ფრიდრიხ დიურენმატი: მოჭადრაკე


61419010

Illustriert von Hannes Binder. Großhansdorf 2013

 

ფრიდრიხ დიურენმატი

მოჭადრაკე

ეს უფრო მონახაზია, რომელიც შეიძლებოდა საფუძვლად დასდებოდა მოთხრობასაც და უფრო კი, პიესას. იმიტომ, რომ ეს ჩანაწერი ტიპიური მაგალითია იმისა, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს დიურენმატს დრამატურგიასთან.
„ამბავი მხოლოდ მაშინ არის ბოლომდე მოფიქრებული, როცა უფრო უარესისკენ მიდის“.
„მოჭადრაკე“ მწერლის ქაღალდებში იპოვეს, მისი სიკვდილის შემდეგ და ეს ესკიზი შესული არ არის არც ერთ კრებულში.
ნაწარმოები დაიბეჭდა:
Friedrich Dürrenmatt – Der Schachspieler; Frankfurter Allgemeine Zeitung, 05.09.1998, Nr. 206, S. II

ახალგაზრდა პროკურორი მიდის თავისი წინამორბედის გასვენებაში. ამ დროს გაიცნობს მოსამართლეს, რომელიც ძველ პროკურორთან მეგობრობდა.

და აი, ვიდრე ისინი მიდიან დამკრძალავ პროცესიაში, მოსამართლე უყვება, რომ განსვენებულთან ჭადრაკს თამაშობდა ხოლმე, – თვეში ერთხელ.

პროკურორი პასუხობს (კრემატორიუმს უახლოვდებიან), რომ თავადაც ჭადრაკის მოყვარულია.

ორივე მონაწილეობს დაკრძალვის ცერემონიალში და კუბოს ახალგათხრილ სამარემდე მიაცილებენ.

ძველი მოსამართლე ეკითხება ახალ პროკურორს, წინააღმდეგი ხომ არ იქნება, რომ მასთან ეთამაშა ჭადრაკის პარტია. პროკურორი დათანხმდება და მოილაპარაკებენ მომდევნო შაბათზე.

პროკურორის ახალგაზრდა ცოლიც მოწვეულია; თუმცა მოსამართლე ქვრივია, მაგრამ ქალიშვილი ჰყავს და ის უძღვება ოჯახს.

და აი, მომდევნო შაბათს, შვიდი საათის მახლობლად, ახალი პროკურორი, ცოლთან ერთად, სტუმრად მიდის ძველ მოსამართლესთან, რომელიც დიდი, ნაძვებიანი პარკით გარშემორტყმულ, წყნარ ვილაში ცხოვრობს; ეს ყველაფერი იმ უბანშია, სადაც მდიდრები ცხოვრობენ: ეგრეთ წოდებულ „ინგლისურ კვარტალში“. ხეებში ჩიტები ფათიფუთობენ. შორს ჩანს მზის უკანასკნელი სხივები. საჭმელი დიდებულია. ღვინო – რჩეული ხარისხისა.
ვახშმის შემდეგ მოსამართლის ქალიშვილს პროკურორის ცოლი სალონში მიჰყავს, მამაკაცები კი კაბინეტში განმარტოვდებიან.

ჭადრაკის დაფა უკვე გაშლილია.

ძველი მოსამართლე მოიტანს კონიაკს და მოთამაშეები ერთმანეთის პირისპირ სხდებიან.

მაგრამ ვიდრე დაიწყებდნენ, მოსამართლე ამბობს, რომ რაღცაში უნდა გამოუტყდეს პროკურორს.

უკვე ოცი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც განსვენებულ პროკურორს გაეცნო; შემთხვევითობამ ისინი შეახვედრა იმ მოსამართლის დაკრძალვაზე, რომლის ადგილიც ახლა უკავია. დაკრძალვისას ისინი ჭადრაკზე ლაპარაკობდნენ, რაკი განსვენებული პროკურორიც თვეში ერთხელ თამაშობდა ჭადრაკს ოცი წლის წინ გარდაცვლილ მოსამართლესთან.
თამაში განსაკუთრებული იყო: ფიგურები კონკრეტულ ადამიანებს აღნიშნავდნენ, რომელნიც განსაზღვრული იყო თავად მოთამაშეების მიერ.

დედოფალი აუცილებლად უნდა ყოფილიყო მოთამაშის ახლობელი ადამიანი; მაშინდელი პროკურორისათვის ეს გახლდათ – და, ოჯახს რომ უვლიდა ცოლის სიკვდილის შემდეგ.

მოსამართლისათვის ეს იყო ცოლი.

ორივე მოთამაში ოფიცრებად ნიშნავდნენ ნაცნობ მღვდლებს ან მასწავლებლებს; ცხენებად – ადვოკატებს და სამხედროებს, ეტლებად ხდებოდნენ მრეწველები და პოლიტიკოსები. პაიკები უბრალო თანამოქალაქეებისგან ირჩეოდნენ, ანდა, შეიძლებოდა, ყოფილიყვნენ, სიტყვაზე, – მსახური ან მერძევე.

თამაშის წესი იმაში მდგომარეობდა, რომ ფიგურას თუ დაკარგავდა, მოთამაშე მოვალე იყო, მოეკლა ისიც, ვინც ამ ფიგურას აღნიშნავდა.

თამაში გრძელდებოდა მხოლოდ მკვლელობის ჩადენის შემდეგ.

ვინც დაშამათდებოდა, თავი უნდა მოეკლა.

ამას კი იქამდე მიჰყავდა ყველაფერი, რომ ერთი თამაში ათწლეულებით გრძელდებოდა.

აი, მაგალითად, განსვენებული პროკურორი ძველი მოსამართლის წიმორბედთან თხუთმეტი წელიწადი თამაშობდა, სანამ არ დაშამათდა.

თანაც, მანამდე ამასაც და მოწინააღმდეგესაც ცოლების მოკვლა მოუწიათ.

ვინ მოიგონა ეს თამაში, – შეუძლებელია გაგება.

მოსამართლის წინამორბედი ასე ეთამაშებოდა ახლახანს გარდაცვლილი პროკურორის წინამორბედს, ხოლო ესტაფეტა გადაცემული ჰქონდა ძველი მოსამართლის წინამორბედის წინამორბედისაგან…

ეტყობა, ამ ქალაქში მოსამართლე ყოველთვის ეგრე ეთამაშებოდა პროკურორს.

ყოველშემთხვევაში, ასე აუხსნა განსვენებულმა პროკურორმა თავად მას, მოსამართლეს.

ამ ახსნას მაშინვე მოჰყვა იმ მკვლელობის აღიარება, რომლებიც აწ განსვენებულებმა – პროკურორმა და მოსამართლემ ჩაიდინეს.

მისი პირველი რეაქცია, – განაგრძობს ძველი მოსამართლე, – იყო სურვილი, დაუყოვნებლივ დაეპატიმრებინა პროკურორი, მაგრამ თავი ვეღარ შეიკავა ცდუნებისაგან, დაეწყო ახალი თამაში:

პროკურორმა დედოფლად თავისი უფროსი ქალიშვილი დანიშნა, ოჯახს რომ უვლიდა, რაკი ცოლი სხვა სამყაროში წავიდა ჭადრაკის მიზეზით; ის კი, მოსამართლე, თავის ცოლს ჩამოვიდა.

იმ მომენტიდან ცხოვრებამ სულ სხვა აზრი შეიძინა:

ჭადრაკის მეოხებით მოთამაშეებს ხელში თითქმის ღვთიური ძალაუფლება გააჩნდათ კონკრეტულ ადამიანებზე.
ისინი ისე ისხდნენ ერთმანეთის პირისპირ, როგორც არიმანი და ომრუზდი.

ოცი წელი თამაშობდნენ ამნაირად, ბრძოლა მიდიოდა ყოველ ფიგურაზე.

ეს საშინელი იყო და იმავდროულად წარმოუდგენელი იმ შეგრძნებების მიხედვით, ისეთ გარდაუვალ მომენტებში, როცა ფიგურა უნდა შეეწირათ.

და ის ვერასოდეს დაივიწყებს იმ დღეს, როცა შამათისაგან გადასარჩენად თავისი ცოლის დათმობა მოუწია.
ეს იქამდე გრძელდებოდა, ვიდრე გასულ კვირას წინა პროკურორი იძულებული არ გახდა, თავი მოეკლა, რადგან დაშმათდა.

შეიძლება გასაოცარი მოგვეჩვენოს, მაგრამ ოცი წლის განმავლობაში ჩადენილი მკვლელობები ერთხელაც არ გახსნილა.

მაგრამ, გარდა იმისა, რომ მკვლელობები იგეგმებოდა განსაკუთრებული სიფრთხილით (მოსამართლეს მოჰყავს რამდენიმე მაგალითი), მიზეზი სხვა რამეში იყო:

ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ისეთი უცნაური მოტივი, როგორიცაა ჭადრაკის პარტია, შეიძლება დანაშაულის მოტივად იქცეს.

ახალგაზრდა პროკურორი შიშით უსმენს მოხუცი მოსამართლის აღიარებას.

ის დაამთავრებს და სავარძლის ზურგს მიეყრდნობა.

მეზობელი ოთახიდან ისმის ორივე ქალის მხიარული ხმები.

– მორჩა. შეგიძლიათ, დამაპატიმროთ, – ამბობს მოსამართლე.

ახალგარდა პროკურორი ერთხანს თავის ფიქრებში ჩაიძირება. მერე ჩაფიქრებული გამომეტყველებით ხელს გაიწვდის ფიგურებისკენ, დაფასთან რომ დგანან. დედოფალს თავის უჯრას მიუჩენს და იტყვის:

– ჩემს ცოლს ჩამოვდივარ.

მოხუცი მოსამართლეც დედოფალს დადგმს დაფაზე:

– ჩემს ქალიშვილს ჩამოვდივარ.

მთარგმნელი მიხო მოსულიშვილი

Friedrich Dürrenmatt und Micho Mossulischwili. Photoshop 2014

Friedrich Dürrenmatt und Micho Mossulischwili. Photoshop 2014

Frankfurter Allgemeine Zeitung, 05.09.1998, Nr. 206, S. II

Bilder und Zeiten

Friedrich Dürrenmatt Der Schachspieler

Ein junger Staatsanwalt geht zur Beerdigung seines Vorgängers, eines alten Staatsanwalts, und lernt bei dieser Gelegenheit einen Richter näher kennen, welcher der Freund des verstorbenen Staatsanwalts gewesen ist. Während die beiden im Leichenzug dahinschreiten, erzählt der Richter, er habe jeden Monat einmal mit dem Verstorbenen Schach gespielt. Der Staatsanwalt meint (sie nähern sich schon dem Krematorium), auch er sei ein Liebhaber des Schachspiels. Die beiden nehmen an der Trauerfeier teil, dann schreiten sie nicht weit hinter dem Sarg dem ausgehobenen …

Фридрих Дюрренматт. Шахматист

About Mimos Finn

Mimos Finn is invisible
This entry was posted in დრამატურგია and tagged . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s