცინა, იფიქრა მომეჩვენაო და მიდის) შაკო!… მოდი აქ!
შაკო – (გაოგნებული) შეენ?…
კლარა – ჰო, მეე! მეე!…
შაკო – როგორ, რანაირად?
კლარა – არ გამიშვა შაკო!
შაკო – ენა ამოიდგი?… (უცებ რაღაცას მიხვდა) შენ მუნჯი არა ხარ?
კლარა – მუნჯიც შენა ხარ, ყრუც და იდიოტიც! (კატეგორიულად) შაკო,
იცოდე, აქედან არსად არ წავალ.
შაკო – ამდენი ხანი მატყუებდი? შენი გულისთვის მუნჯური ვისწავლე.
კლარა – ეგ ნამდვილი მუნჯური არ არის, ეგეთი მუნჯური მარტო მე და
შენ ვიცით.
(პაუზა)
შაკო – კლარა, შენ მე მომატყუე, შენ წახვალ აქედან!
კლარა – არ წავალ!
შაკო – წახვალ!
კლარა – არ წავალ! შაკო იცოდე, თავს მოგჭრი, მარტო ის სისულელეები
რომ მოვყვე, რასაც ლოგინში მეუბნებოდი… (იცინის, უცებ ძალიან
სერიოზულად) გარდა ამისა ძალიან ბევრი რამ ვიცი შაკო…
შაკო – რა იცი?!… რა?!… რა უნდა იცოდე? აუ!… შენ ყველაფერი გესმოდა?
კლარა – მესმოდა.
შაკო – შანტაჟისტკა!
კლარა – დურაკ!
(პაუზა)
შაკო – რა ვქნა…
კლარა – დამტოვე და არაფერი არ შეიცვლება.
შაკო – როგორ, რანაირად?… ყველამ იცის, რომ მუნჯი ხარ, ახლა?
კლარა – მერე რა, ვიქნები მუნჯი. მუნჯობა მირჩევნია, რა მაქვს
სათქმელი, რა უნდა ვთქვა? გინდა თქვი, გინდა არა, არაფერი არ
შეიცვლება (პაუზა, მუნჯურად) შევთანხმდით შაკო?
შაკო – (მუნჯურად) შევთანხმდით, იცოდე შენი ხმა არ გავიგონო!
კლარა – (მუნჯურად) ამაღამ მოხვალ ჩემთან?
(პაუზა)
შაკო – მოვალ.
ვანიკო – (შემოდის, თვალები დასისხლიანებული აქვს, ხელში ჯოხი
უჭირავს და კაკუნით ბრმასავით მოდის, ყვირის)
გარს დამიბნელდა და შიშით ვთრთი! სადა ხარ ედმუნდ?
აღანთე შვილო, წყრომის ცეცხლი,
მეშურნეობით ამ ულმობლობის მაგიერი გარდუხადე მათ.
შაკო – ვანიკო, რა მოგივიდა? (კლარას)Aრა დაემართა? გვიშველეთ!
(შემორბიან მოხუცები) ვანიკო, ვანიკო!
ვანიკო – (იცინის) როგორი იყო? მართლა დაიჯერეთ? კაკოს კიდე არ
მოსწონს…
შაკო – თამაშობდი? კინაღამ გული გამისკდა. (თვალებზე თითი მოუსვა)
საღებავია?
ვანიკო – კარგი იყო?
შაკო – კარგი იყო, კარგი. აბა თქვენ იცით, მოდის ის კაცი… აბა თქვენ
იცით, არ გვინდა ისტერიკები, ვასიამოვნოთ იმ კაცს… სხვათაშორის
ნორმალური კაცია, თუ დაუკვირდები… აგე, მოვიდნენ
(«ის», მეუღლის, დაცვის, ჟურნალისტებისა და ტელეოპერატორების
თანხლებით შემოდის. მეუღლე ხმას არ იღებს. მხოლოდ
მომხიბლავად იღიმება. «ის» შლის ქაღალდებს და კითხულობს)
ის – ჩემო კუდრაჭებო, უკაცრავად, ეს არა… (ცვლის ქაღალდს) აი ეს. ჩემო
ძვირფასო თანამემამულენო! ჩემო დედებო და ჩემო მამებო! მოგესალმებით, ჩემო ღვაწლმოსილო ადამიანებო. ჩემი მეუღლე და მე ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე ადამიანების გაჭირვებაზე, ჰოდა აი ახლაც, მეუბნება ჩემი მეურლე, წადი რა, მოინახულე მოხუცთა თავშესაფარი, მიუტანე მოხუცებს საჩუქრები, ასიამოვნე მათ, ჩვენც ხომ მოვხუცდებით, ჰოდა აი აქ ვართ. ნება მიბოძეთ მოგართვათ მცირედი საჩუქრები, გთხოვთ!… (ალაგებენ პლუშის და რეზინის გაბერილ სათამაშოებს, თოჯინებს, დათუნიებს, კურდღლებს და ა.შ.) რა არის ეს? ნარდი, დომინო, ჭადრაკი რა უყავით? ბავშვთა სახლში დავტოვეთ? არა უშავს, ეს სათამაშოები თქვენს შვილიშვილებს გადაეცით. ეს რა არის, ტკბილეული? კარგია, მოხუცებს უყვართ ტკბილეული, პირი ჩაიტკბარუნეთ, ყელი ჩაიკოკლოზინეთ.
კორესპონდენტი – (ოპერატორს) იღებ? (ოპერატორი თავს უქნევს) ჩვენ
ვიმყოფებით… მე ვარ კადრში? (ოპერატორი თავს უქნევს) ვერ მითხარი? თავიდან დავიწყოთ… გამარჯობათ მეგობრებო, ჩვენ ახლა ვიმყოფებით მოხუცთა დედაქალაქის თავშესაფარში… თუ პირიქით დედაქალაქის მოხუცთა თავშესაფარში? როგორ იქნება უფრო სწორი? (ოპერატორი მხრებს იჩეჩავს) არა უშავს, ამას მერე გადავამონტაჟებ. გამარჯობათ მეგობრებო, ჩვენ ახლა… დღეს აქ მობრძანდა (ოპერატორს) რა გვარია ეს მასტი? (ოპერატორი მხრებს იჩეჩავს) არა უშავს, ტექსტს მერე დავადებ… საჩუქრებიანი მოხუცი გადაიღე.
ის – მეგობრებო, ხე ნაყოფით იცნობაო, ნათქვამია, ესეც ნათქვამია «ხემან
რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოიჭრას და დაიდვას ცეცხლსა ზედა», მე თქვენგან არაფერი არ მინდა… მე მხოლოდ ერთი რამ მინდა გთხოვოთ, მინდა მომცეთ საშუალება, გემსახუროთ. მოახლოებული არჩევნების გამო არ მოვსულვარ თქვენთან, სკამი არასოდეს არ შედიოდა ჩემი ინტერსების არეალში, მხოლოდ ერთი რამ მინდა თქვენგან – გამაკეთებინეთ ის, რისი გაკეთებაც მე თქვენთვის და ჩვენი მრავალტანჯული მამულისთვის მინდა.
კორესპ. – ვაი… ბოდიში… თუ შეიძლება ეს ფრაზა კიდევ გაიმეორეთ.
ის – რომელი ფრაზა?
კორესპ. – აი ის, გამაკეთებინეთ რაც შემიძლიაო, თქვენ უფრო კარგად
გამოგივიდათ.
ის – სიამოვნებით (ფართოდ იღიმება). გამაკეთებინეთ ის რაც ჩემი
ტანჯული… არა თუ შეიძლება თავიდან დავიწყებ… გამაკეთებინეთ
რამე ჩემი ტანჯული მამულისათვის…
ქეთი – (იმას) აბა თქვი აა?
ის – ბატონო?
ქეთი – აბა თქვი აა?
შაკო – არ თქვათ, არ თქვათ!
ის – რატომ, რატომ? ვიტყვი – აა.
ქეთი – ტლაკში ქვაა (იცინის)
ის – რა ბრძანეთ?
ვანიკო – შენა გენც… ერთი ეს გვიბრძანე, ამ სახლს შენ ყიდულობ?
ის – არა, მე არა… მარტო მე არა…
შაკო – შეკითხვები ბოლოს, შეკითხვები მერე…
კაკო – შენ გვყრი აქედან?
შაკო – შეკითხვები ბოლოს.
ის – (ოპერატორს) არ გინდა ამის გადაღება…
კაკო – არ გინდა არა?!… გადაიღე, გადაიღე!
ის – არ გინდა მეთქი!…
კაკო – გვიპასუხე, შენ გვაგდებ აქედან?
ის – მე აქ მეგობრებმა ჩამაყენეს საქმის კურსში, ვერ ვხვდები რატომ არ
გინდათ იქ გადასვლა, იქ ისეთი სუფთა ჰაერია, იქ ყველაფრით
დაგეხმარებით.
კაკო – თუ არ გადავედით?
ის – თუ არ გადახვედით… არ შეიძლება.
ვანიკო – არ გადავალთ.
ყველანი – არ გა-და-ვალთ, არ გა-და-ვალთ!.
ის – დაწყნარდით, დამშვიდდით… ნუ იღებ რა?!… (ხელს აფარებს კამერას)
მომისმინეთ მეგობრებო, ათიოდე მოხუცისათვის ამხელა შენობის
ასეთ ადგილზე არავინ მოაცდენს.
ყველანი – არა! არა!
შაკო – (ყვირის) ჩუმად! ჩუუ-მად!…თქვენი… ხმა ჩამიწყდა, ჩუუ… ვინა ხართ?
რა ხალხი ხართ? კარგს და ცუდს ვერ არჩევთ.
სანდრო – რატომ ვერ ვარჩევთ? – შენ კარგი ხარ და ცუდი გვგონიხარ?
შაკო – ეხ ეგრეა რა – «შცია ძი დენ ბაი ფეილა» ბრმას სანთელიც, რომ
დაუნთო, მაინც ვერ დაინახავს. მადლობის მაგიერია, გადაყოლილი ვიყავი თქვენზე.
სანდრო – მადლობა რითი გადაგიხადოთ, გავიდეთ ქუჩაში?
შაკო – ქუჩაში რატო? რატო ქუჩაში? ერთაწმინდაში, ბუნების წიაღში…
დოდო – აქეთ მდინარე, იქით სასაფლაო… სანდრო თქვი რამე, სანდრო!…
სანდრო – რა ვთქვა? რა?
დოდო – რამე, ხმა ამოიღე, თქვი რამე!…
სანდრო – თუ არ წავალთ?
შაკო – წახვალთ!
სანდრო – არ წავალთ!
შაკო – არ წახვალთ და წაგიყვანთ.
ვანიკო – სანდრო! მოვიტანო კანისტრა?
სანდრო – (დოდოს გადახედა) მოიტანე.
ის – რაა? რა კანისტრა?
კაკო – ნახავთ, ცოტა მოითმინეთ.
ის – რას აპირებთ?…
კორესპ.- მოემზადე
ვანიკო – (შემოაქვს კანისტრა, აწოდებს სანდროს) აჰა სანდრო, მიდი!
ის – (შაკოს) რას შვრება?
შაკო – სანდრო, არა ხარ შენ მაგის გამკეთებელი, დადე კანისტრა.
სანდრო – არავინ გაბედოს ახლოს მოსვლა.
კორესპ. – იღებ? (ოპერატორი თავს უქნევს)
ის – რას სჩადით მეგობრებო! ტელევიზია გიღებთ, (ოპერატორს) ნუ იღებ,
შე დებილო!… სირცხვილია, დადეთ ავზი! (შაკოს) უთხარი რამე.
შაკო – გმირობა გინდა ჩაიდინო არა? ცოლყოფილს აწონებ თავს? მიდი,
რატომ ჭიმავ დროს! მიდი, დაისხი.
ბავშვის ხმა – არ შეიძლება სანდრო, არ შეიძლება! არ გესმის? რატომ
არ გესმით, რატომ?!…
(სანდრო ბენზინს ისხამს)
შაკო – ეგრე!… კარგია!…
დოდო – (ყვირის) სანდრო!!! არ გინდა სანდრო!…
სანდრო – ახლა დამაცადე.
ის – გააჩერეთ!… გთხოვთ!
სანდრო – არ მომეკაროთ!
შაკო – არ შეუშალოთ ხელი (სანდროს) დაიცალა კანისტრა?
კორესპ – (ოპერატორს) იღებ? (ოპერატორი თავს უქნევს) იცოდე ეს
მასალაც რომ გაგიფუჭდეს, ვერ გადამირჩები. (მოხუცებს) ძალიან
გთხოვთ კამერას ნუ ეფარებით.
შაკო – სულ დაცალე? კარგი, ახლა რა უნდა ქნა?! ასანთი უნდა ამოიღო,
რა ვერ პოულობ? იპოვნე? კარგი, აბა მოემზადე, რაო სანდრო,
ხელები გიკანკალებს? შეგეშინდა?
სანდრო – ხელები მაგიტომ არ მიკანკალებს…
შაკო – მიდი აანთე!
არკადი – Давай Сандро! – «И на обломках самовластия напишут наши имена!…»
(სანდრო უშედეგოდ ცდილობს აანთოს ასანთი)
შაკო – რა მოხდა სანდრო, ასანთი არ ინთება?
კაკო – აგე! ხომ ვამბობდი, დასველდება ასანთი მეთქი – ა? ვანიკო, ხომ
ვამბობდი?
ვანიკო – ხო, ამბობდი,
კაკო – ხომ ვყოფილვარ მართალი?
შაკო – მოგცე ასანთი? მოგცე?
სანდრო – მომეცი.
შაკო – მერე მიქელ-გაბრიელს ხომ არ ეტყვი შაკომ მომცა ასანთიო?! აჰა,
დაიჭი (ასანთი გადაუგდო) აანთე. (სანდრომ ასანთი აანთო) ეგრე! კარგია, მიიტანე ახლოს!
კორესპ – (ოპერატორს) იღებ? (ოპერატორი თავს უქნევს) გაიწით გვერდზე,
კამერას ეფარებით.
შაკო – მიდი სანდრო, მიდი, მშვიდობით.
(სანდრომ ანთებული ასანთი მიიტანა ტანსაცმელთან, ასანთი ჩაქრა) რა, არ მოეკიდა? კიდევ სცადე. რა, ახლაც არ მოეკიდა?
სანდრო – ვანიკო, რა არის ეს?
ვანიკო – რა ვი, ბენზინი იყო, ნორმალი.
შაკო – თქვე აფერისტებო!… თქვე შანტაჟისტებოი! (იცინის) თქვე
გამოქლიავებულებო (უცებ შეწყვიტა სიცილი) შენ რა, მართლა
აპირებდი თავის დაწვას? კიდევ კარგი იმ დღეს ბენზინი დამჭირდა
და…
ის – (თავზარდაცემულია) ვერაფერი გავიგე, რა მოხდა, გამეხუმრეთ?
კარგია, როცა ყველაფერი კარგად მთავრდება. კარგად
ბრძანდებოდეთ. კარგად ბრძანდებოდეთ.
შაკო – მეგობრებო, მადლობა ვუთხრათ ადამიანს, რომელმაც მიუხედავად
მოუცლელობისა გამონახა დრო და გვეწვია. მადლობთ, მადლობთ.
(ყველანი გადიან, რჩებიან დოდო და სანდრო)
დოდო – ეს რა ქენი, წყალი გადაისხი? იცოდი, რომ წყალი იყო?
სანდრო – არა… საიდან უნდა მცოდნოდა? (აცემინებს)
დოდო – გაცივდი? მოიხურე. (ახურევს შალს) ასე, გცივა?
სანდრო – არა, არ მცივა, აღარ მცივა
(პაუზა)
დოდო – მართლა არ იცოდი, რომ წყალი იყო?
სანდრო – არა.
(მობილური ტელეფონის ზარი)
დოდო – გისმენ
ნიკას ხმა – დე, როგორა ხარ დეე!
დოდო – კარგად ნიკა, შენ როგორა ხარ?
ნიკას ხმა – არა მიშავს, ნორმალურად ( სანდრო და დოდო ყურმილზე
თავმიდებულები უსმენენ ნიკას) დე, რაღაც ხმა არ მომწონს შენი, ხო
ჯანმრთელად ხარ?
დოდო – კი დედა, კი. კარგად ვარ… ცოტა დავიღალე, მეტი არაფერი.
ნიკას ხმა – მამა როგორ არი?
დოდო – დაგალაპარაკო? (აწვდის ტელეფონს სანდროს)
ნიკას ხმა – შერიგდით?
სანდრო – ჰო ნიკა, შევრიგდით.
ნიკას ხმა – აუ, დაგლიჯეთ!… როგორ მიყვარხართ ორივე… ახლა ისე აღარ
ვინერვიულებ, მიხედავთ ერთმანეთს.
სანდრო – მოგწონს ამერიკა?
ნიკა – ამერიკა? რა ვიცი აბა? ისე რა… საათივით აქვთ აწყობილი
ყველაფერი. ნეტა განახათ, რას გულაობს ხალხი.
სანდრო – შენ? შენ გულაობ?
ნიკა – მეე? მე არა… არ მცალია, ფულია საჭირო, ისე ვინ გაგულავებს,
უფულოდ აქ ნოლი ხარ, ფული აქ ყველაფერია.
სანდრო – აქაც.
ნიკა – არა, მანდ ჯერ არა, მანდ კიდევ არის სხვა რამეც. აქ სხვა
ხალხია… უცხო ვარ…
სანდრო – ისევ იქ მუშაობ?
ნიკა – ჰო, დღეს ცოტა უფრო მაღლა, 72-ე სართულზე, დოდოს არ უთხრა,
შენც არ ინერვიულო… ფრთხილად ვარ. მაგრა მომენატრეთ თქვენ, თბილისიც. ამას წინათ ერთი თბილისელი ნაძირალა შემხვდა, აქ რომ დავინახე გავგიჟდი, ისე გამიხარდა. 5 წუთი ჩახუტებულები ვტიროდით, თბილისი მაინც სხვაა.
სანდრო – მერე რა გინდა მანდ? ჩამოდი.
ნიკა – ჩამოვალ, მალე ჩამოვალ, თორემ თუ არ ჩამოვედი, ვატყობ სხვა
კაცი ვხვდები… აბა მაგრად იყავით, ცოტაც მოითმინეთ, ჩამოვალ, მალე ჩამოვალ…
(პაუზა)
სანდრო – კარგია ამ ჭკუაზე როა, მართლა ჩამოვა.
დოდო – კარგია, რომ ახლა დარეკა.
სანდრო – ცოტა მოვითმინოთ და… დოდო… იცი რა… ისა… არ გეწყინოს!…
დოდო – რატომ არ გამაგებინე ინფარქტის ამბავი? ვინ გივლიდა, ამბობენ
ინფარქტმა შიში იცისო, გეშინოდა? რა მითხარი წეღან? არ გეწყინოსო?! რა არ უნდა მეწყინოს? სანდრო!… (სანდრო ხმას არ იღებს, მოკვდა… ) სანდრო!… საან-დრო!… მიშველეთ!…

(პაუზა)

(სცენაზე მარტო ანიკოა, ხელში გაბერილი იხვი უჭირავს, მიდის ტელეფონთან, კრეფს
ნომერს)

ქალის ხმა – ალო?!
კაცის ხმა – მომეცი… ალო, გისმენ! დედა, შენა ხარ! ვიცი, რომ შენა
ხარ… დე, ბოდიშს გიხდი, ჩემი ბრალია ყველაფერი, ვირი ვარ, ვირი!… დედი!… მითხარი სადა ხარ და მოვდივარ, ახლავე მოვდივარ დედი… სადა ხარ დედი?…
(ანიკო ყურმილს დებს, შემოდიან მოხუცები ჩემოდნებით და ამასწინათ ნაჩუქარი თოჯინებით, უკრავს ორკესტრი, რომელიც ამ შემთხევისათვის მოიწვია შაკომ, რათა გამოთხოვება…ნაკლებად პესიმისტური ყოფილიყო)
შაკო – (ყელი ბინტით აქვს შეხვეული, ხმაჩახლეჩილია) მეგობრებო…
(ჩაახველა) დადგა დრო… (რა უცნაურიც არ უნდა იყოს, შაკო
ღელავს) დადგა დრო, როდესაც უნდა დავემშვიდობოთ ერთმანეთს, ძალიან მიჭირს ლაპარაკი (მგონი გულწრფელია, იქნებ სინდისი ქენჯნის) ჩვენი ურთიერთობა საკმაოდ რთული იყო, ხშირად ვკამათობდით, მაგრამ სიძულვილამდე არ მისულა საქმე… ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნო იქნება თქვენი გახსენება, დამიჯერეთ, გემშვიდობებით და გული მეწურება (მჯერა) ჩვენ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს უახლოეს მომავალში, პრემიერაზე, ერთაწმინდაში (არ მჯერა) ან არა და იქ, საიქიოში, თუ სხვადასხვა განყოფილებებში არ მოვხვდით (პაუზა) გამოსათხოვარი ვალსი!… გთხოვთ!… (ცეკვავენ) აბა ნახვამდის, ავტობუსი გელოდებათ (მოხუცები გადიან, ისმის ძრავის ამუშავების ხმა, ავტობუსი დაიძრა) ყველაფერი კარგად დამთავრდა.

ეპილოგი

(ბნელა, ის რაც ახლა ხდება სცენაზე, რეალურსა და ირეალურს შორისაა, მოხუცები ლანდებივით მოჩანან, თათრებში არიან გამოწყობილნი, ხელში გამჭვირვალე ჩემოდნები უჭირავთ, ჩუმად, ჩურჩულით ლაპარაკობენ)

გოგი – დავიწყო?
დოდო – დაიწყე.
გოგი – თვალთ მიბნელდება, მე მგონია, რომ შენ კენტი ხარ.
კაკო – კენტი გახლავართ, თქვენი ყმა და მოსამსახურე,
განა არ გახსოვთ ხელმწიფეო თქვენი კაიუს.
გოგი – კარგი ყმა იყო, მტრის დახვედრა კარგად იცოდა… იგი მოკვდა და
შავ მიწაში იხრწნება ახლა.
კაკო – ჯერ არ მომკვდარა ხელმწიფეო… იგი თვით მე ვარ…

(მოხუცთა ლანდები თანდათან ქრება)

(დოდო თავის საძინებელშია, ხელში თოკი უჭირავს, ეძებს რაიმე კაუჭს, რათა თოკი ჩააბას, ისმის ზარის ხმა. დოდო იღებს ყურმილს)
დოდო – გისმენთ, ალო?!… (ზარის ხმა გრძელდება, ეტყობა კარზე რეკავენ)
ვინ არის?!… შემოდით, ღიაა!…

ფარდა

თბილისი, 2002 წ.

About Mimos Finn

Mimos Finn is invisible
This entry was posted in დრამატურგია and tagged , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s